Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

განათლების ახალი მინისტრის იმედი

5a13fe45c0b7d
ჯაბა თარიმანაშვილი
21.11.17 14:19
930
შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი – ადამ სმიტი, 1776 წელს გამოცემულ წიგნში „ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ აღნიშნავს: „ყველა გონიერი ოჯახის უფროსის პრინციპია, არასოდეს ეცადოს სახლში იმის გაკეთებას, რისი ყიდვაც გაკეთებაზე უფრო იაფი დაუჯდება“. აღნიშნული პრინციპის ძირითადი მიზანია შედარებითი უპირატესობის (წარმოებისთვის საჭირო უფრო ნაკლები ალტერნატიული დანახარჯის გამოყენების) გააზრება.
ამრიგად, ქართველებმა არ უნდა დავიწყოთ ისეთი პროდუქციის წარმოება, რაც სხვა მწარმოებლებზე ძვირი გვიჯდება. აუცილებელია გამოვიკვლიოთ ჩვენი უპირატესობები, მაგ.: კლიმატი, გეოგრაფია, ჰიდრო რესურსები, მეზობელი ქვეყნების ნედლეულის გადამუშავების შესაძლებლობებისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების სინერგიის შექმნა, საქართველოს უნიკალურობები, რის საფუძველზეც შეიძლება შეიქმნას საწარმოო ან მომსახურების პროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება გლობალურ ბაზარზე. ხოლო ვაჭრობის შედეგად, შევძლებთ მიღებული დოვლათიდან ისეთი პროდუქციის შეძენას, რომლის წარმოებაც სხვა ქვეყნებს ჩვენზე უკეთ და იაფად გამოსდით.

ხშირად გვესმის, რომ საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია დაცული იყოს ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო. აღნიშნული ინსტიტუტების სიძლიერე იყო უმთავრესი ევროპული ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური განვითარებისათვის, რაც დადებითად აისახა ევროპის მოსახლეობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურული ღონისძიებები, ტურიზმის ხელშეწყობა გარკვეულ დონემდე აუცილებელია, უნდა განისაზღვროს პრიორიტებები, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს ტურიზმს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ). შრომატევადი დარგის განვითარებისას, საზოგადოებრივი ამონაგები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მეცნიერება და კაპიტალტევადი დარგების განვითარების შემთხვევაში. „ჩექინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში ქვეყანა მილიონობით ლარს ხარჯავს კულტურული ღონისძიებების (მუსიკალური ფესტივალებისა და კონცერტების) დაფინანსებისათვის. მაგრამ ანალიტიკოსების კითხვაზე, თუ რა დონეზე ახდენს აღნიშნული ღონისძიებები დადებით გავლენას ტურიზმის ხელშეწყობაზე მთავრობა ვერ პასუხობს კონკრეტული ციფრებით.

საქართველოს მთავრობის მიერ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მცდელობა დადებითად უნდა შეფასდეს. შეიქმნა ტექნოპარკი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სტარტაპ საქართველო, აწარმოე საქართველოში, რაც მისასალმებელია. მაგრამ, რამდენად ამზადებს საქართველოს განათლების სისტემა ტექნოლოგიურ ინოვატორებს და კრეატიული შესაძლებლობების მომავლის სპეციალისტებს? საინტერესოა რა გავლენა ექნებოდა “ჩექინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში ხელი შეეწყოს კულტურულ ღონისძიებებთან ერთად ახალგაზრდების განათლებას იმისათვის, რომ შეისწავლონ ელექტრონული მუსიკის შექმნა. საქართველოს მთავრობა მუსიკალურ ფესტივალებზე ასიათასობით ლარს უხდის უცხოელ დიჯეებს (DJ), რაც კარგია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები ჰყავს. კარგი იქნებოდა მსოფლიოს ცნობილი დიჯეების (DJ) მოწვევა სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც ყოფილიყო, კერძოდ კი ქართველი ახალგაზრდების სწავლება მოხდეს უცხოელი წარმატებული მუსიკოსების მიერ. ახალგაზრდა მუსიკოსებმა უნდა შეისწავლონ თუ, როგორ შექმნან თანამედროვე ელექტრონული მუსიკა, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მუსიკოსებს მსოფლიოში ელ. მუსიკის ცნობილი გენერატორები გახდნენ. მსოფლიო მოითხოვს სიახლეს და საქართველოს აქვს სოლიდური მუსიკალური გენეტიკა. ფორბსის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოს ცნობილი ათი დიჯეის (DJ) ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა $298 მილიონი შეადგინა, ამათგან სტივ აოკი და მარტინ გარიქსი, წელს იმყოფებოდნენ ჯემ ფესტ–ზე განმუხურში. დიჯეი მაგის ტოპ 100 დიჯეის შორის (djmag.com/top100djs), მარტინ გარიქსი პირველია, ხოლო სტივ აოკი მეცხრე. ქართველი მუსიკოსებიდან სწავლებისას ერთმაც, რომ გაამართლოს, საქართველო სოლიდურ შემოსავალთან ერთად, მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის სამყაროშიც დაიმკვიდრებს ადგილს.

