Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაზრდის თუ არა საპენსიო რეფორმა ახალგაზრდებში უმუშევრობას

5a82fc762d594
თელარა გელანტია
13.02.18 19:00
921
პარტია "ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილიზ აზრით, ნახევრად სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება ახალგაზრდებში უმუშევრობის დონეს გაზრდის.

ოპოზიციონერი პარლამენტარი ირწმუნება, რომ 40 წლამდე დასაქმებულთათვის საპენსიო სისტემაში ჩართვის ვალდებულება დამატებითი ფინანსური წნეხია დამსაქმებლებისთვის, რამაც შესაძლოა, ახალგაზრდების დასაქმებას ხელი შეუშალოს.

"მაქვს კომუნიკაცია კერძო სექტორთან და თუ მათ მოუწევთ დამატებითი ხარჯის გაღება 40 წელს ქვემოთ მყოფი ადამიანების დასაქმების შემთხვევაში, ბუნებრივია, ისინი არჩევენ, დაიქირაონ 40 წელს ზევით ადამიანები, ვიდრე აიყვანონ ისეთი კადრები, რომელთა გამოც ვალდებულები ხდებიან, დამატებითი თანხები გადარიცხონ საპენსიო ფონდში", - აცხადებს ჭიაბერაშვილი BM.ge-ისთან საუბარში.

"ევროპული საქართველოს" წევრის მოსაზრებებს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე.
„გამორიცხულია, არ მჯერა, რომ ხელფასის 2% წყვეტს იმ კონკრეტული ახალგაზრდის დასაქმება-არდასაქმების საკითხს, რადგან ეს 2% არაა ის ზღვარი, რომელიც ადამიანის კვალიფიკაციას, კომპეტენციას და მის პერსპექტივას განსაზღვრავს. ასე რომ, ამ კუთხით ასეთი რისკების არ მჯერა. თუმცა შესაძლოა, ეს რისკები შეეხოს გარკვეულ სექტორებში დასაქმებულ, შედარებით დაბალი კვალიფიკაციის მუშა ხელს, მაგრამ აქაც შესაძლებელია შესაბამისი ზომების მიღება იმისთვის, რომ ეს არ გახდეს უკუღმართი მოტივაცია დასაქმებისთვის", - განაცხადა კაკი ზოიძემ და დასძინა, რომ „საპენსიო უზრუნველყოფის გარკვეული ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის და შრომის ბაზრის გაჯანსაღებას".

შეგახსენებთ, რომ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონ-პროექტის მიხედვით, 40 წლამდე დასაქმებულები ვალდებულები ხდებიან, საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის 2% საპენსიო ფონდში საკუთარ ანგარიშებზე შეიტანონ. კანონ-პროექტი დამსაქმებლებსაც ავალდებულებს თანამშრომლის ანგარიშზე ხელფასის 2%-ის შეტანას, რომელსაც თავის მხრივ, სახელმწიფოც დაუმატებს 2%-ს.