Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟო პუნქტებს გახსნას გმობს

5a6d81d05cb93
BM.GE
28.01.18 11:52
1257
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნას, ხოლო სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნას, რაც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ერთიან საბაჟო სივრცეში ინტეგრირებას და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნასთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აიკრძალა დანარჩენი საქართველოდან ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ზღუდავს მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობებს და უხეშად ლახავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს.

საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შესაზღუდად სხვადასხვა დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების ფონზე, ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნა წარმოადგენს მოსკოვის პოლიტიკის ნაწილს - ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციითა და დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციით, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სივრცეში, მათ შორის, საბაჟო-ეკონომიკურ სისტემაში გაერთიანება.

ნიშანდობლივია, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობის მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ",- ნათქვამია ქართული მხარის განცხადებაში.