Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"თელავის ღვინის მარანი": გასული წელი რეკორდული შედეგებით დავასრულეთ

5a69e4b007ff7
მაია ბიწაძე
25.01.18 18:35
945
"თელავის ღვინის მარანმა" გასული წელი რეკორდული შედეგებით დაასრულა, - ამის შესახებ Bm.ge - ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა, კომპანიამ რეალიზაცია 40%-ით გაზარდა და ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე 5,2 მილიონი ბოთლი ღვინო გაყიდა.

"ყველაზე დიდი ზრდა, ჩინეთში დაფიქსირდა, სადაც წელს 1 მილიონი ბოთლი ღვინო გადავტვირთეთ, ამ ბაზარზე 2004 წელს შევედით და თუ თავდაპირველად იქ წელიწადში ერთ-ორ კონტეინერს ვგზავნიდით, ამჟამად ეს ქვეყანა ჩვენს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა, შემდეგ მოყვება პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები. ჩვენ მოვახდინეთ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და რუსეთი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩვენს ექსპორტში პირველ ადგილს იკავებდა, მეხუთე ადგილასაა, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე, რომ რაღაც კატაკლიზმების შემთხვევაში, ხელოვნური იქნება ეს, თუ ბუნებრივი, ნაკლებად დავზარალდეთ... ჩინეთში ჩვენი გაყიდვების ზრდა კი სავარაუდოდ საქართველოსა და ქართული ღვინის ცნობადობის ზრდამ გამოიწვია. შეიძლება, ვუმადლოდეთ იმასაც, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მარკეტინგული აქტივობის თვალსაზრისით, საკმაოდ მიზანმიმართული, გრძელვადიანი პოლიტიკა გაატარა, ეს გულისხმობს როგორც სპეციალისტების დაქირავებას, რომელიც იქ პრომოუტირებას უკეთებენ ქართულ ღვინოს, ასევე კომპანიების გამოფენა-კონკურსებში მონაწილეობას, მათ თანადაფინანსებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.

კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი და ყველა საფასო სეგმენტს მოიცავს, ესაა: სუფრის ღვინოები, რეგიონული ღვინოები, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და ქვევრის, ანუ სატრაპეზო ღვინო, რომელიც ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.