Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან

BM.GE
07.03.21 11:35
453
ბიზნესი პანდემიის პირობებში, პრობლემური საკითხები ტურიზმის, უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, მთავრობის მიერ წარდგენილი ეკონომიკური აღდგენის პოლიტიკის შეფასება - ეს მცირე ჩამონათვალია იმ თემების, რაზეც #ForbesTalks-ის ფორმატში Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ და BM.ge-ის მთავარმა რედაქტორმა თელარა გელანტიამ „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელთან, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილთან ისაუბრეს. 

ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან:

- რა ბიზნესებშია დღეს ლაშა პაპაშვილი? - ეს არის Forbes Georgia-ს პირველი კითხვა...

- „რედიქს ჯგუფის“ ბიზნეს-მიმართულება მრავალფეროვანია, მაგრამ ძირითადია, სამწუხაროდ, დღეს ჩავარდნილი ტურიზმი... იცით, რომ რამდენიმე სასტუმრო გვაქვს, რამდენიმეს ვაშენებთ. მაგალითად, სასტუმრო აბასთუმანში, რომლის მშენებლობა არ გაგვიჩერებია და იმედია, ბოლომდე მივიყვანთ პანდემიის მიუხედავად. კარკასის მშენებლობას მოვრჩით... ასევე, სასტუმრო "მუზა" ვერის ბაღთან პატარაა და ლამაზი გამოდის... "ჰილტონს" - გახსნა ვერ ეღირსა, რადგან გახსნის წინ დაიწყო „ლოქდაუნი“ და დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ, სექტემბერში გავხსნით... ტურიზმში ცუდად არის საქმე, შეჩერებები და გაშვებები არის, თუმცა ოფისებში არ არის ისეთი ვარდნა. 15-20%-იანი შემცირება გვაქვს, მაშინ როდესაც გვეგონა, რომ 35%-ით შემცირდებოდა იჯარები. 2020 წელს ამ მხრივ ოპტიმისტური შედეგები გამოვიდა. ოფისები ახლაც ინარჩუნებენ დატვირთვას და მუშაობენ.

- პანდემიით გამოწვეული რთულად პროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით, როგორი მოლოდინები გაქვთ?

- მოლოდინი ნამდვილად ვერ იქნება ოპტიმისტური... არც პესიმისტურია. "დაბალი გაზით", ნელ-ნელა უნდა დავუბრუნდეთ ძველ რიცხვებს. ვფიქრობთ, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მაინც იმოგზაურებენ ვიზიტორები საქართველოში. ჩემთან შემოდის ზარები და თხოვნები, რომ გადავირიეთ, ჩაკეტილები ვართო... რუსეთს და აზერბაიჯანს ვგულისხმობ.

- თუმცა მთავრობა ჯერ მხოლოდ საჰაერო გზით უშვებს საქართველოში ვიზიტორებს...

- ახალმა პრემიერ-მინისტრმა საათებში გადაწყვიტა ჭანჭიკების მოშვება - შეზღუდვების შემსუბუქება და შეიძლება გამოსწორდეს კიდეც მდგომარეობა. ვიცი, რომ რუსეთში არანაირი „ლოქდაუნი“ არ არსებობს. ამხელა ქვეყანა თუ ამის უფლება აძლევს თავს, ჩვენც ნელ-ნელა უნდა ჩავებათ ფერხულში.

- რას ურჩევდით პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ დანიშნულ ირაკლი ღარიბაშვილს?

- სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა საკმაოდ კარგად მახსენდება; რამდენიმე კრიტიკული საკითხი ოპერატიულად გადაწყდა.

- ანუ აქვს თვისება, რომ სწრაფად გადაჭრას საკითხები?

- რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ მისი შს მინისტრობის პერიოდში, ჩემთვის გასაკვირად, ძალიან ოპერატიულად გადამიწყვიტა. ზოგადად, რასაც ყველა ჩინოვნიკს ან რიგით მოხელეს ვთხოვთ, ესაა ოპერატიულობა. ზოგჯერ უარიც კარგი პასუხია. გადადებული საქმე გადაგდებულია. ჩვენი თაობისთვის არ დამთავრდა კარავი და გამოსვლები. ყველამ ერთად როგორმე უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი და საქმე ვაკეთოთ. საქმის კეთება კიდევ ერთმანეთის სკამის ყანყალით, ფანდით და ფეხის დადებით არ გამოდის... ბიზნესს ამოსუნთქვა სჭირდება, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას.

პრემიერს დარგობრივად მოუწევს ყველა მიმართულებაზე ყურადღების მიქცევა და ეს არ არის მარტო ბიზნესი... კულტურის სფეროს დიდი პრობლემები აქვს; ვხედავთ, რა პრობლემები აქვს სპორტს... ამის შეკვრა და ყველა სადავის დაჭერაა გამოსავალი... მხნეობას ვუსურვებ მას...

- ანუ ირაკლი ღარიბაშვილსაც ამხნევებთ?

- რა თქმა უნდა... ჩვენ (ბიზნესმენები) ვართ ამ ქვეყნის 24-საათიანი ჯარისკაცები, 365 დღე წელიწადში და რამდენადაც გამოგვიყენებს, არ გვეზარება.

- რაც შეეხება უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას - როგორ შეაფასებდით?... ხშირად ამბობდნენ, რომ მას ბიზნესის ენა კარგად ესმოდა, მაგრამ საქმეში გამოიხატებოდა ეს თუ უფრო დაყვავებული საუბარი და ბიზნესის თანაგრძნობა გამოსდიოდა?

- ალბათ ასე იყო... კარგად ჩამოაყალიბეთ. ხშირად ვყვები ერთ მაგალითს, რომ მისი ბიზნესომბუდსმენობის დროს ერთად დავდიოდით გიორგი კვირიკაშვილთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთი თემის თაობაზე, რომელიც რძის პროდუქტების დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლებას ეხებოდა. გიორგი გახარიამ იცოდა ეს საკითხი, მაგრამ მთელი ეს პერიოდი შედეგს ვერ მივაღწიეთ. ვეუბნებოდი, ხომ გახსოვს გიორგი, მეუბნებოდა, რომ - კი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე გადადგა თანამდებობიდან, რომ ვერ მოვასწარით ამ საქმის გაკეთება.

- თუმცა როგორც ვიცი, მერძევეობის ინდუსტრიის მხარდაჭერაზე ხელი არ ჩაგიქნევიათ და აფუძნებთ „მერძევეთა ეროვნულ გაერთიანებას“. რა იქნება ამ ასოციაციის მიზნები და ამოცანები?

- ახალი დარგობრივი ასოციაციის მიზანი ქვეყანაში ინტენსიური ფერმების მხარდაჭერა და ინდუსტრიული რძის წარმოების ზრდისთვის სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი სუბსიდიის შემოღებაა.

ე.წ. ქუჩის რძე 21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მისაღები. მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, სადაც ძროხები ქუჩებსა და უბნებში გადაადგილდებიან, ყველა ღობესთან არიან შემდგარნი და ხან ვაზის ფურცლებით იკვებებიან და ხან - პალმით. სპორტსმენი ძროხები გვყავს - ასე ვეძახი მათ; იმდენ კილომეტრს გადიან, რაღა უნდა მოიწველონ მერე.

რძის და ხორცის წარმოება - ეს ის მიმართულებებია, სადაც მე პირადადაც შემიძლია დავაინტერესო პარტნიორები, რომ ჩადონ ინვესტიცია. მთავარია, იყოს სახელმწიფოს მხარდაჭერა და სწორი რეგულაციები. ზოგადად, მერძევეობის ინდუსტრიას უამრავი დონორი ჰყავს, დარგმა ბევრი დაფინანსებაც მიიღო, მაგრამ მეტი წილი ფუჭად დაიხარჯა. შვეიცარიის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იქ დაფინანსდა და წახალისდა გაერთიანება, გამსხვილება და საწველი დარბაზების შექმნა. ჩემს ფერმას - „ყვარლის ბაგას“ „ნიუ ჰოსპიტალს“ ვუწოდებ ხოლმე, იმდენ იოდს, პირბადეს და ხელთათმანს ვიყენებთ.... ამ შედარებისთვის, იმედია, „ნიუ ჰოსპიტალი“ არ მიწყენს.

