Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლევან დავითაშვილი: "ეს იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"

5a0c268de4cfa
დავით ჯალაღონია
15.11.17 15:28
995
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მის უწყებაში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს შეერთება არ ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება სოფლის მეურნოების სამინისტრო.

"სათაურიც ასეთი ფორმითაა წამორდგენილი კანონპროექტში, თუმცა საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს. ეს იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გარემოს დაცვის კომიტეტთან გვექნება საუბარი და კონსულტაციები. ასევე კონსულტაციები გვექნება პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტთან და ფრაქციასთან. ამიტომ ჩვენ ჩვენს მოსაზრებას წარმოგიდგენთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის პოზიციაზე, თუმცა ეს პარლამენტთან უნდა შევაჯეროთ. ამაზე იქნება მსჯელობა“, - განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება იმას, თუ რა თანხები დაიზოგება ოპტიმიზაციის შედეგად, დავითაშვილის განმარტებით, მთავრობის თვითმიზანი თანხების გამოთავისუფლება, ან ადამიანების სამსახურიდან გაშვება არ არის, თუმცა ოპტიმიზაცია კადრებისა და თანხების კუთხითაც მოხდება.

"თანხებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ეს გარკვეულწილად სპეკულაციის თემაა ხშირ შემთხვევაში ოპონენტების მხრიდან წამოწყებული. როდესაც საუბარია, განსაკუთრებით პოპულიზმით გაჟღერებულ ფრაზებზე, თანხების დიდი რაოდენობით დაზოგვაზე, პენსიებში მიმართვაზე და ა.შ. პირველ რიგში, ამოცანაა ეფექტიანი მართავა, რომ დასახულ მიზანსა და ფუნქციებს, რომელსაც ესა თუ ის სამინსიტრო ატარებდა, მეტად ეფექტიანად ვაღწევდეთ, უფრო მეტი შედეგი გვქონდეს და საბოლოოდ, ეფექტიანობა იზომება რა დანახარჯებით, რა რესურსებით რა შედეგს ვიღებთ, ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენი თვითმიზანი იყოს თანხების გამოთავისუფლება, ან ადამიანების სამსახურიდან გაშვება, თუმცა ოპტიმიზაცია კადრების კუთხითაც, რა თქმა უნდა, მოხდება და თანხების კუთხითაც მოხდება, რადგან ფუნქციების გაორება ვერ იქნება - ორი ადმინისტრაცია ერთ სამინისტროს ვერ ეყოლება.

ამ შემთხვევაში ძირითადად საუბარია ადმინისტრაციული ბლოკების გაერთიანებაზე. ბუნებრივია, ორი ერთი და იგივე მხარდაჭერის დეპარტამენტი, ორი ფინანსური დეპარტამენტი და ა.შ, ვერ იარსებებს, თუმცა ფუნქციური მიმართულებები, პირიქით, გასაძლიერებელია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, გარემოს დაცვითი, ტყის მენეჯმენტის, ზედამხედველობის მიმართულებებით, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ა.შ. სოფლის მეურნეობის განვითარების ის ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. მთავარი ფუნქციები იქნება გაძლიერება", - განაცხადა დავითაშვილმა.