Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბაზრობაზე მოვაჭრეები ახლებურად დაიბეგრებიან

5a12cece289dd
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.17 16:44
1347
სალარო აპარატის არქონისთვის მოვაჭრის ნაცვლად ბაზრობის ორგანიზატორი დაჯარიმდება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის. 

ამასთან, სავალდებულო ხდება ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მიღება და სავაჭრო ადგილზე მოვაჭრე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენა; ეს ვალდებულება ბაზრობის ორგანიზატორებმა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) 2018 წლის პირველ ივლისამდე უნდა შეასრულონ.

წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ბაზრობაზე მოვაჭრეს მიენიჭება სპეციალური სტატუსი და ისარგებლებს დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმით - პირი, რომელსაც მიენიჭება სტატუსი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, როგორც წესი, გადაიხდის ბრუნვის გადასახადს რეალიზებული საქონლის 3% -ის ოდენობით. პირი, რომელიც გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, ფაქტიურად განთავისუფლდება ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან და არ ექნება გამოსაქვითი ხარჯების დადასტურების პრობლემა. ამასთან, ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი უფლებამოსილი იქნება, უარი თქვას ბრუნვის 3 პროცენტიანი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე და ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმით.

ამასთან, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაცონარული სავაჭრო ადგილები სალარო აპარატებით ეტაპობრივად უნდა აღიჭურვოს.
ბაზრობის ორგანიზატორი ვალდებულია:

- არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის 1/3 საკონტროლო-სალარო აპარატებით;
- არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის 2/3 საკონტროლო-სალარო აპარატებით;
- არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი საკონტროლო-სალარო აპარატებით.