Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში 11 სილამაზის სალონი დაჯარიმდა

5a13e87d55cfc
სალომე მეცხვარიშვილი
21.11.17 13:23
1302
თბილისის მერიამ დაურეგისტრირებლობის გამო სილამაზის 11 სალონი დააჯარიმა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრმა მიიღო. ცენტრის დირექტორი ციცო დილებაშვილი საქმის კურსთან ამბობს, რომ საბოლოო განაჩენი სასამართლოს გამოაქვს, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო სხდომების დროს სალონების მეპატრონეებს რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვთ და მოსამართლე სანქციას აღარ აკისრებს, თუმცა, ობიექტს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მაინც უფორმდება. ჯარიმა დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში 500 ლარია.

რაც შეეხება დარღვევებს სტერილიზაცია-დეზინფექციის მიმართულებით, ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად სულ 2 ჯარიმა გამოიწერა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სალონებს ამ მიმართულებით დარღვევები არ აქვთ. საქმე ისაა, რომ ცენტრი სალონებში პირველ შესვლაზე მათ არ აჯარიმებს და მხოლოდ შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს, რომელიც გონივრულ დროში უნდა გამოსწორდეს. ციცო დილებაშვილი აცხადებს, რომ პირველ შემთხვევაში დარღვევები პრაქტიკულად ყველა სალონში ფიქსირდება, თუმცა, კარგი ტენდენციაა, რომ მეორე შესვლაზე დარღვევების უმეტესობა გამოსწორებული ხვდებათ.

ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.

ციცო დილებაშვილი ამბობს, რომ სალონებთან მუშაობა „ძალიან ჭირს“, რამდენადაც ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ რეგულაციების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ აქვთ. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, წელიწად-ნახევარია აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია.

„არიან სალონები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არ გაუგიათ ახალი მოთხოვნების შესახებ, მაგრამ ეს არ არის გამამართლებელი. როდესაც ის არის სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, ვალდებულია, იცოდეს სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კანონი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ის უნდა იყოს დარეგისტრირებული და ინფექციის კონტროლი უნდა იყოს მოწესრიგებული პროტოკოლის მიხედვით“,- აცხადებს ციცო დილებაშვილი.