Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აუდიტის სამსახურის მიერ შსს-ში აღმოჩენილი დარღვევები

5a4f225ecd151
BM.GE
05.01.18 11:07
1071
შინაგან საქმეთ სამინისტრომ 2016 წელს სამივლინებოდ დაგეგმილზე 3-ჯერ მეტი დახარჯა,- ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც უწყების 2016 წლის მონაცემებს იკვლევს.

დოკუმენტის მიხედვით, 2016 წლის გეგმით, მივლინენებში 530 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, სამინისტრომ კი მილიონ 405 ათასი ლარი დახარჯა.

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ შედეგად უწყებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც განისაზღვრა ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის პრინციპები: 

• მაქსიმალურად უნდა შეზღუდულიყო მივლინების ხარჯების დაფინანსება და საერთოდ აიკრძალა სასწავლო მივლინების ხარჯების დაფინანსება, თუ მიმწვევი მხარის მიერ არ ფინანსდებოდა სამივლინებო ხარჯების 80%.

• უნდა შეზღუდულიყო წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსება „გასაკუთრებული აუცილებლობის გარეშე“ და ეს ხარჯები უნდა შემცირებულიყო 2014 წელს გაწეული საკასო ხარჯის არანაკლებ 20%-ის ფარგლებში. მთავრობის განკარგულების მიხედვით კი სამინისტროებს დაევალათ ამ პრინციპების გათვალისწინება 2016-2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას. სამინისტროში, მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესრულებული ზემოხსენებული მოთხოვნები.

აუდიტის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შენიშვნები აქვს ავტოპარკის ოპტიმიზაციის ნაწილშიც. უწყება აღნიშნავს, რომ სამინიტროს 2014 წლის 1 აპრილამდე უნდა წარედგინა არსებული ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა სამთავრობო კომისიისათვის, რაც ოფიციალურად წარდგენილი არ არის.

“სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური ანგარიშგებით 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ავტომანქანების რაოდენობა შეადგენს 1,846-ს, ჯამური საბალანსო ღირებულებით 38,452.7 ათასი ლარი.

დიდი ავტოპარკის შესანახად მნიშვნელოვანი ოდენობის საბიუჯეტო სახსრები იხარჯება (დაახლოებით 11 მლნ ლარი), რისი შემცირებაც, მხოლოდ ავტოპარკის ოპტიმიზაციის საკითხის დროული გადაწყვეტით მოხდება”,- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, დოკუმენტის მიხედვით, 70 თანამშრომელს ჰქონდა დაწესებული თანამდებობრივ სარგოზე მეტი სპეციალური დანამატი.

სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ 2016 წელს შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეულია საკასო ხარჯი 85,562.5 ათასი ლარის ოდენობით. გარდა ამისა, შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებამ - 5,910.9 ათასი ლარი შეადგინა, რაც შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეული ხარჯების 6.9%-ს შეადგენს.

"სპეციალური დანამატების სახით გაცემულია 7,563.3 ათასი ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 8.8%-ს შეადგენს. სპეციალური დანამატის დაწესების შესახებ გამოცემულ ბრძანებებში მითითებულია მხოლოდ დანამატის დაწესების თარიღი და არ არის განსაზღვრული, თუ რა პერიოდით იქნა დაწესებული ეს დანამატი. ანუ, დანამატი ინიშნება განუსაზღვრელი ვადით და მის გაუქმება ხდება ასევე ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებებით არ არის დასაბუთებული დანამატის გაცემის აუცილებლობა და ის თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე, უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს.
ამასთან, ზოგ შემთხვევაში, თანამშრომლისათვის დაწესებული დანამატის ოდენობა აღემატება აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

სპეციალური დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან კონკრეტული ბრძანებები ზოგადია და მიუხედავად მისი ობიექტური საფუძვლებისა მოკლებულია შესაბამის დასაბუთებას",- ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ თანამშრომლებისთვის ბინის დაქირავების მიზნით გაწეული ხარჯი წლების განმავლობაში იზრდება და 2016 წლისათვის 512.8 ათას ლარს შეადგენს.

"ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება 287 ლარიდან, თითქმის 3,000.0 ლარამდე. მოქმედი ნორმატიული ბაზით, დაკონკრეტებული არ არის გადასახდელი საიჯარო თანხის განსაზღვრის კრიტერიუმები და არ არის დადგენილი ზედა ზღვარი, რაც საბიუჯეტო თანხების არეკონომიურად განკარგვის რისკს წარმოშობს”,- ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.