Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სატყეო სააგენტო ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

59f6fe35f38ae
BM.GE
30.10.17 14:23
966
ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს თიბისი ჯგუფის პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა.

"გუშინ ბორჯომის კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის პლატოზე 2500 ძირი ხის ნერგი დავრგეთ. იმავე დროს ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა. ჩემს კითხვაზე, ადგილობრივი სატყეოს მუშაკებმა მიპასუხეს, რომ ეს სოციალური საჭიროებისთვის ხდებაო,
ვიღაცამ თქვა, სანიტარული ხის ჭრააო... „, - წერს ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ტყეების ფაქტიურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მდგრად ტყითსარგებლობას.
„სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხორციელდება ტყეკაფების გამოყოფა უპირველესად სოციალური ჭრისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სათბობ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრებიც. ტყის მავნე მწერმა მბეჭდავმა ქერქიჭამიამ დიდი ზიანი მიაყენა სამცხე-ჯავახეთში წიწვოვან ტყის მასივებს. 2012 წლიდან ხორციელდება მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით, თუმცა, საუკეთესო შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანიტარული ჭრების განხორციელებაც, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს პირობებისთვის, არამედ, ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით მეტყევეობაში მიღებული პრაქტიკაა.

ზოგადად, ხე-ტყის დამზადება წარმოადგენს სატყეო სამეურნეო ღონისძიებას, რომლის განხორციელება არა მხოლოდ მერქნული რესურსებით სარგებლობის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ, წესების დაცვით დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს ტყეების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

რაც შეეხება რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მხოლოდ მიმდინარე წელს (ოქტომბრის მდგომარეობით), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების სამართალდარღვევის 337 ფაქტი. მათ შორის, 21 ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე წლის აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2126, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი - 124 ფაქტი. ამავე პერიოდში, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 187 საახერხი დანადგარი. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ 10 689,9 მ3 შეადგინა.

მხოლოდ აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამ პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 208 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, 198 - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 10 - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მხოლოდ აგვისტოს თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 20 საახერხი დანადგარი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და გამოვლენაზე და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართულობაც, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს, ნებისმიერი ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით გვაცნობონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153.“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.