2017 წლის სექტემბერში დავესწარი, საქართველოს ბანკის SOLO–ს მიერ ორგანიზებულ სემინარს, სადაც მოწვეული იყო ესპანური IE ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი − ტომას დე ლარა ეგილარი, რომელმაც ძალიან საინტერესო მოხსენება წარმოადგინა. „უკვე ყველაფერი ციფრულ და ინტერნეტ ტექნოლოგიებზე გადადის: მობილური აპლიკაციები, სმარტ სახლები, გათბობა გაგრილების სისტემები, სამედიცინო და საზღვაო კომპანიები და სხვა მრავალი დარგი და მომსახურება. ამიტომაც რისკები დღითიდღე იზრდება, რაც ზრდის კიბერ შეტევისგან დაცვის მნიშვნელობას. კიბერ უსაფთხოება არის მომავლის პროფესია, მაღალ ანაზღაურებადი და მოთხოვნადი. 2020 წლისათვის, მსოფლიოში 2 მილიონი კიბერ უსაფთხოების სპეციალისტის ნაკლებობა იქნება“. ასევე გასათვალისწინებელია ჩინელი ბიზნესმენის, მსოფლიოში ყველა მსხვილი ელ. კომერციის პლატფორმის – ალიბაბას მფლობელის – ჯეკ მას 2017 წლის მოხსენებები, სადაც საუბარი ეხება იმ მოვლენას, რომ ჩვენ მესამე ტექნოლოგიური, და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მომსწრენი ვართ. შესაბამისად, უნდა მოვახერხოთ გლობალურ ბიზნესში ჩართვა, ინოვაციებისთვის მზადყოფნა, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე უკვე მონაცემთა ტექნოლოგიებს (DT – Data Technology) და ხელოვნური ინტელექტის (AI – Artificial Intelligence) გააქტიურებას ვაწყდებით. მომავალში ვირტუალური ეკონომიკა იარსებებს, სადაც ნებისმიერ პიროვნებას და მცირე ბიზნესს შეეძლება გლობალური ყიდვა–გაყიდვა, გლობალური გადახდა, მიწოდება და გლობალური მოგზაურობა. ადამიანების უმეტესობას უნდა ხედავდეს რომ დაიჯეროს. ხოლო რეალურ მეწარმეებსა და ლიდერებს ჯერ სჯერათ, შემდეგ კი ხედავენ. ჯერ სჯერათ მომავლის, შემდეგ ხედავენ მომავალს. ამიტომ, მნიშვნელოვანია გვქონდეს რწმენა, გვჯეროდეს ჩვენი ხედვებისა და იდეების. ვიბრძოლოთ ამისთვის მიუხედავად წინაღობებისა, რომ საბოლოოდ ვიხილოთ შედეგი და შევიგრძნოთ წარმატება. მესამე ტექნოლოგიური გარდაქმნის შემდეგ, შეჯიბრება სიბრძნითა და გამოცდილებით მოხდება და არა კუნთებით. ახალგაზრდების დახმარება არის მომავლის დახმარება, რწმენა ახალგაზრდა თაობაში არის რწმენა მომავლისა. ხელოვნური ინტელექტი შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, მაგრამ საწყისი 15 წელი იქნება პრობლემური. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოება ვეღარ შექმნის მომავალში სამუშაო ადგილებს, რადგან წარმოების უმეტესობა შექმნილი იქნება ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების მიერ. მომსახურების ინდუსტრია, ტურიზმი შექმნის მრავალ სამუშაო ადგილს.

ქართულ რეალობაშიც, უკვე აქტიურად ვხვდებით ტექნოლოგიების განვითარებას, მაგრამ ჯერ ჯერობით შემდეგი სახით. მაგ.: ბანკებში – ფეი ბოქსი, სწრაფი კვების ობიექტებში – შეკვეთის ავტომატები, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, მობილური აპლიკაციები, ინტერნეტ ვაჭრობა და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ მცირდება სტანდარტული მომსახურებისთვის ადამიანური რესურსის გამოყენება, მხოლოდ ოპერატორი ადამიანები, მალე საჭირო აღარ იქნება, რადგან მომავალი არის ინოვაციებში და ტექნოლოგიების შექმნა–განვითარების უნარში. ამიტომ ძალიან სწრაფი და მყისიერი მოქმედების დროა საქართველოს განათლების სისტემაში, რომ აღარ გაიზარდონ მხოლოდ ოპერატორები, იმისათვის, რომ მომავალი თაობა იყოს მზად შექმნას და დანერგოს სიახლე, აჯობოს რობოტს, რომელსაც არ გააჩნია სიბრძე და სიყვარული. ასევე გასატარებელია რეფორმები საერთაშორისო ბიზნესის კეთების ხელშესაწყობად, რადგან მსოფლიო ხდება გლობალური და საქართველო იძულებულია იყოს მსოფლიოს ნაწილი.

