Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა "სითი პარკი" დააჯარიმა

5a97b5b84b470
სალომე მეცხვარიშვილი
01.03.18 12:11
975
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა "სითი პარკი" დააჯარიმა. ამის შესახებ საუბარია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2017 წლის ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია დაჯარიმდა მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევისთვის. ამასთან, „სითი პარკს“ დაევალა გარკვეული ღონისძიებების გატარება, რომელთა პრაქტიკაში დამკვიდრებითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა არა მხოლოდ განმცხადებლის, არამედ ათასობით სხვა პირის უფლებების დაცვა.

"2017 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მომართა მოქალაქემ, რომელიც ვებგვერდიდან - www.ct-park.ge მისი დაჯარიმების შესახებ ინფორმაციის წაშლას ითხოვდა.

განმცხადებლის მოსაზრებით, კომპანიას საკუთარ ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მფლობელების დაჯარიმების თაობაზე ინფორმაცია იმგვარად ჰქონდა გამოქვეყნებული, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივად დაადგენდა მის სხვა პერსონალურ მონაცემებსაც, მათ შორის, სავარაუდო საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის მისამართებს. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ვებგვერდზე www.ct-park.ge ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით და განუსაზღვრელი ვადით განთავსებული იყო ათასობით პირის შესახებ მოცულობითი ინფორმაცია, კერძოდ: საჯარიმო ქვითრისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ფოტო- მასალა, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, საჯარიმო ქვითრის სტატუსი, სამართალდარღვევის სახე და სხვა.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება მიზნად ისახავდა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის და სამართალდამრღვევი მძღოლის ინფორმირებას, თუმცა, ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს, რომელმაც იცოდა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი.
ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მონაცემთა გამოქვეყნების კანონიერი მიზანი მიღწეული იყო, ან საერთოდ არ არსებობდა, მაგალითად, საჯარიმო ქვითრის გაუქმებისას, საჯარიმო ქვითრის ადრესატისთვის ჩაბარებისას, ჯარიმის გადახდისას. არ იყო გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღსრულების ხანდაზმულობის, ან/და სახდელის გაქარწყლების ვადაც, მიუხედავად იმისა, რომ ვადის გასვლის შემდეგ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი კარგავდა აქტუალობას და სამართლებრივ მნიშვნელობას.

კომპანიამ ინსპექტორის დავალების საფუძველზე უკვე განსაზღვრა მონაცემების გამოქვეყნების კონკრეტული ვადა და შეზღუდა ვებგვერდზე www.ct-park.ge გამოქვეყნებულ მონაცემებზე წვდომა",- ნათქვამია ანგარშში.