Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ინტერ-რაოს" ელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაიზარდა

59f893448dbf0
BM.GE
31.10.17 19:33
918
ელექტროსადგურების "ხრამჰესი 1"-ისა და "ხრამჰესი - 2"-ის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „ინტერ-რაოს“ საკუთრებაში არსებული „ხრამჰესი 1“-ის წარმოების ტარიფი 1.58 თეთრით გაიზარდა და 9.78 თეთრი გახდა, „ხრამჰესი 2“ კი - 1.85 თეთრით, 11.25 თეთრამდე გაიზარდა. ეს ტარიფები ძალაში 1 ნოემბრიდან 2018 წლის ბოლომდე იქნება.

ახალ ტარიფში სემეკმა 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ლარის გაუფასურების საშუალო ნიშნული გაითვალისწინა, რაც მათი გათვლებით დაახლოებით 26%-ია. ლიცენზიანტი კომპანია კი 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არსებული კურსის ასახვას ითხოვდა, რაც ლარის 40%-იან გაუფასურებას აჩვენებს. როგორც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ აღნიშნა, კომისიამ ინვესტორის გათვლებში ლოგიკა ვერ ნახა.

„სამწუხაროდ, დასაბუთება და ლოგიკა ამ მოთხოვნაში არ იყო, ისევე როგორც იმ მოთხოვნაში, რომ ეს ცვლილება განხორციელებულიყო სრული ტარიფების მიმართ - ერთ შემთხვევაში 8.2 თეთრის და მეორე შემთხვევაში 9.4 თეთრის მიმართ. კომისია მათ ამ ნაწილშიც არ დაეთანხმა და ეს ცვლილებები ჩვენ მივუყენეთ ტარიფის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საინვესტიციო კომპონენტს წარმოადგენს“, - განმარტა მილორავამ.

რაც შეეხება მომდევნო წლებს, იქიდან გამომდინარე, რომ 2011 წლის სემეკის დადგენილებით, ამ ჰესების ტარიფები 2025 წლამდე, რამდენიმე ეტაპად იყო განსაზღვრული, დღეს კომისიამ ისევ ამ ხანგრძლივობით დაამტკიცა ტარიფები, თუმცა 2019 წლიდან ორივე ჰესის წარმოების ტარიფი სხვადასხვა მოცულობით იზრდება. კერძოდ, „ხრამჰესი - 1“-სთვის 2019-2021 წლებში წარმოების ტარიფი 1.45 ტეთრით გაძვირდება, 2022-2025 წლებში უცვლელი დარჩება. „ხრამჰესი - 2“-ის შემთხვევაში 2019-2021 წლებში ტარიფი 1.74 თეთრით გაიზრდება, 2022-2024 წლებში 0.27 - თეთრით, 2025 წელს კი უცვლელი იქნება.

ჰესების გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი სემეკის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რადგან ინვესტორი კომპანია „ინტერ-რაო“ წარმოების ტარიფის გაძვირებას უფრო მეტად ითხოვდა. როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიის ინტერესებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალურ განმარტებას ამ ეტაპზე არ აკეთებს, რადგან სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ-რაო“ ლარის გაუფასურებისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ინვესტორი დავის მიმდინარეობისას სტიმულირებისა და ინვესტიციის ურთიერთდაცვის შეთანხმებას ეყრდნობა, რომელიც მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ დაარღვია.

„ინტერ რაოს“ სტრუქტურები - ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ. „ინტერ-რაოს“ შვილობილმა კომპანიებმა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს ანალოგიური სარჩელით უკვე მიმართეს, სადაც დანაკლისი $125 მილიონად იყო შეფასებული. ამის პარალელურად, „ინტერ-რაომ“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეიატანა. რუსული მედიის ცნობით, კომპანია საქართველოსგან $175 მილიონს ითხოვს.