Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სასტუმროს ყველაზე მაღალი ფასები მცხეთა–მთიანეთის და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებშია

5a8aa1834a65a
მარი როჭიკაშვილი
19.02.18 14:05
938
2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა. ამ ტიპის სასტუმროებში ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი, დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, საშუალოზე შესაბამისად 53% და 33%-ით მაღალი. ამ ინფორმაციას PMCG Research აქვეყნებს.

კომპანიის კვლევის მიხედვით, აღნიშნულ მაჩვენებლებს უმეტესწილად ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების მაღალი ფასები განაპირობებს. ასევე, საშუალოზე მაღალი ფასი ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 223 ლარი შეადგინა. საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია –315 ლარი. ასევე, აღნიშნული ტიპის საშუალოზე მაღალი ფასის მქონე განთავსების საშუალებები გვხვდება კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში.

5 ვარსკვლავიანი სასტუმროები თბილისის გარდა სამ რეგიონშია: აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 2018 წლის იანვარის თვეში 373 ლარი შეადგინა. იანვარში აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასებში თბილისსა და რეგიონებს შორის დიდი სხვაობა დაფიქსირდა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 649 ლარი შეადგინა, კახეთში - 297 ლარი, აჭარაში - 216 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 407 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებს.

იანვარში საშუალო ფასი ამ ტიპის სასტუმროებში 74 ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ფიქსირდება.