ახალს არაფერი ვიგონებ, ზოგადად, არ მიყვარს ბიზნესში ველოსიპედების გამოგონება. ფაქტია, საქართველოში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია; პარალელურად, ვხედავთ იმასაც, რომ ადგილობრივი წარმოება სასურსათო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და წლიდან წლამდე იზრდება რძის და რძის ფხვნილის იმპორტი; ქვეყანაში სულ რამდენიმე ინდუსტრიული ფერმაა. ამის მიზეზი კი, ბევრია - ცოდნის დეფიციტი, ტექნოლოგიების სიმწირე, ფრაგმენტირებული მიწები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რადგან ინტენსიური ფერმის აშენება დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ დარგი პირდაპირ დასუბსიდირდეს ანუ ლიტრ რძეზე რაღაც გარკვეული დანამატი მიიღონ ინდუსტრიულმა ფერმებმა. წამალში ფულის ხარჯვას სჯობს, ხარისხიან პროდუქტში გადავიხადოთ თანხა, განსაკუთრებით - რძეში. ლიტრ რძეზე 10 თეთრიც რომ იყოს დანამატი, უკვე სიგნალია, რომ სახელმწიფოს აინტერესებს მერძევეობის განვითარება... ისე, უფრო 20-თეთრიან დანამატზე ვფიქრობ, გამომდინარე დოლართან მიმართებით ლარის კურსის მდგომარეობისა. 20 თეთრი არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება დარგის წახალისებისთვის გარღვევა იყოს.

- გაქვთ იმედი, რომ პრემიერ-მინისტრი და, ზოგადად, მთავრობა მხარს დაგიჭერთ ამ საკითხში?

- სხვა გზა არ არის... „მერძევეთა ეროვნული გაერთიანება“ არ იქმნება ვიწრო მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად; ასოციაცია ფუძნდება იმისთვის, რომ დარგი განვითარდეს და ფერმერიც კმაყოფილი იყოს და მომხმარებელიც... ინდუსტრიული რძის მწარმოებლების პირდაპირი სუბსიდირების გზას არაერთმა ქვეყანამ მიმართა და დარგის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

ეს იქნება გარკვეული სიგნალი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ სახელმწიფო დარგს ყურადღებას აქცევს. ათწლეულების განმავლობაში რძის ინდუსტრიას პირდაპირ ასუბსიდირებდა ევროპა. დღესაც ევროკავშირი აფინანსებს კვების ბაზრის 30%-ს ანუ არაპირდაპირი სუბსიდირება მაინც დაიტოვეს... ასევე, პირდაპირ ასუბსიდირებდნენ დარგს რუსეთში; ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშიც არის მხარდამჭერი პროგრამები.

- კიდევ რა თემებზე იმუშავებს ახალი დარგობრივი ასოციაცია?

- ევროპასა და აშშ-ში არიან დარგობრივი ასოციაციები, რომლებიც მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პირუტყვის ჯიშური სისუფთავის შენარჩუნება და ამ მიზნით, განაყოფიერების მაქსიმალური კონტროლი; რძის პროდუქტების ხარისხზე ზრუნვა და ა.შ. ასევე, როგორც იცით, ინდუსტრიულ ფერმებში, სადაც საქონელი ბაგურ კვებაზეა, ყველაზე ხარჯიანია სწორედ კვების ნაწილი, ავტომატიზებული სისტემების შექმნა ფერმებში და თუ გაერთიანება იქნება ძლიერი და მოხდება ფერმების კონსოლიდაცია, ეს ხარჯებსაც შეამცირებს; გარდა ამისა, შესაძლოა, მსოფლიოში ცნობილმა ბრენდებმა საქართველოში სერვის-ცენტრებიც გახსნან; დღეს კი, მაგალითად, Afimilk-ის დანადგარის გამოსაცვლელად ან შესაკეთებლად მიწევს აზერბაიჯანიდან ან ისრაელიდან მოვიწვიო სპეციალისტი.

