Home
Category
TV Live Menu
Loading data...

FDA-მ დიაბეტის ახალი წამალი დაამტკიცა

BM.GE
18.05.22 08:55
264
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა. მედიკამენტი, სახელწოდებით Mounjaro კვირაში ერთხელ ინიექციის შემთხვევაში სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის სხვა თერაპიებთან შედარებით გაცილებით ეფექტიანი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო ჭარბწონიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. „იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც პაციენტები სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად აწყდებიან, Mounjaro-სთვის ავტორიზაციის მინიჭება მნიშვნელოვანი წინსვლაა მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ“, – განაცხადეს FDA-ს წარმომადგენლებმა. 

Mounjaro მიეკუთვნება დიაბეტის სამკურნალო წამლების ახალ კლასს, რომელიც გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ის (GLP-1) ჰორმონის მიბაძვით არის შექმნილი. ეს ჰორმონი ბუნებრივად გამოიყოფა ნაწლავებში და ცნობილია, რომ ის სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, ასევე მადას აკონტროლებს. პირველი მსგავსი პრეპარატი, სახელწოდებით Wegovy, მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ FDA-მ ჯერ კიდევ 2017 წელს დაამტკიცა. ახალი მედიკამენტი Wegovy-ისგან ოდნავ განსხვავებულად მოქმედებს. იგი GLP-1-ისა და ნაწლავის კიდევ ერთი ჰორმონის, კუჭის ინჰიბიტორული პოლიპეპტიდის (GIP) იმიტაციისთვის არის შექმნილი. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ჰორმონების კომბინაცია მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ უფრო ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ GLP-1-ზე დაფუძნებული თერაპია.