Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტურისტები საქართველოში

5a0c1beb24b26
PMCG
15.11.17 14:48
1178
2017 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით:

ტურისტების რაოდენობის ზრდამ 29% შეადგინა; ხოლო 2017 წლის მესამე კვარტალში ტურისტთა წილმა საერთაშორისო მოგზაურთა საერთო რაოდენობაში თავის პიკს, 52.1% მიაღწია;

საჰაერო ტრანსპორტით მოგზაურთა წილი 26%-ით გაიზარდა, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტით 5%-ით შემცირდა;
ბათუმის, ქუთაისის და თბილისის აეროპორტებიდან ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობა 47%-ით გაიზარდა;
უცხოური ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადახდების მოცულობა 39%-ით გაიზარდა.

2017 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 5,822,835 ადამიანი შეადგინა, მათ შორის, 2,783,594 ტურისტია, რაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის 48%-ს შეადგენს, 1,299,925 - ტრანზიტული ვიზიტორი (22%), ხოლო 1,739,316 - ერთდღიანი ვიზიტორი (30%). 2016 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით, 2017 წლის იანვარი-საქტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გაზრდილია 19%-ით. ამავე პერიოდში, ტურისტების რაოდენობის ზრდამ 29% შეადგინა.

2017 წელს ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოს აგვისტოს თვეში ეწვია (573,368 ტურისტი), რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელს აღემატება 27%-ით. ხოლო თებერვალში დაფიქსირდა ტურისტების ყველაზე მცირე რაოდენობა (139,918 ტურისტი), რაც 16%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით ტურისტი საქართველოს ესტუმრა შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთი (726,636; ტურისტების 26%), აზერბაიჯანი (355,486; 13%), სომხეთი (306,223; 11%), თურქეთი (277,340; 10%), ირანი (257,820; 9%). ამავე პერიოდში, ევროპის ქვეყნებიდან, გარდა ზემოთ ხსენებულისა, ყველაზე დიდი რაოდენობით ტურისტი შემოვიდა უკრაინიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან, თუმცა მათი წილი ტურისტების მთლიან რაოდენობაში საკმაოდ დაბალია, 5%, 2%, 1%, შესაბამისად.

უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების ძირითადი ნაწილი (დაახლოებით 90%) საქართველოში 20 ქვეყნიდან შემოდის, თუმცა 2015 წლიდან მოყოლებული შეინიშნება აღნიშნული 20 ქვეყნის წილის კლება ტურისტების მთლიან რაოდენობაში.

2017 წლის პირველ ცხრა თვეში დაფიქსირებული ტურისტების ზრდის ტემპი ძირითადად განპირობებულია რუსეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საუდის არაბეთიდან ტურისტების მზარდი რაოდენობით. 2017 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოს ტრადიციულად მესამე კვარტალში ეწვია (1,473.6 ათასი ტურისტი). მათმა წილმა საერთაშორისო მოგზაურთა შორის 52.1% შეადგინა. ამ პერიოდში, 2016 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ტურისტების 29%-იან ზრდაში შემდეგი ხუთი ქვეყნის წილი შეადგენს 86%-ს: რუსეთი - 38%, ირანი - 23%, სომხეთი - 10%, საუდის არაბეთი - 9% და აზერბაიჯანი - 6%. ამავდროულად, 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია საუდის არაბეთიდან (174%), ირანიდან (84%), რუსეთიდან (38%), დიდი ბრიტანეთიდან (36%) და გერმანიიდან (35%).აღსანიშნავია, აეროპორტების მნიშვნელობის ზრდა ტურიზმის განვითარებაში. 2017 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურთა 22%-მა გადმოკვეთა საზღვარი საჰაერო ტრანსპორტით. ხოლო, 2016 წლის ამავე პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთა 17%-მა ისარგებლა საჰაერო ტრანსპორტით.

2017 წლის პირველ სამ კვარტალში, მგზავრების ყველაზე დიდი რაოდენობით (76%) თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გამოირჩევა, შემდეგ მოდის ბათუმის (12%-ით) და ქუთაისის აეროპორტები (10%-ით). ამ პერიოდში, წინა წლის სამ კვარტალთან შედარებით, ბათუმის აეროპორტიდან მოგზაურთა წილი მთლიანად მოგზაურებში გაზრდილია 8%-ით, ქუთაისის აეროპორტის - 21%-ით, ხოლო თბილისის შემცირებულია 2.8%-ით.

2017 წლის როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში იზრდება საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები1. პირველ კვარტალში შემოსავალმა 434 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23%-ით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს. მეორე კვარტალში შემოსავალმა შეადგინა 658 მლნ აშშ დოლარი, რაც 28%-ით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციები 2007 წლიდან მზარდი ტენდენციით ხასიათდება. განსაკუთრებით მაღალია ოპერაციების მოცულობა 2015 (1.46 მლრდ ლარი) და 2016 (1.62 მლრდ ლარი) წლებში. 2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ შეადგინა 1.65 მლრდ ლარი, რაც უკვე აღემატება (29 მლნ ლარით) მთლიანად 2016 წელს განხორციელებული ოპერაციების მოცულობას.

2017 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 39%-ით (461 მლნ ლარით) არის გაზრდილი უცხოური ბარათებით საქართველოში განხორციელებული გადახდები. 2017 წელს განსაკუთრებით გაზრდილია უცხოური ბარათებით გადახდები იანვრის (37%-ით), ივლისისა (38%-ით) და სექტემბრის (76%-ით) თვეებში.