Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ბიზნეს სახლის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება"

5a142d836dbbb
BM.GE
21.11.17 17:39
813
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს სახელმწიფო ადმინისტრაციაში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც ჩატარდა „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა თბილისის ბიზნეს სახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმილი ტენდერის პირობებზე. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგინეს საპროექტო კომპანიამ „Dmark“-მა და „ბიურო ვერიტას ჯორჯიამ“.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „ბიზნეს სახლის“ სამშენებლო კომპანიის გამოვლენის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, ყველა კომპანიას, რომელსაც სათანადო გამოცდილება აქვს მსგავსი ფუნქციური დანიშნულების ობიექტის ასაშენებლად, სადღეისოდ შექმნილი აქვს ღია და კონკურენტული პირობები.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "ბიზნეს სახლი" სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას წარმოადგენს, სადაც 660-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი ბიზნესისთვის ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით იქნება ხელმისაწვდომი.

"ბიზნეს სახლი“, რომელიც საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმათა გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბდება, იქნება ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცე. „ბიზნეს სახლი“ ასევე ითვალისწინებს ციფრულ და შესაბამისად, გამარტივებულ სერვისს, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, მომსახურება ნებისმიერ ადგილას მიიღოს - როგორც სახლიდან გაუსვლელად, ისე ოფისში ან უშუალოდ ბიზნეს სახლში.

"ბიზნეს სახლი“, რომლის მშენებლობაც ახლო მომავალში დაიწყება, თბილისში, 16 000 კვ. მეტრზე იქნება განთავსებული და გათვლილი იქნება ყოველდღიურად 1200-მდე მომხმარებელზე. ამჟამად გამოვლენილია კომპანია, რომელიც მალე შენობის რკინის კონსტრუქციის მშენებლობას დაიწყებს. გარდა ამისა, ჩასატარებელია მეორე ტენდერი, რომელიც „ბიზნეს სახლის„ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გამოავლენს.