Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კობა გვენეტაძე ბანკებზე რეგულაციების მეტად გამკაცრების მომხრეებს პასუხობს

5a7401dae0e14
თელარა გელანტია
02.02.18 10:12
925
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, პრაქტიკაში გამოჩნდება, როგორ იმუშავებს 2017 წლის ბოლოს მიღებული კანონთა პაკეტი, რომლითაც სხვადასხვა მიმართულებით სებ-ის ზედამხედველობა გაფართოვდა.

საქმე იმაშია, რომ ცვლილებების შემდეგ, გაჩნდა ე.წ. საბანკო ჯგუფების ცნება და სებ-ი უფლებამოსილია, ნორმატიული აქტით დაადგინოს საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ეროვნულ ბანკს ჰოლდინგებში შემავალ სუბიექტებზე ინფორმაციის მიღების უფლება მიენიჭა; თუმცა მიუხედავად ამისა, ბიზნეს-სექტორის  ნაწილი  და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი  წევრი,  რეგულაციების მეტად გამკაცრების მომხრეა.

ამ თემაზე BM.ge-მ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- როგორ ფიქრობთ, დეკემბერში მიღებული კანონთა პაკეტი დაასრულებს იმაზე საუბარს, რომ „საბანკო სექტორი ხელს უშლის საქართველოში ბიზნესის განვითარებას“ და რომ „ბიზნესი არის დასაცავი ბანკებისგან“?

- ამ ეტაპზე გავაკეთეთ ის, რაც აუცილებელი იყო და ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. რა თქმა უნდა, პრაქტიკამ უნდა გვიჩვენოს, თუ როგორ იმუშავებს ის ცვლილებები, რაც განვახორციელეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რაც ადრეც გვითქვამს - ძალიან ადვილია საუბარი საბანკო სექტორზე და მის მაჩვენებლებზე, როცა ყველა არსებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, ყველაფერი ხელმისაწვდომია. მოდით, სხვა სექტორებსაც მოვთხოვთ ის, რომ დადოს ყველა ინფორმაცია აუდიტირებული, შემოწმებული და მაშინ შევადაროთ, თუ რა მოგება აქვთ, როგორი აქტივობა აქვთ და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობთ, ყოველგვარი ასეთი შედარება ნამდვილად არ იქნება სამართლიანი.

- რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ბანკის აქციონერებსაც კი არ უნდა ჰქონდეთ სხვა სექტორში წილების ფლობის უფლება? - ამაზე რას იტყოდით?

- ამასთან, დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ეს უნდა მოხდეს კონსესუსის საფუძველზე, რადგან ეს არის ის, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავს ქვეყანაში საინვესტიციო პოლიტიკას და მხოლოდ ეროვნული ბანკი არაა უფლებამოსილი, ეს გააკეთოს.

- ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ამზადებს საკითხებს, თუ რა რეგულაციები უნდა ჰქონდეს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისთვის, რათა ბიზნესი დაიცვას. ხართ საქმის კურსში, რაზეა საუბარი?

- ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა ასოციაციის საფინანსო კომიტეტთან და მათ რაიმე დოკუმენტი ან მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.