Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვინ მართავს საპენსიო ფონდში დაგროვილ მოსახლეობის თანხას

59f84ce9ed51a
სალომე მეცხვარიშვილი
31.10.17 14:15
1029
საქართველოში 2018 წლის მესამე კვარტლიდან დაგროვებითი პენსია შემოდის. მასში ჩართვა 40 წლამდე ადამიანებისთვის სავალდებულო იქნება, 40 წელს ზემოთ ადამიანებისთვის კი ნებაყოფლობითი.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონპროექტის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა გამართეს.

კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება საპენსიო სააგენტო. საპენსიო სააგენტო შედგება სამეთვალყურეო საბჭოსა და საინვესტიციო საბჭოსგან.

სამეთვალყურეო საბჭოში შევლენ: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელი. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრაციულ პოლიტიკაზე.

რაც შეეხება საინვესტიციო საბჭოს, მასში შევა 5 დამოუკდებელი პირი, აქედან ერთს შეარჩევს ეროვნული ბანკი. წევრები შეირჩევა საერთაშორისო კონკურსის შედეგად. კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომლებიც საინვესტიციო საბჭოს წევრებმა უნდა დააკმაყოფილონ. საინვესტიციო საბჭოს წერები იქნებიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ შეარჩევს სპეციალური კომისია, რომელიც კანონით განისაზღვრება და საბოლოოდ დაამტკიცებს პარლამენტი.

სწორედ საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტს, სად მოხდეს საპენსიო ფონდში შეტანილი თანხების ინვესტირება. მის გადაწყვეტილებებში სამეთვალყურეო საბჭო არ ჩაერევა. ეროვნული ბანკი კი საბჭოს გადაწყვეტილებებს მონიტორინგს ჩაუტარებს და გადაწყვეტს, შეესაბამება თუ არა საბჭოს გადაწყვეტილებები კანონს და მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებს.

"საინვესტიციო საბჭო დამოუკიდებლად განახორციელებს ინევსტიციებს. ისინი იმოქმედებენ მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მათ რომ არ აიღონ არც ძალიან დაბალი და არც ძალიან მაღალი რისკი, კანონში არის განსაზღვრული ძირითადი ჩარჩო, როგორ უნდა იყოს საპენსიო ფონდი მართული“,- აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.