20.May .2021 12:35

„ივნისში სასტუმრო „ესკიზი“ თბილისში გაიხსნება“ - ნუკი თორაძე ქალების ნარატივში

Back

„“ესკიზის“ გუდაურში გახსნა მომავალ წელს მოიაზრება“ - "ესკიზის" სასტუმროების ქსელის და ღვინის კომპანიის დამფუძნებელი ნუკი თორაძე „ქალების ნარატივში“

 

-მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ...

-ვსწავლობ შვეიცარიაში, მაგრამ მომიწია აკადემიური წლის აღება და საქართველოში დაბრუნება. ამ ერთ წელიწადში მოვახერხე, რომ ღვინის კომპანია დავაარსე და სასტუმროს ვმართავ.  ამ პერიოდში სასტუმროს მენეჯმენტისთვის ბევრი რამ შეიცვალა, რეგულაციების დაცვაც სირთულეებს უკავშირდება, შემდეგ მივეჩვიეთ;  ვფიქრობ, როცა სტუმრები ჩამოდიან, თავს გრძნობენ უსაფრთხო გარემოში, ვცდილობთ ყველა სტუმრის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ გარემოებების მიუხედავად. რაც შეეხება ტურისტების აქტიურობას, მათმა რიცხვმა  იმატა, მაგრამ მაინც არ არის ის რაოდენობა, რაც უნდა იყოს. ხელისშემშლელია ისიც, რომ მხოლოდ საჰაერო გზაა გახსნილი და სახმელეთო საზღვარი ამ დრომდე არ გახსნილა, არადა ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ ასე ახერხებდა საქართველოში მოგზაურობას.

 

-ამ ეტაპზე „ესკიზი“ წარმოდგენილია მხოლოდ თელავში; შემდეგ ეტაპზე სად უნდა ველოდოთ მის გახსნას?

-მოიაზრება, რომ ივნისში „ესკიზი გაიხსნება თბილისში. სასტუმრო განთავსებულია მე-19 საუკუნის სახლში, თბილისში, აღმაშენებელზე. ეს სახლი ააშენა გერმანელმა ქალმა და დროთა განმავლობაში იქ ცხოვრობდა ბევრი საინტერესო ხალხი, ერთ-ერთი მაცხოვრებელი იყო ჩემი დიდი ბაბუა. იქ იმართებოდა ხოლმე სალონური შეხვედრები.

ასევე, სასტუმროსთან ერთად იქნება 2 რესტორანიც, ღვინის სალონი, ასევე სამომავლოდ გვსურს პრემიუმ კლასის ღვინის სადეგუსტაციო სივრცის გაკეთებაც, რომელიც საქართველოში ალბათ ერთ-ერთი პირველი იქნება. „ესკიზის“ გუდაურში გახსნა მომავალ წელს მოიაზრება;ახლა თბილისში გახსნაზე ვართ გადართული. ძალიან კარგი გუნდი გვყავს თელავშიც და თბილისშიც.

 

 

-რა ჯიშის ღვინოს აწარმოებთ?

-ჯერჯერობით გვაქვს საფერავი, ქისი და რქაწითელი, რომლებიც ახლა ქვევრშია. ღვინის წარმოების სურვილი პანდემიისას დამებადა და დაკავშირებული იყო მათ შორის იმასთან, რომ სასტუმრო კახეთშია. ექსპორტზე გატანისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჯერჯერობით დაახლოებით 10-15 ათასი ბოთლის ჩამოსხმას ვაპირებთ, შემდეგ კი გაფართოებასაც. ღვინო მოწმდება - აუცილებლად გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებებს.  

 

-შვეიცარიაში აპირებთ დაბრუნებას?

-დიახ, აგვისტოში; ვსწავლობ ბიზნესის მართვასა და მარკეტინგს. 

 

-თქვენი მიზნები რას უკავშირდება?

-ძალიან მინდა საქართველოს ისტორია გავიტანო საზღვრებს გარეთ. ვოცნებობ, რომ „ესკიზი“ უცხოელ დამსვენებლებსაც შევთავაზო, თუნდაც შვეიცარიაში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში - თავისი კონცეფციით, ქართული სტილითა და კულტურით.

 

  





სტუმარი: ნუკი თორაძე - "ესკიზის" სასტუმროების ქსელის და ღვინის კომპანიის დამფუძნებელი.