Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას"

5a1d2ccef3667
BM.GE
28.11.17 13:36
705

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვოლოდიმერ გროისმანმა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენ გვიხარია საქართველოს წარმატება და დარწმუნებული ვარ, რეგიონში თქვენი ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა.

ვოლოდიმერ გროისმანმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მეორედ ჩატარება მნიშვნელოვანია და  ხელს უწყობს  ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაუმჯობესებას.  უკრაინის პრემიერმინისტრმა შავი ზღვის რეგიონში  საბორნე გადაზიდვების ხელშეწყობაზე ისაუბრა: „ჩვენ  ვგეგმავთ 60%-მდე შევამციროთ ტარიფები საბორნე გადაზიდვაზე. ჩვენი მიზანია, ეს სფერო  კონკურენტუნარიანი გახდეს“,- განაცხადა ვოლოდიმერ გროსიმანმა.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა აღმოსავლეთსა და დასავლეთს  შორის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარების საკითხზე: „აზიასა და  ევროპას  შორის, ასევე ბალტიის ქვეყნების მიმართულებით  დამაკავშირებელი სერიოზული მიმართულებები არსებობს. ამ დერეფნების თვალსაზრისით, უკრაინას  შეუძლია  იყოს  საკმაოდ სანდო პარტნიორი. რაც ბატონმა კვირიკაშვილმა ბრძანა, ზუსტად ამაზე მსურს თქმა,  რომ ჩვენ  შეგვიძლია შევქმნათ  გაერთიანება:  საქართველო-აზერბაიჯანი-უკრაინა, რკინიგზის და საბორნე მიმოსვლის   გამოყენებით“.

ვოლოდიმერ გროისმანმა  უკრაინის ეკონომიკის განვითარების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული შეთანხმების შესახებაც ისაუბრა, მან განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარებაზე გააკეთა.