ბიზნეს მედია საქართველოსთან მიცემულ ინტერვიუში, საქართველოში ერთ ერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა – თემურ ჭყონიამ, გამოთქვა განათლების სფეროში ინვესტირების სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ფორმატზე არ იყო ჩამოყალიბებული. ასევე გაიხსენა კახა ბენდუქიძის წვლილი, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში. თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე, შეიქმნა კოდის წერის გამავრცელებელთა საზოგადოება, რომლის როლი და გააქტიურება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „თანამედროვე სამყაროში პროგრამირების ცოდნა ისეთივე აუცილებელია, როგორც წერა-კითხვის თუ გამრავლების ტაბულის და ეს ცოდნა დღითიდღე უფრო ფასდაუდებელი ხდება.

მრავალ განვითარებულ ქვეყანაში კოდის წერა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ისწავლება, თუმცა, საქართველოში მოსწავლეებს ამის საშუალება არ აქვთ“. [Freeuni Coding Lab]. თავისუფალი უნივერსიტეტი სთავაზობს 13 წლის ასაკიდან შესაბამის სწავლებას პროგრამირების საწყისებსა და მათემატიკის კურსს კომპიუტერული მეცნიერებისთვის, მაგრამ აღნიშნული კურსის გავლა ძირითადად თბილისში შეიძლება. ამიტომ ქართველი ბიზნესმენების როლი ძალიან დიდია, იმისათვის, განხორციელდეს აღნიშნული კურსის, ან ციფრული სამყაროსთვის მზადების ანალოგიური ინიციატივების განხორციელება რეგიონებში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღნიშნავს, რომ “გლობალიზაცია არის გარდაუვალი მოვლენა და იგი უკავშირდება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო გახდა გლობალური. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდმა ქვეყნებმა უნდა შთანთქან მცირე ქვეყნების კულტურული, სულიერი თუ ეროვნული ფასეულობანი, რათა შეიქმნას ერთიანი და უსახო კულტურა”.

აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო და მოსახლეობა, ერთის მხრივ მზად იყოს გლობალიზაციისთვის, როგორც გარდაუვალი მოვლენისთვის, ხოლო მეორეს მხრივ არ დაკარგოს თავისი უნიკალურობა და ის ღირებულებები, რამაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე მოიყვანა. ასევე მნიშვნელოვანია მომავალი თაობის სწორი აღზრდა, განათლების სისტემის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა, მაგრამ ამასთანავე იმ ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინება, რაც მომავალი თაობის სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ხაზს გაუსვამს საქართველოს უნიკალურობას.

კომპლექსური სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი, სოლიდური სტრატეგიული გეგმის შემუშავება და არსებობა. გასათვალისწინებელია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე–პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრისა და დუბაის მმართველის – შეიხ მუხამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მიერ გაჟღერებული ინიციატივა: “UAE Centennial 2071”, რომელიც მან 2017 წელს დაანონსა. ეს არის ხედვა და მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის, აბუ დაბის პრინცის და არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის მოადგილის ლექციას, რომელიც ხუთ დეკადას მოიცავს და რომლის მიზანიც საემიროების მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნად ჩამოყალიბებაა 2071 წლისათვის. იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ უკეთეს გარემოში, უფრო ბედნიერად, მეტი შესაძლებლობებით და უკეთესი კომუნიკაციით მთელ მსოფლიოსთან. აღნიშნული ხედვა ოთხ ძირითად ასპექტს მოიცავს: განათლება, ეკონომიკა, მმართველობის განვითარება და საზოგადოების ერთობა“.

სამწუხაროა, რომ განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ – ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას ერთი სიტყვაც არ დასცდენია განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე, განვითარების გზებზე, განათლების გლობალიზაციასა და საქართველოს მომავალი თაობის შესაძლებლობების განვითარებაზე. პირიქით თავი ზღაპრის გმირების, „კომბლეს“ კრიტიკით და მეცნიერების განვითარებისთვის უსარგებლო მსჯელობით დაგვამახსოვრა. კარგი იქნებოდა სამომავლოდ, დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე პირი, აღარ დაინიშნოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. ამასთანავე იმედის მომცემია განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის – ბატონი მიხეილ ჩხენკელის ბიოგრაფია და მიღწევები. საქართველოს არა აქვს ფუფუნება დაკარგოს დრო, მყისიერი მოქმედების დროა, იმისათვის, რომ „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენი იყოს“.