- ვიდრე მერძევეობის ინდუსტრიის სუბსიდირების ინიციატივაზე მიიღებდეთ მხარდაჭერას, რას ურჩევდით კიდევ ახალ პრემიერ-მინისტრს? თავად ირაკლი ღარიბაშვილმაც თქვა, რომ არაორდინალური და სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღებიო.. თქვენი აზრით, რა იქნებოდა არაორდინალური?

- პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. ჩვენ ჩვენი სატკივარი უნდა ვუთხრათ და რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება. ნებისმიერი ჩინოვნიკი, ზოგადად, ერი, ბერი, მოსამართლე, თუნდაც რიგითი პოლიციელი ბიზნესს გვერდით უნდა დაუდგეს, რადგან საშუალო ბიზნესს ყველაზე დიდი დარტყმა აქვს მიღებული და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ყველა მცირე ბიზნესის უკან უამრავი ოჯახი დგას და მათი დახურვა ძალიან დიდი ტკივილი იქნება; როგორმე უნდა შევინარჩუნოთ და დავაბრუნოთ ბიზნესში საშუალო ფენა.

- რა სჭირდება დღეს ბიზნესს გადარჩენისთვის? რას ეტყოდით პრემიერს შეხვედრისას?

- პრემიერმა ყველა სექტორს დარგობრივად უნდა მოუსმინოს. არ მგონია, რომ ჩვენ 1.5 მლრდ გვიშველის. ვფიქრობ, კიდევ რა თანხებიც შემოვა დონორებისგან, სხვადასხვა დარგზე საჭიროების მიხედვით უნდა მიიმართოს. ასევე, უნდა ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი პოლიტიკა დარგების მიხედვით. მაგალითად, გვინდა, სპორტული დარბაზები? - ამ მიმართულებითაც გრძელვადიანი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ; წამალში ფულის ყრას რძე დაასუბსიდირონ და უფრო ჯანმრთელი გენოფონდი გვექნება... სპორტი უნდა დავასუბსიდიროთ.

- ბატონო ლაშა, რამდენად აქვს აზრი გრძელვადიანი პოლიტიკების წერას ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრები მოულოდნელად იცვლებიან? ირაკლი ღარიბაშვილმაც დაანონსა, რომ 100 დღეში ეკონომიკის 10-წლიანი განვითარების გეგმას?

- ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებისას კონსესუსი უნდა იყოს. ის საზოგადოებამ უნდა შექმნას და არა - ერთმა ადამიანმა. თუ ვინმე მიმიწვევს, ყველაფერში - ვერ, მაგრამ ტურიზმის და სოფლის მეურნეობის ჯგუფებში ჩავერთვები... ქვეყანაში ძირეული რეფორმების განხორციელებაა საჭირო, რაც გმირობას მოითხოვს. ისტორიაში ყველა რეფორმატორი გმირი იყო. ეს მარტივი არ არის. ამას სჭირდება დიდი ძალისხმევა და შრომა.

ვფიქრობ, სახელმწიფოს მთავარი როლი არის ინფრასტრუქტურის მოწყობაში - ეს არის, მაგალითად, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ქვეყანაში ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს ყველაზე ხარისხიანი წყალი, რადგან ამის დიდი რესურსი გვაქვს, უბრალოდ, სათავე ნაგებობები უხარისხოდაა მოწყობილი. მაგალითად, ავსტრიაში როდესაც ჩადიხართ, ყველგან რეკლამაა, რომ იქ ონკანის წყალი ისმევა. კურორტ ტიროლში 6 მლნ ტურისტი ჩადის და აქვთ დეტოქს-პროგრამები არამარტო ზამთარში, არამედ ზაფხულში და ამ ყველაფერში მთავარი წყალია. ჩვენ კავკასიონი და ულევი წყლის მარაგი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ... პრობლემებია ირიგაციაშიც - საქართველოში 1 ჰა-ზე 20-25 ტონა სიმინდი და ქერი მოჰყავთ; დღევანდელი ტექნოლოგიებით კი, შეგვიძლია ეს მოცულობა ძალიან პატარა მიწის ნაკვეთზე მოვიყვანოთ, თან გენმოდიფიცირების გარეშე. ამის შესაძლებლობა არის და რამდენიმე ათას ჰექტარზე საქართველოსთვის საკმარისი ბურღულეული შეიძლება მოვიყვანოთ და ა.შ.

