Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უძრავი ქონების ფასები თბილისში

59fad2ab390ec
BM.GE
02.11.17 12:08
1040
2017 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, თბილისში ახლადაშენებული ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა 1 კვადრატულ მეტრზე 603 აშშ დოლარს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ახლადაშენებული ბინების საშუალო ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. უძრავი ქონების ბაზრის მიმდინარე ტენდენციაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ Colliers International Georgia-ის კვლევის ჯგუფის უფროსი რამაზ შარაბიძე საუბრობს.

- ბატონო რამაზ, როგორია გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს გაყიდვების ტენდენცია ?

- საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სხვა სექტორებთან შედარებით ყველაზე მეტად არის განვითარებული. ამ მხრივ არც 2017 წლის მონაცემები იყო გამონაკლისი. პირველი ნახევრის მდგომარეობით, დაახლოებით 12 353 ერთეული ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 22%-ით მეტია.

- ეს ახლადაშენებულ ბინებს ეხება, თუ ძველ აშენებულ ბინებს?

- ეს ჯამური რაოდენობაა და რაც შეეხება ახალი აშენებული ბინების რაოდენობას დაახლოებით 6500-მდეა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით უკვე 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

- რაიონების მიხედვით ყველაზე დიდი მოთხოვნა სად არის?

- როგორც ანალიტიკა გვიჩვენებს ყველაზე აქტუალურ უბნად კვლავ საბურთალო რჩება. საბურთალოზე მთლიანი ტრანზაქციებიდან დაახლოებით 25% მოდის. მეორე ადგილს დიდი დიღომი იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე სამგორის რაიონია.
კომერციულ ფართებს რაც შეეხება ჯერჯერობით საბოლოო მონაცემები არ გვაქვს, თუმცა წინასწარი შედეგებით დაახლოებით ოდნავ შემცირებულია ფასები მაღალი კლასის კომერციულ ფართებზე.

- მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით ახალი აშენებული ბინების საშუალო ფასი 3%-ით ნაკლებია და როგორ ფიქრობთ, ეს კლება რამ გამოიწვია?

- ზოგადად წლის პირველ ნახევარში ფასების კლება ფიქსირდება, რაც მეორე ნახევარში შედარებით ბალანსდება ხოლმე. თუმცა, ეს კლება შეიძლება აიხსნას იმით, რომ ახლადაშენებული ბინების დიდი წილი ძირითადად გარეუბნებზე მოდის, შესაბამისად ეს გასაყიდი ფასების შემცირებაზე მოქმედებს სადაც დაბალი ფასებია, ვიდრე ცენტრალურ უბნებში.

- ლარიზაციის პერიოდში სამშენებლო კომპანიებს უწევთ, რომ საკუთარი ფასები ლარში გამოაცხადონ, თუმცა ისინი ფასს აშშ დოლარში ითვლიან - აქვს თუ არა ლარის პერიოდულად გაუფასურებას სექტორზე გავლენა?

- ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ლარიზაციას ტრანზაქციების რაოდენობაზე, ან გასაყიდ ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ძირითადად რეკლამირების პირობებში ხდება ისე, რომ ფიქსირებული ფასი ლარშია. წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ლარის კურსი საკმაოდ სტაბილური იყო და შესაბამისად ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლოა მეორე ნახევარში სულ სხვა სურათი მივიღოთ.