Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"უნდა ვიყოთ მუდმივი რეფორმატორები და ათოსნები"

59f99d79417a9
თელარა გელანტია
01.11.17 14:09
1149
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, Doing Business 2018-ის რეიტინგში მე-9 პოზიციაზე დაწინაურება საქართველოს ბიზნესგარემოსთვის მნიშვნელოვანია.

"დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ელიტარული ქვეყნების კლუბშია", - აღნიშნა მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და დეტალურად ისაუბრა რეიტინგის იმ კომპონენტებზე, სადაც საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა ან უცვლელი დარჩა.

გიორგი გახარიას შეფასებით, Doing Business 2018-ის რეიტინგში მე-16-დან მე-9 პოზიციამდე დაწინაურება არის შედეგი იმ რეფორმების, რომელსაც ქვეყანა 2016-2017 წლებში ახორციელებს.

მისივე თქმით, კერძო სექტორი და ბიზნესი არის საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი და ეკონომიკური ზრდა სწორედ ბიზნეს-კომპანიების დამსახურებაა.
ამასთან, გიორგი გახარია პირობას დებს, რომ მომავალ წელსაც მთავრობა იქნება რეფორმებზე ორიენტირებული, რადგან მისი აზრით, მუდმივი რეფორმების გარეშე საქართველო ინვესტორებს ვერ დააინტერესებს.

"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს მსგავსი მცირე და ღია ეკონომიკის ქვეყნისთვის რეფორმირება არის გარდაუვალი ნაწილი, რომელსაც საქართველოს მთავრობა უნდა ემსახურებოდეს. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ევროპის და აზიის რეგიონში საქართველო ყველაზე რეფორმატორი ქვეყანაა. ეს უკვე ფაქტია. ამასთან, ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს მისი ბედია, რომ მუდმივად უნდა იყოს რეფორმების რეჟიმში, რადგან სხვანაირად ამ გარემოში, ამ რეგიონში, წარმატების მიღწევა, რომ ევროპელმა ინვესტორებმა აქ მოიტანონ ფული და ინვესტიცია გაახორციელონ, შეუძლებელი იქნება. ამიტომ უნდა ვიყოთ მუდმივი რეფორმატორები და ათოსნები. სხვანაირად არ გამოვა არაფერი. ბიზნეს-გარემო, ინსტიტუციური ჩარჩო, საკანონმდებლო ცვლელებები - ყველაფერ ამაში უნდა ვიყოთ საუკეთესოები, რომ აქ მივიზიდოთ ინვესტორები, რადგან ჩვენი კონკურენტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ბევრად უფრო სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს სთავაზობენ ინვესტორებს", - განაცხადა გახარიამ.