Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიტკოინი საქართველოში - კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რიცხვი წელს 130%-ით გაიზარდა

599d4caede6d7
BM.GE
24.08.17 10:00
1943
მსოფლიოში ელექტრონული ვალუტების პოპულარობა ყოველდღიურად მატულობს. კრიპტოვალუტა ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად იაპონიამ, გადახდის ოფიციალურ საშუალებად უკვე აღიარა. მსოფლიოში არაერთი კომპანია კი საკუთარ ნაწარმს ონლაინ, ბიტკოინისა და სხვა ელექტრონული ვალუტების მეშვეობით ყიდის. ამ ფერხულში საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ერთვება. კრიპტოვალუტების მიმართ ნდობა და ცნობადობა საქართველოში არც ისე მაღალია. ამას „საქმის კურსთან“ ადასტურებენ ის კომპანიებიც, რომლებიც ბაზარზე სწორედ ელექტრონული ვალუტების მიმართულებით მუშაობენ. თუმცა, კომპანიები აღიარებენ, რომ ელექტრონული ვალუტების პოპულარობა და მოხმარება მაინც იზრდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ბიტკოინის ფასმა 4 200 დოლარს გადაარჭარბა.

კომპანია e-money-ის ინფორმაციით, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინის მონეტიზაციის შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რიცხვი სწრაფად მზარდია.

კომპანიის ცნობით, ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა 2015-დან 2016 წლამდე 400% ით გაიზარდა, 2016-დან 2017 წლამდე კი – 130%-ით.

კომპანიის წარმომადგენლის ნიკა ჩილინდრიშვილის განცხადებით, მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება არამარტო ბიტკოინზე, არამედ სხვა კრიპტოვალუტებზეც.

მისი თქმით, მომხმარებლები აქტიურად არიან ჩართული ე.წ. მაინინგის, გამომუშავების, პროცესში, e-money-ის მეშვეობით კი ბიტკოინებს მათთვის სასურველ ვალუტაში ცვლიან. მისივე თქმით, ბიტკოინი მათთვის გადარიცხვების დროსაც მოსახერხებელია, რამდენადაც არც მაღალი საკომისიოს გადახდა და არც თანხის ასახვისთვის ლოდინი უწევთ.

ბიტკოინის მიმართ მზარდ ინტერესზე საუბრობს კომპანია "ალპარის" წარმომადგენელი ბესო ბახიაც. მისი თქმით, კომპანიამ საერთაშორისო ბაზრის გავლით ბიტკოინის ფასების შესახებ პროგნოზების გაკეთება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ბესო ბახიას ინფორმაციით, ახალი სერვისის დამატებამ საკმაოდ დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

"ალპარის" წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოში ამ მიმართულებას ახლა ეცნობიან, შესაბამისად, მომხამრებლებში ინფორმაციის ნაკლებობაა.

რამდენიმე დღეა, რაც ბაზარზე ვებ-გვერდი btx.ge გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტის მაინინგის-გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს. კომპანიის ერთ-ერთი დამფძნებელი ლაშა ნოზაძე „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ ამ სფეროთი დაინტერესება სწორედ გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. მისი თქმით, მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ბიტკოინის მაღალმომგებიანობაა.

„ადამიანებს შეუძლიათ განახორციელონ ინვესტიცია ბანკში, შეიტანონ დანაზოგი და 10%-მდე სარგებელი მიიღონ წლიურად, ან მიიღონ 98%-მდე, რასაც მაგალითად ჩვენ ვთავაზობთ. დღეის მდგომარეობით, მომგებიანობა სწორედ ამდენია, თუმცა, ეს თავისთავად დამოკიდებულია ბიტკოინის ფასზე“,- აცხადებს ლაშა ნოზაძე.
მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ ბიზნესი, სადაც მაღალია მოგება, მაღალი რისკიც.