Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სატრანსპორტო დარგის მმართველობითი სისუსტეების ელიმინაცია

59f84912a1404
ჯაბა თარიმანაშვილი
31.10.17 13:55
642
საქართველოს სატრანსპორტო ინდუსტრიის პრობლემატიკა, უფრო მეტად ხელშესახები რომ გავხადოთ, გავავლოთ პარალელი მუსიკალურ ხელოვნებასთან, რომელიც ნებისმიერი ქართველისთვის ნაცნობი სფეროა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: საკონცერტო დარბაზის მიზანია, რომ ჰქონდეს ისეთი ხარისხიანი და ჰარმონიული მუსიკალური ჟღერადობა, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. ამისათვის საჭიროა შემდეგი კომპონენტები:

1. მუსიკოსები (საშუალებები), 2. ინსტრუმენტები (ინფრასტრუქტურა), 3. ტექნიკური პერსონალი და ხმის რეჟისორი (მართვა). იმისათვის, რომ ხმის რეჟისორმა შეძლოს მსმენელს სასიამოვნო ჟღერადობა მიაწოდოს, ყველა ინსტრუმტენტი და მუსიკოსის ხმა, მის სამართავ საშუალებაში (მიქშერში) უნდა შედიოდეს, რის შემდეგაც ხმის რეჟისორი, სხვა და სხვა ინსტრუმენტის ტემბრალური ფუნქციისა და მნიშვნელობის მიხედვით, მოახდენს სინთეზსა და ბალანსს (რეგულირებას). აღნიშნული კომპონენტების ჰარმონიული (შეხმატკბილებული და ერთსულოვანი) მუშაობა, ქმნის ხარისხიან მუსიკას, რისი მოსმენაც ყურსა და გულს უხარია. მაგრამ წარმოვიდნიგოთ ანალოგიური მოვლენა ისე, რომ აღნიშნული კომპონენტები იყოს ცალკე, ისევე, როგორც საქართველოს სატრანსპორტო ინდუსტრიაშია. მაგ.: მუსიკოსი (საშუალებები) იყოს ცალკე, ინსტრუმენტები (ინფრასტრუქტურა) ცალკე და ხმის რეჟისორი ტექნიკურ პერსონალთან ერთად (ლოგისტიკის პოლიტიკა და მართვა) ცალკე, ხოლო საერთო ჯამში, იქმნებოდეს ქაოსი, რის შედეგადაც საკონცერტო დარბაზი (საქართველოს სატრანსპორტო დარგი) ყოველწლიურად კარგავდეს მაყურებელსა და მსმენელს (კომპანიებსა და ტვირთნაკადებს) და მიუხედავად ამისა, დარბაზის ხელმძღვანელი (მთავრობა) არ ახდენდეს არანაირ ცვლილებას (რეფორმებს). შედეგად საკონცერტო დარბაზმა (საქართველოს დერეფანმა) წლების მანძილზე 50-70% მდე დაკარგა მაყურებელი (ტვირთები), ამიტომ ასეთი უმოქმედობა, დარბაზის ეკონომიკაზე და პერსონალზეც (საქართველოს ბიუჯეტზე, დარგის წარმომადგენლებზე, განვითარებაზე და მოქალაქეებზე) უარყოფითად აისახა. ჩინური სიბრძნე ამბობს, რომ „ამღვრეულ წყალში, თევზის დაჭერა უფრო ადვილია“. შესაძლებელია, გარკვეულ პიროვნებებს, იმისათვის რომ „ხელი მოითბონ“ აწყობთ ასეთი ქაოსი და ბუნდოვანება. წლების მანძილზე, საკმაოდ დიდი რაოდენობის თევზის დაჭერა ხორციელდება გარკვეული ჯგუფების მიერ, მოქალაქეების ხარჯზე. ამიტომ დროა მთავრობამ გაატაროს რეფორმა, იმისათვის რომ დაიწყოს ფიქრი კონსოლიდაციასა და განვითარებაზე.
მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგის – ტრანსპორტის ინდუსტრიის, გამოწვევების და პრობლემატიკის არსი. ტრანსპორტის ინდუსტრია, 3 მთავარ კომპონენტად იყოფა:

1. ინფრასტრუქტურა (გზა, რკინიგზა, პორტები, ტერმინალები, აეროპორტები);
2. სატრანპორტო საშუალებები (ავტობუსი, ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი, გემი);
3. მართვა (ფინანსები, პოლიტიკა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სისტემების შექმნა, პროექტების დაგეგმვა და კოორდინირება);

