Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინური ინვესტიცია ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით

5a8c36679ed6d
მარი როჭიკაშვილი
21.02.18 09:00
835
ხონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის განხორციელებაში ჩინურ კომპანია „ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურ ჯგუფს“ სახელმწიფო დაეხმარება. ხელშეკრულება კომპანიასთან უკვე გაფორმებულია.

როგორც bm.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის “ქართული ჩაის” მენეჯერმა ლევან უროტაძემ განუცხადა, კომპანიას 73 ჰექტარი ჩაის პლანტაციები 25 წლიანი იჯარით გასულ კვირას გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით, ჰოლდინგური ჯგუფი თავდაპირველად მხოლოდ 36 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას გეგმავს, საიდანაც ჩინური კომპანია პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 53 000 ლარს მიიღებს. მისი ინვესტიცია კი მხოლოდ 23 000 ლარი იქნება.

“იგეგმება სახელმწიფოს მხრიდან დარჩენილი ტერიტორიების თანადაფინანსებაც. მხოლოდ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებს და შესაბამის დოკუმენტებს წარმოადგენს”, - განაცხადა ლევან უროტაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია მეორე და მესამე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკუთარი ხარჯებით შეასრულებს, რაც დაახლოებით 50 000–იდან 100 000 ლარამდე დაუჯდება. ასევე იღებს ვალდებულებას, რომ პროგრამაში ჩართვიდან 3 წლის ვადაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჩაის პირველადი გადამუშავების საწარმო აამუშავოს.
ჩინური ჰოლდინგ ჯგუფი, 3 წელიწადში 25–35 ტონამდე მაღალი ხარისხის შავი ჩაის წარმოებას და ექსპორტზე გატანას გეგმავს. 1 კგ პროდუქციის ღირებულება 60 –იდან 150 ლარამდე მეერყეობს.

ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ინვესტორებისთვის გადაცემულია 430 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები.