Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფხოვისა და ათონელის ქუჩები საფეხმავლო გახდება

5a2e8dd675946
სალომე მეცხვარიშვილი
11.12.17 19:38
961
ფხოვისა და ათონელის ქუჩები საფეხმავლო გახდება - შესამაბის ცვლილებას ახალი ორბელიანის პროექტი ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაციაც თბილისის მერიამ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად გამართა.

საქმის კურსს თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა განუცხადა, რომ ახალი ორბელიანის პროექტი 4 მიმართულებას მოიცავს: საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას, ისტორიული და რიგითი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას, რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობა-რედიზაინს, მწვანე კომპონენტის განახლებასა და ახალი სივრცეების მოწყობას.

საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლება მერიამ 4-5- თვის წინ დაიწყო და ამ მიმართულებით 10 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯულია.

რაც შეეხება ისტორიული და რიგითი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, საუბარია 18 მისამართზე. გიორგი ბაიდარაშვილის თქმით, 6 საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივად ახლიდან აშენდება. ადგილზე მოეწყობა, ასევე, 3 კომერციული ობიექტი.

ბაიდარაშვილი ამბობს, რომ მათი დატვირთვა ძირითადად საოფისე-კომერციული, სასტუმრო და საკვები ობიექტების ხასიათის იქნება. კონკრეტული ტერიტორიები არცერთ კომპნიას არ ეკუთვნის და კერძო საკუთრებაშია. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, არსებობს გარკვეული მონახაზები და მფლობელების მიერ მერიაში ნებართვების აღების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება მიწისქვეშა პარკინგს, გიორგი ბაიდარაშვილის თქმით, ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რამდენადაც გასული წლების განმავლობაში მერიის ბიუჯეტიდან მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. საუბარია 150-მანქანიან ავტოსადგომზე.

ორბელიანის მოედნის პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისის განახლებული ტერიტორიები - მარჯანიშვილი და პუშკინის მიმდებარე ტერიტორია ერთმანეთს დაუკავშირდება.

"ამ ზონის რეაბილიტაცია დააკავშირებს რეაბილიტირებულ პუშკინს და აღმაშენებელს. შუაში მოუწესრიგებელი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადატვირთული ზონა მალე გახდება ტურისტებისთვის მიმზიდველი",- აცხადებს ბაიდარაშვილი.

ახალი ორბელიანის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიის ბუჯეტიდან 52 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა, ბაიდარაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტისთვის, შესაძლოა, 55-დან 60-მილიონ ლარამდე იყოს საჭირო.

რაც შეეხება ვადებს, ახალი ორბელიანის რეაბილიტაცია ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.