Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

5a34c2540b614
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
16.12.17 11:00
1131
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ. ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს, ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელების მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი.

რა არის Airbnb?

Airbnb ინტერნეტ-მომხმარებელთა და მოგზაურობის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი ვებგვერდია. ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს სტუმრებსა და მასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მოგზაურებს საშუალებას აძლევს ბინა სასურველი კრიტერიუმების, დროის, ადგილისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით შეარჩიონ.

Airbnb-ს სერვისს საქართველოშიც საკმაოდ კარგად იცნობენ. გარდა მოგზაურობის მოყვარულებისა, მასპინძლებსაც აქვთ საშუალება განათავსონ ინფორმაცია საკუთარი საცხოვრებლის შესახებ და უმასპინძლონ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს.

სერვისის სიმარტივისა და სისწრაფის პარალელურად, მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ Airbnb-ზე ხელმისაწვდომ ბინებში მათი პირადი სივრცე შესაძლოა დაცული არ იყოს. ბოლო დროს დაფიქსირებულმა ინციდენტებმა ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

ვინ უთვალთვალებდა სტუმრებს?

რამდენიმე დღის წინ Airbnb-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ნაქირავები ბინის საძინებელში დამონტაჟებული მოძრაობის დეტექტორი და შიგნით მოთავსებული სათვალთვალო კამერა ჩანდა.

პოსტი ვირუსული გახდა და ათასობით ადამიანმა გააზიარა. მომხმარებლებმა საუბარი დაიწყეს საკუთარ გამოცდილებაზე. მაგალითად, ამ წლის ოქტომბერში ფლორიდას შტატში ნაქირავებ ბინაში წყვილმა ფარული კამერა საძინებელში დამონტაჟებულ კვამლის დეტექტორში აღმოაჩინა. როგორც აღმოჩნდა, ბინის მეპატრონე წლების განმავლობაში უთვალთვალებდა სტუმრებს ვიდეოკამერის მეშვეობით.

გასულ წელს შვეიცარიაში სტუმრად მყოფმა მომხმარებელმა სააბაზანოში მიაკვლია ფარულად დამონტაჟებულ მობილურ ტელეფონს, რომელიც ვიდეო-გამოსახულების ჩაწერის რეჟიმში იმყოფებოდა. უფრო ადრე, 2015 წელს, გერმანელმა სტუმარმა კალიფორნიის შტატში მდებარე ბინაში ფარული კამერის აღმოჩენის შემდეგ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანა.

Airbnb-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების პროცესი Airbnb-ს პლატფორმას კონფიდენციალურობის პოლიტიკით აქვს დარეგულირებული.
მისი ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, სერვისის მომხმარებლებს ერთმანეთის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა მოეთხოვებათ. კონკრეტულად კი, მასპინძელი ვალდებულია, მომხმარებელს დაჯავშნამდე აცნობოს მის ბინაში არსებული ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობის არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჩართული მოწყობილობა. ვიდეოთვალთვალის განხორციელების შემთხვევაში ბინის მეპატრონემ უნდა დაიცვას ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნები.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაჯავშნის შემდეგ აღმოაჩენს საცხოვრებელში ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობას და შეატყობინებს Airbnb-ს, მას ჯავშნის გაუქმებისა და ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს.

მომხმარებელიც, თავის მხრივ, ვალდებულია მასპინძლის თანხმობის გარეშე არ გამოიყენოს რაიმე სახის ჩამწერი ან სათვალთვალო მოწყობილობა.
აღნიშნული პოლიტიკის დარღვევა გამოიწვევს Airbnb-ს წევრობის დროებით ან სამუდამო შეწყვეტას.

რა მოიმოქმედა Airbnb-მ ინციდენტების საპასუხოდ?

Airbnb-მ სახლის მეპატრონეებს სამუდამოდ აუკრძალა პლატფორმის გამოყენება, ხოლო სტუმრებს სრულად აუნაზღაურდათ ქირის ხარჯები.

კომპანია მომხმარებელს ურჩევს, წინასწარ შეამოწმოს სავარაუდო მასპინძლების რეიტინგი, ასევე დაუკავშირდეს მათ ვებგვერდზე არსებული სპეციალური მიმოწერის საშუალებით, თუმცა სხვა სახის გარანტიას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით ვერ იძლევა.

რა ზომების მიღება შეუძლია თავად მომხმარებელს?

Airbnb ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ფარული ვიდეოთვალთვალის პრობლემის წინაშე დადგა. მსოფლიო მასშტაბით გაქირავების ინდუსტრიაში ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. უსაფრთხოების ექსპერტები ურჩევენ მომხმარებელს პირველ რიგში შეამოწმონ ისეთი ადგილები, საიდანაც ოთახის ხედი კარგად ჩანს - თაროები, ფარდის საკიდები, სარკეები, განათებები, ვენტილაცია.

თუ რაიმე საეჭვოა, სპეციალისტები გვირჩევენ, გამოვრთოთ ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება გადასცემდეს ვიდეომასალას ინტერნეტში. ფარული კამერის აღმოჩენის შემთხვევაში კი შევატყობინოთ კომპანიას და სამართალდამცველ ორგანოებს.

ის მოქალაქეები, რომლებიც Airbnb-ს და სხვა პლატფორმებს ბინის გასაქირავებლად იყენებენ, აუცილებლად უნდა გაეცნონ შესაბამის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ასევე მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ რა პრინციპების დაცვაა საჭირო ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ინფორმაციას ამ თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციებში ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონით: 2 42 1000 ან ჩვენი ფეისბუქ გვერდის მესენჯერში.