- წყლის რესურსები ახსენეთ და ჰიდროელექტროსადგურებთან აშენებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არებული მოსახლეობის, ძირითადად, ნეგატიური განწყობა გამახსენდა... როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ამ ვითარებაში მთავრობას?

- იცით, რაშია საქმე - როცა შენ რაღაც უშველებელ ჰესს აშენებ, ადგილობრივ მოსახლეს ყოველთვის ექნება პროტესტი. ამიტომ არ უნდა დაიზაროს არც ინვესტორმა და არც მთავრობამ და კეთილი უნდა ინებონ და მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ მოსახლეობასთან, პრობლემები მოუგვარონ... თუ ქვეყანას სჭირდება სოფლიდან ადგილობრივების განსახლება, თუ ამის ეკონომიკური დასაბუთება და კრიტიკული საჭიროებაა, ამაზეც უნდა წავიდეთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ცხოვრება გაუფუჭო. ყოფითი პრობლემები უნდა მოუგვარო ხალხს.. ისტორიულ ძეგლებს არ უნდა შეეხო...

- ყოველთვის გამომრჩა და ახლა უნდა გკითხოთ - ლაშა პაპაშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორის შემოსვლა - ეს არის ფრანგული ბანკი Societe Generale-ი... რატომ არ დარჩა ეს ჯგუფი საქართველოში?

- თავდაპირველად HSBC-ის ბანკ „რესპუბლიკას“ ნაწილში ველაპარაკებოდი, რომ საქართველოშიც შემოსულიყო, რადგან უკვე სომხეთში იყო. გვითხრეს, რომ ეს ქვეყანა არ აინტერესებდათ, მაგრამ როგორც კი Societe Generale-თან გარიგება მოხდა, მაშინვე მოჰყვა ისიც [HSBC] და არაფრიდან დაიწყო...

- რატომ წავიდა Societe Generale-ი საქართველოდან?

- მთავრობასაც აქვს რაღაც წილი მათი ქვეყნიდან გასვლის საკითხში. ეს აჩვენებს, რომ ინვესტორს მეტი ყურადღება სჭირდება. ისინი სისხლის ფასად მოვიყვანეთ... ვიღაცას ჰგონია, რომ წავედი და მოვიდნენ. ისეთი ამოცანები დაგვისახეს შემოსვლისას, ისეთი რაღაცეები უნდა გადაგველახა... მთელი გუნდის დამსახურებაა ეს - 45 ფრანგი გამოგზავნეს, რომლებიც ბანკს ორი თვე ამოწმებდნენ. ასეთი გამოცდა გავიარეთ და გავიდნენ ქვეყნიდან. ეს ნიშნავს, რომ ვერ გავუფრთხილდით, თუმცა მათი გასვლის ძირითადი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა იყო.

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემა რომ გავაგრძელოთ, ბოლო წლებში ძირითადად, FDI-ის კლების ტენდენცია აქვს... დავკარგეთ საინვესტიციო მიმზიდველობა?

- ინვესტიციების კუთხით რამდენიმე წლის წინ არ იყო ასეთი სიტუაცია, ხომ? იმაზე ადრე უფრო ცუდი სიტუაცია იყო, მერე - უკეთესი... ეს ყველაფერი მთავრობის ხელშია.

- რამდენად კარგად მართა საქართველოს მთავრობამ პანდემია 2020 წელს?

