Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნეს ასოციაციის წევრებს ანაკლიის პორტის სამომავლო გეგმები გააცნეს

59f975425a687
BM.GE
01.11.17 11:16
697
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე პორტის მშენებლობის დაწყებისა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე ასოციაციის წევრებს დეტალურად გააცნეს ანაკლიის პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტები.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„20 დეკემბერს უკვე საუკუნის პროექტად შეფასებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა იწყება. სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩვენ მოვახერხეთ, გადავიდეთ ამ მასშტაბური პროექტის მშენებლობის ეტაპზე. ამ პროცესების პარალელურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დეტალები ეტაპობრივად გავაცნოთ პროფესიონალებს და დაინტერესებულ პირებს, ასევე მოვისმინოთ მათი შეფასებები და მოსაზრებები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ეს პროექტი არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის საუკეთესო შედეგი. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ბევრი ქართული კომპანია დაინტერესდება მასში მონაწილეობით. ამ პროექტის წარმატებით განხორციელება კი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის,” - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა.

ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტების დეტალებზე ისაუბრეს და ბიზნესასოციაციის წევრების კითხვებს უპასუხეს.
„ანაკლიის პროექტის განვითარების გუნდმა, მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან ერთად ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით დატვირთული მოსამზადებელი სამუშაოების პროცესი გაიარა. ჩვენ განვახორციცელეთ 50-ზე მეტი კვლევა სხვადასხვა მიმართულებით, შევიმუშავეთ და მთავრობას წარვუდგინეთ მოსამზადებელი ეტაპისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია და მზად ვართ შევუდგეთ სამშენებლო სამუშაოებს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარების კონცეფციაზე მუშაობისას, კომპანიამ უკვე 100-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაცია დაიწყო.

„18-მა კომპანიამ უკვე შემოიტანა განაცხადი ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური და ქალაქის დაგეგმარების კვლევის ჩატარებაზე, რომელსაც ნოემბრის თვეში დავიწყებთ. პროექტის კონცეფციაზე მუშაობის პარალელურად, საერთაშორისო კომპანიებისათვის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა და პარტნიორობის შეთანხმებების გაფორმება აქტიურად მიმდინარეობს. ნოემბრის თვეში კი იგეგმება ერთ-ერთ მსხვილ ლოგისტიკურ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება და მემორანდუმის გაფორმება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა 2021 წელს იგეგმება.