Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

BM.GE
23.12.22 19:29
173
2023 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და ინფლაციის კლებას ელის. ყველაზე გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, გლობალური ვაჭრობის შენელება და ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოს ეკონომიკის ზრდაზეც აისახება, რაც საქონლის გლობალური ფასების კლებასთან, ლარის ბოლოდროინდელი გამყარებასთან და საკმარისად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ინფლაციის შემცირებას ხელს შეუწყობს. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი წერს, ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გაურკვევლობა და რისკები მაღალ დონეზე ნარჩუნდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს პროგნოზირებული 10%–იანი ზრდის შემდეგ, 2023 წელს 4–ი, ხოლო 2024 წელს – 5.2%–ით გაიზრდება. უფრო შორ – ვთქვათ, 10 წლიან პერსპექტივასაც თუ შევხედავთ – საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით იგივე ნიშნულზე – საშუალოდ 4–5%–ზე ნარჩუნდება.

გუშინ TBC Capital-მა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წელს ქვეყანაში 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. ამასთან, ინფლაციის დონე მომდევნო წელს მკვეთრად შემცირდება და საშუალოდ 4% იქნება. TBC Capital-ი მიიჩნევს, რომ თუკი არ იქნებოდა რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოში წელს მაინც მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა, თუმცა არა ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს.

წინა კვირას, მოკლედ შევეხეთ ამ თემასაც მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან სებასტიან მოლინეუსთან, გალტ ენდ ტაგარტის ეკონომისტთან ლაშა ქავთარაძესთან და თიბისის მთავარ ეკონომისტთან ოთარ ნადარაიასთან ერთად.

სტუმრები: ლაშა ქავთარაძე - Galt&Taggart-ის ეკონომისტი;

ოთარ ნადარაია - TBC, მთავარი ეკონომისტი.