Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამინისტრო: თამბაქოს მოხმარება 25%-ით შემცირდა

59df2dabb6a00
BM.GE
12.10.17 12:53
788
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის სპეციალურ სესიაში თამბაქოს გადასახადებთან დაკავშირებით თემაზე სახელმწიფო ჯანდაცვა და შიდა რესურსების მობილიზაცია და მის მონაწილეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება და ძირითადი მიღწევები თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის შესახებ.

აღნიშნული სესია აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნულ სესიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ კიმი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.

თავის გამოსვლაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მთავრობის ხედვაზე თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით საზოგადოების ყველა სეგმენტში, განსაკუთრებით, მოზარდებში. კერძოდ, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ და შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აღნიშნული რისკების შემცირების მიმართულებით.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში 2013 წლიდან აქციზის განაკვეთები თამბაქოს ნაწარმზე ზრდადია და ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიმატა. შედეგად, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზით დაბეგვრიდან 150 პროცენტით გაიზარდა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე გაამახვილა ყურადღება აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და მიღებულ კანონზე, რომელიც აღნიშნული პრობლემის გაცილებით კომპლექსური მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. საუბარია არა მხოლოდ აქციზის განაკვეთის ზრდასა და სხვა ფისკალურ მეთოდებზე, რომელმაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს, არამედ ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის შეზღუდვა, აღნიშნული პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე იმ ადგილების შეზღუდვა, სადაც მოწევაა შესაძლებელი და სხვ. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ამ მიმართულებით და მის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მაგალითის შესახებ ინფორმაციას სესიის მონაწილეები დიდი ინტერესით შეხვდნენ.