Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვასო ურუშაძე: თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა ყირამალას ჰგავს

5a852747a0f83
მაია ბიწაძე
15.02.18 10:21
626
არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე თბილისის მერის, კახი კალაძის მიერ დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მერიაში სხვადასხვა სამსახურების რეორგანიზაცია არათანმიმდევრულია.

"ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაემატა ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განყოფილება, მაშინ როცა ტრანსპორტის პოლიტიკით უნდა იმართებოდეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, ანუ დედაქალაქის ერთიანი ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკა უნდა მართავდეს მთლიანად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, თავისი მიმართულებებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, საგზაო მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პარკირება და სხვა. თუმცა, ჩვენ დღეს საქალაქო სამსახურში ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განყოფილებას ვქმნით. ეს იგივეა თავდაცვის სამინისტრომ შემქნას თავდაცვის პოლიტიკის განყოფილება, რომელიც ალბათ უნდა მართავდეს მინისტრს, ანუ სტრუქტურულად ჯერ უნდა იყოს პოლიტიკის განმსაზღვრელი განყოფილება და მას ექვემდებარებოდეს მინისტრი, დაახლოებით მსგავს მოდელს გვთავაზობენ თბილისის მერიაში.

თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციით გახდა ცნობილი. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მომავალში, სანამ კეთილმოწყობის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას დაიწყებს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამის შესახებ წინასწარ იქნება ინფორმირებული, ანუ საქმის კურსში ჩააყენებენ“, - ამბობს ურუშაძე. მისივე თქმით, დღემდე კეთილმოწყობის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისე გეგმავდა და ახორციელებდა, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს საქმის კურსშიც კი არ აყენებდა.

"ეს იგივეა საგარეო საქმეთა სამინისტრო ყიდულობდეს სამხედრო შეიარაღებას ისე, რომ თავდაცვის სამინისტრო არ იყოს წინასწარ ინფორმირებული. შესაბამისად ჩნდება შეკითხვა, რის საფუძველზე და რაზე დაყრდნობით გეგმავდა და გეგმავს კეთილმოწყობის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რით ხსნიან ამის საჭიროებას, რა გათვლებს ეფუძნება, ამას ხომ ტრანსპორტის სამსახური უნდა აკეთებდეს, რომელიც ინფორმირებულიც კი არ იყო, ჩართულობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა, რის საფუძველზე გვპირდებოდნენ პერიოდულად დედაქალაქის მერები საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ესტაკადების და ხიდების მშენებლობით საცობების პრობლემის მოგვარებას? თუ ეს არანაირ გათვლებს და გაანგარიშებებს არ ეფუძნებოდა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი საგზაო მოძრაობის ორგანიზებაზე და საცობებზე ქალაქში, არ იყო ჩართული დაგეგმარების პროცესში.

ერთი სიტყვით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა ყირამალას ჰგავს, კეთილმოწყობის სამსახური გეგმავს ინფრასტრუქტურას მაგრამ არ იცის რატომ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის სამსახურს ქმნის და ჯერ დაუდგენელია, რა ფუნქცია ექნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს.

ამ ფონზე, სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტულობაზე საუბარი ზედმეტია და ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდება. თუ თბილისის მერიას, მართლაც აქვს სურვილი ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების, თუ მართლაც მათთვის პრიორიტეტულია ტრანსპორტის პოლიტიკა, უნდა დაიწყონ ინსტიტუციური და ადმინისტრაციულ-სტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რეორგანიზაციის ფარგლებში, კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ფორმულირდეს, ერთ, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურად, რომელსაც ექნება ერთიანი ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკა, პრიორიტეტები, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამ ცვლილებების შემდეგ, შეგვიძლია დავიწყოთ რეალური დისკუსია მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და გასატარებელ ღონისძიებებზე, მანამდე უბრალოდ ერთ წრეზე ვიტრიალებთ“, - აცხადებს ვასო ურუშაძე.