Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საპენსიო რეფორმაზე ბიზნეს ასოციაცია შენიშვნებს ამზადებს

59f972ca96415
ელენე გოგბერაშვილი
01.11.17 11:04
661
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს ხარჯი ეზრდება, კერძო სექტორს საპენსიო რეფორმის სტრუქტურა მოსწონს.

ეკონომიკის სამინისტროსგან კანონპროექტი ბიზნეს ასოციაციას ცოტა ხნის წინ გადაეგზავნა. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, რეფორმის განხორცილებას თან ახლავს ძალიან ბევრი სარგებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ აქვთ შენიშვნები. როგორც ასოციაცია განმარტავს, საპენსიო დანახარჯები მალე დიდ ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, ამიტომ ეს რისკი გადასაზღვევია.

ამასთან, რეფორმის განხორციელება ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომას. აქედან გამომდინარე ბიზნესი ფიქრობს, რომ 2% არ იქნება კერძო სექტორისთვის დიდი ტვირთი და მას რეფრომის შედეგად მიღებული სარგებელი დააკომპენსირებს.

"შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესს ხარჯი ეზრდება, მაგრამ მეორე მხრივ შეგვიძლია შევხედოთ ისე, რომ იზრდება ქვეყანაში გრძელვადიანი ფინანსური რესურსების გაჩენის შესაძლებლობის ალბათობა. დღეს ეს შესაძლებლობა არ არსებობს, შესაბამისად ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ ძალიან დიდი სტიმული გაუჩნდება კაპიტალის ბაზარს. შეხედულება, რომ 2% ბიზნესისთვის იქნება ხარჯი არ მგონია სწორი, რადგან ბენეფიტი, რასაც მიიღებს ბიზნესი, მნიშვნელოვანია. ჩვენ გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები გვაქვს და ამას ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ, როცა შევაჯერებთ საბოლოოდ ჩვენს შენიშვნებს", - განუცხადა "საქმის კურსს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ირინა კვახაძემ.