Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შესყიდვების სააგენტოს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" პასუხობს

5a44adaa38caa
BM.GE
28.12.17 12:37
746
შესყიდვების სააგენტოს  განცხადებას   „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“  პასუხობს.

„სააგენტო განცხადებაში საუბრობდა სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამარტივებული შესყიდვების კონკრეტულ პერიოდზე, რაც არ ემთხვევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ანგარიშში მოყვანილ პერიოდს. კერძოდ, გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით სააგენტოს განცხადებაში მოყვანილი აქვს 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც მთლიან შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვის წილი არის 22%. ჩვენი კვლევის საანგარიშო პერიოდი განსხვავებულია და მოიცავს 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით არსებულ დროის მონაკვეთს. შესაბამისად, ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია მხოლოდ წინა სრული წლის (2016) მონაცემი - 37%. თუკი 2017 წელს ეს მაჩვენებელი 22%-მდე შემცირდა, ჩვენ ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმებით. ვთხოვთ შესყიდვების სააგენტოს მოსახლეობას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს იმ საანგარიშო პერიოდზე, რომელსაც ჩვენი კვლევა ეყრდნობა.

სააგენტოს აზრით, ახალდაფუძნებული კომპანიის (მათ შორის ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაფუძნებული კომპანიის) მიერ რამდენიმე მილიონის ღირებულების ხელშეკრულების დადება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც აღნიშნული ფაქტი კანონს არ ეწინააღმდეგება. ჩვენ ანგარიშში არსად არ მივუთითებთ იმაზე, რომ ეს არის კანონის დარღვევა, თუმცა ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით მაღალი ღირებულების კონტრაქტები გამოუცდელ კომპანიებს უფორმდებათ, პრობლემატურია. აღნიშნული ხელშეკრულებები კორუფციის რისკებს შეიძლება შეიცავდეს, რის გამოც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

პოლიტიკური პარტიების შემომწირველ კომპანიებთან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება ასევე არ აღმოჩნდა პრობლემური სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის, რადგან ეს პირდაპირ კანონდარღვევას ნამდვილად არ წარმოადგენს. ეს ჩვენს ანგარიშშიც მკაფიოდ არის აღნიშნული, თუმცა, ასევე მითითებულია კორუფციის მაღალ რისკებზე და ამ შემთხვევებით შესაბამისი სახელმწიფო და საგამოძიებო უწყებების დაინტერესების საჭიროებაზე.

შესყიდვების სააგენტო, ასევე, აღნიშნავს, რომ შესყიდვების სისტემაში ზოგიერთი უწყების გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის არარსებობა წინა წლებიდან მემკვიდრეობით გადმოცემული ტექნიკური ხარვეზია. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით, ვინაიდან ამ პრობლემის შესახებ უკვე წლებია ვსაუბროთ, მაგრამ დღემდე არ არის მოგვარებული. გაუგებარია, ტექნიკური პრობლემა როგორ შეიძლება იყოს იმდენად ღრმა, რომ 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ გამოსწორდეს და შერჩევითად მხოლოდ რამდენიმე უწყებას ეხებოდეს (შსს, მთავრობის კანცელარია და სხვა). ამ საკითხზე ჩვენ, ასევე, საუბარი გვქონდა სააგენტოს ძველ ხელმძღვანელობასთან, რომელმაც შექმნა შესყიდვების ელექტრონული სისტემა და 2013 წლამდე მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. ისინიც კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ მათი მმართველობის დროს მსგავსი ხარვეზი არსებობდა.

მოვუწოდებთ სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსაც, ზედმიწევნით გაეცნონ ჩვენს ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას ჩვენს ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით და გაითვალისწინონ წარმოდგენილი რეკომენდაციები.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მზად არის სახელმწიფო შესყიდვების საააგენტოს და სხვა დაინტერესებულ ორგანოებს მომავალშიც მიაწოდოს სიღრმისეული ანალიზი სახელმწიფო შესყიდვების მდგომარეობის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განმარტავენ არასამთავრობოში.