Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის"

5a699858beea6
BM.GE
25.01.18 12:34
869
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმა დავოსის ფორუმის ფარგლებში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრები კიდევ ერთხელ შეაჯამა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.

„ამ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, როგორ უნდა მოვემზადოთ მთელი ეს პერიოდი. ძალიან დიდი შედეგია ის, რომ უკვე მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, მოახდენს იდენტიფიცირებას იმ მიმართულებების, ან თუნდაც ჩავარდნების, რომელთა განვითარება აუცილებელია, რათა საქართველოს ჰქონდეს ყველა შემადგენელი კომპონენტი, რომ კვალიფიცირდებოდეს ასეთი ტიპის უმაღლესი რანგის კონკურსებისთვის. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ დღეიდან 12 წლის შემდეგ საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ძალიან დიდ ყურადღებას მოიპყრობს საქართველოს მიმართ.

ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების, ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახეობებში ჩართვის მიმართულებით. ეს იქნება მთელი მთავრობის სამოქმედო გეგმა, სადაც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა უწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განაცხადს და დადებით ამბიციას ძალიან პოზიტიურად შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აბსოლუტურად ყველანაირი დახმარება აღგვითქვა. ჩვენ მოვემზადებით იმ ვიზიტისთვის, რომელიც მარტში შედგება და დავიწყებთ კონკრეტული გეგმის განხორციელებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან, კონკრეტულად საფრანგეთთან, ხელი მოეწერა სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულებას.

„მთის მიმართულებით, არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სახეობებში, არამედ გიდებისა და მარშრუტების მომზადების და ა.შ პროცესში შეგვიძლია, მთელი ჩვენი სამთო რეგიონები ძალიან მნიშვნელოვნად ჩავრთოთ. ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება. არამედ, აქ შეიძლება მთელი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული სარგებელი. გადამზადება გიდებად, იქნება ახალი შესაძლებლობა მთაში მცხოვრებთათვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ და, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 65%-ზე მეტი აქვს მთიანი მასივი. ეს არის უდიდესი სიმდიდრე, რომლის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.