Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა "წითელი ცხვირების" დავაში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა

5a859394704fd
BM.GE
15.02.18 18:03
811
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ აკა სინჯიკაშვილის განცხადების საფუძველზე ე.წ. წითელი ცხვირების საქმე შეისწავლა, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო, რადგან დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა წარდგენილ დოკუმენტებში. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს საქველმოქმედო თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.

“უკვე ჩამოწერილია აკა სინჯიკაშვილის განცხადება. არც დაწყებულა საქმის წარმოება იმიტომ, რომ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელსაც ეცნობა", – განუცხადეს "ნეტგაზეთს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

თავად თეონა ბაღდავაძემ მისი და კომპანია RedNose-ს სახელით რამდენიმე თვის წინ შესაძლო რეპუტაციის შელახვის შესახებ ორი სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ, ჯერჯერობით, პროცესის თარიღი არ ჩანიშნულა.

როგორც თეონა ბაღდავაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, სასამართლოში, ასევე, მოითხოვს 35 000 ლარის დაბრუნებას, რომელიც აკა სინჯიკაშვილს გადასცა ე.წ. დღის ცენტრის გასაკეთებლად:

"აკა სინჯიკაშვილი რატომღაც ამის შესახებ არ საუბრობს. რა თქმა უნდა, მე ამ თანხის დაბრუნებას ვითხოვ. ეს თანხა ახლა ისევ მის ხელშია თუ არა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. სასამართლოს პრეროგატივაა, რომ გაარკვიოს".  

ნეტგაზეთი მეექვსე დღეა უშედეგოდ ცდილობს აკა სინჯიკაშვილთან მობილურის ნომერზე და ფეისბუკზე დაკავშირებას. ამ საკითხის შეფასების გარდა, მისთვის გვინდოდა გვეკითხა იმ 35 000 ლარის ბედი, რომელიც ცხვირების გაყიდვის შემდეგ გადასცა თეონა ბაღდავაძემ. თუ აკა სინჯიკაშვილი გადაწყვეტს ამ თემაზე საუბარს, ნეტგაზეთი მზადაა, ტრიბუნა დაუთმოს.

აკა სინჯიკაშვილმა საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ე.წ. წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების მითვისებაში ამ კამპანიის ორგანიზატორი და მისი პარტნიორი თეონა ბაღდავაძე 2017 წლის ივნისში დაადანაშაულა. ორივე მხარე საქმის გამოძიებას ითხოვდა – აკა სინჯიკაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა, ხოლო ბაღდავაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

უთანხმოება ე.წ. წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების რაოდენობის სიზუსტესა და განაწილებას ეხება. თითოეული “ცხვირი” 5 ლარად იყიდებოდა და შემოსული თანხა, rednose.ge-ზე გამოცხადებული მიზნების თანახმად, უნდა მოხმარებოდა თავშესაფრის აშენებას და ლეიკემიით დაავადებული პირის მკურნალობას.

თანხებთან დაკავშირებით გაუგებრობების შესახებ საზოგადოებამ აკა სინჯიკაშვილის მიერ 2017 წლის 16 ივნისს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტიდან გაიგო.

netgazeti.ge