- მე მგონი, რომ კარგად... თავდაპირველად მკაცრი „ლოქდაუნის“ მომხრე არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ საჭირო იყო. ჯამში, მთავრობის მხრიდან პანდემიასთან ბრძოლას 4+-ით შევაფასებდი.

- რეგულაციებზეც მინდა გკითხოთ - რამდენად გრჩებათ იმის შთაბეჭდილება, რომ მთავრობა არსავალდებულო ახალი რეგულაციების გადასავადებლად მაქსიმუმს აკეთებს, რადგან პანდემიამ ბიზნესი ისედან რთულ მდგომარებაში ჩააგდო...

- ვერ აკეთებს...

- აი, მაგალითად, ბოლო დროს აქტუალურია ტაბელის ცხრილის წარმოება, რომელიც ახალი ვალდებულებაა და დამსაქმებელს დასაქმებულის სამუშაო საათების აღრიცხვას ავალდებულებს...

- ურთულესი თემაა და ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ ამას ჯარიმა სჯობს. ადამიანური რესურსი უნდა გაამსხვილო, რომ ყოველდღიურად აწეროს ხელი ამ ცხრილებზე. მე არ მგონია, რომ ევროკავშირში ასე იყოს... ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში შემხვედრია; შეიძლება, პროგრამულად არის უზრუნველყოფილი და „წკაპები“ აკეთებენ ამ ყველაფერს და ამას არანაირი „ტაბელობანა“ არ სჭირდება. აუცილებელია, რომ ტაბელი მივიღოთ, მაგრამ - თანდათან... შრომის ინპექციასთან შეხვედრაზე ჩემი იურისტები იყვნენ და ვუთხარით, რომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამის შემოტანა. პროცესი ონლაინ უნდა კონტროლდებოდეს და არა ინსპექტორები დადიოდნენ კომპანიებში. უფრო ხშირია შრომის ინსპექტორების ვიზიტები... სასამართლო დავებიც არის ამაზე. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა მშენებელი კი არ დააჯარიმეს, რომელიც აშენებს ობიექტს, არამედ - მე და რა შუაში ვარ?!

- და ბოლოს, რა პროგნოზები გაქვთ უძრავი ქონების ბაზრისთვის?

- მშენებლობა აღარ გვინდა ამ ქალაქში განსაკუთრებით საცხოვრებელი კორპუსების. ეს არის ჩემი მოლოდინი და თხოვნა ყველასთან, რომ შეაჩერონ ყველაფერი. არსებულს თუ გადავაკეთებთ და ძველს თუ აჟურში მოვიყვანთ, თორე საცხოვრებელი სახლების მშენებლობების წინააღმდეგი ვარ.

- შეივსო თბილისი?

- 20 წლის წინ შეივსო თბილისი, არც ერთი აგური არ სჭირდება თბილისს.

- და თავად ხომ ბევრი ააშენეთ თბილისში 20 წლის განმავლობაში?

- ჩვენ ერთი ავაშენეთ 2009-ში ვაჟა-ფშაველაზე, დაწყებულიობიექტი ვიყიდე და ამის მერე საცხოვრებელი სახლები არ ამიშენებია. Residential Development-ი ნამდვილად ზედმეტია... რეგულაცია არ არის. მაგალითად, ბორის ჯონსონსმა დაადგინა ლონდონში რა შეიძლება ვინმემ ააშენოს და ვთქვათ, 35 კვ.მ.-ზე ნაკლები უნდა იყოს 1-ოთახიანი, ოღონდ ერთი საძინებელი და ერთი მისაღები უნდა ჰქონდეს, 2-ოთახინი უნდა იყოს მინიმუმ 52 კვ.მ. და ასე შემდეგ. ჩვენთან იყიდება ყველაზე იაფ-ფასიანი ბინები და როდემდე... უცხოეთში ნასწავლი ბავშვები ჩამოდიან და ამბობენ, რა მოხდება თუ მტვერ-სასრუტი შეისრუტავს ზედმეტ მშენებლობებს, ერთ ღამეს დაიძინებენ და აღარ ქნებიან ეს გოლიათები, რომლებიც ქალაქს ამახინჯებენ.