ორი კომპონტენტი: ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო საშუალებები, ავად თუ კარგად საკითხავია, მაგრამ დღეისათვის არსებობს საქართველოში. ხოლო ძირითადი კომპონენტი, რომელიც ქმნის, არეგულებს, კოორდინირებას უწევს ამ ორ კომპონენტს – მართვა, არ არის გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული. ვიცით, რომ არსებობს ეკონომიკის სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი, რომელიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების მხრივ, უნდა ზრუნავდეს პოლიტიკის შექმნაზე, მაგრამ რამდენად აძლევს სამინისტროების, სატრანსპორტო დარგში შემავალი კომპონენტების სისტემური მოწყობა და დეპარტამენტში მომუშავეთა კომპეტენციები ამის საშუალებას. მე, როგორც დარგის ერთ ერთ რიგით წარმომადგენელს არ მინახია აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომელი არც ერთ სატრანსპორტო ფორუმზე და კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველგან საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ვესწრები ფორუმებს და კონფერენციებს. საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგში, ფაქტიურად არ არის ერთიანი პასუხისმგებელი პიროვნება, არ არის არც ძლიერი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც იმუშავებენ ანალიტიკაზე და დააკვირდებიან ტენდენციებს. ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ არ გატარდეს არანაირი რეფორა, წლების მანძილზე ტვირთნაკადების დაღმავალი ტენდენციების განვითარების მიუხედავად? სად არის სტრატეგია და ხედვა? რა გვინდა, რისკენ ვისწრაფვით? ასეთ გაუგებრობარ მდგომარეობაში ყოფნას, ავტომატურად უარყობით შედეგებამდე მიყავს დარგი.

ბიზნესი პლატფორმის გარეშე ვერ მუშაობს, ბიზნესი თავად ვერ განვითარდება, თუ მთავრობამ არ შეუქმნა სამოქმედო არეალი და სისტემები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ტრანსპორტის ინდუსტრიის მესამე, მთავარი კომპონენტის – მართვის არქონაზე, რომელიც სისტემური პრობლემაა საქართველოში. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რკინიგზა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტი, არის ცალკე მდგომი ერთეულები, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ამის გამო, სავარაუდოდ არის კოორდინირების, კომუნიკაციის, ერთიანი ხედვისა და მოქმედების პრობლემა. შედეგად ვღებულობთ, რომ საქართველოს არ ყავს მოლაპარაკების უნარის მქონე, სატრანსპორტო დარგზე პასუხისმგებელი პიროვნება, რომელიც გადაჭრის პრობლემებს საქართველოზე გამავალი დერეფნის შემადგენელ ქვეყნებში. პიროვნება, რომელიც შეძლებს მოლაპარაკებებს: რკინიგზის, პორტების, მთავრობების, ტერმინალების და საბორნე გადამზიდავების ხელმძღვანელებთან, იმისათვის, რომ შემუშავდეს ერთიანი პოლიტიკა, რომელიც შექმნის თავის მხრივ ბარიერების არმქონე, გახნილ და ხელმისაწვდომ პლატფორმას ბიზნესის საკეთებლად, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს კონკურენ დერეფნებთან შედარებით, საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს გახდის უფრო ეფექტიანს და კონკურენტუნარიანს.
ადამ სმიტის მსჯელობა, რომ გავიმეოროთ: „უხილავი ხელი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი მთავრობა საბაზრო ეკონომიკის კანონების განხორციელებას და ინსტიტუტების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, რაც მთავრობის არსებობის ერთ ერთი მთავარი მიზეზია. ხოლო სახელმწიფოს ინტერვენცია ეკონომიკაში უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ეფექტიანობისა და თანასწორობის ხელშეწყობას“.

იმისათვის, რომ გადაიჭრას რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები, ერთიანი ხედვის და მოქმედებისათვის, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით, განხორციელდეს სატრანსპორტო ინდუსტრიის ყველა კომპონენტის კონსოლიდაცია. რაც შეეხება ბარიერებს, უნდა გამოირიცხოს შუალედური კომპანიების სიმრავლე, ადამიანური და პირადი ინტერესების ფაქტორები, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, რომ მოხდეს ბიზნესისთვის საინტერესო გარემოსა და პლატფორმის შექმნა. ასეთი რეფორმა, ავტომატურად მოიზიდავს ტვირთნაკადებს, გაზრდის ვაჭრობას და შექმნის დოვლათს. მონოპოლიების ან ექსკლუზივების აღმოფხვრა და შექმნილი სიმდიდრის საზოგადოებაზე გადანაწილება გახდის საქართველოს მოსახლეობას მდიდარს, ბედნიერს და გალაღებულს.