Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„მარკეტინგმა სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით ყველაზე მეტად იხეირა პანდემიით“ - ანასტასია დგებუაძე ქალების ნარატივში

BM.GE
05.05.21 11:45
346

„მარკეტოლოგებს პანდემიისას, ისე როგორც არასდროს, მიეცათ საშუალება წარმოეჩინათ თავი“ - ფრილანსერი და ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში ანასტასია დგებუაძე „ქალების ნარატივში“

 

-რა იყო თქვენი კარიერული განვითარების პირველი ბიძგი?

-ალბათ ის, რომ სტუდენტობისას გადავწყვიტე ვყოფილიყავი დამოუკიდებელი და ჩემი პირველი სამსახური იყო პრომო გოგონობა, ერთ-ერთ ჟურნალზე ვატარებდი პრეზენტაციებს. ალბათ,ამან მომცა მუხტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა.    

 

-როგორია პანდემიის გავლენა მარკეტინგის სფეროზე?

-მივიჩნევ, რომ მარკეტინგმა, ბიზნესის სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე მეტად იხეირა პანდემიით. მარკეტოლოგებს, ისე როგორც არასდროს, მიეცათ საშუალება წარმოეჩინათ თავი. მეორე მხრივ, პანდემიის მდგომარეობამ რაღაც კითხვებს პასუხი თავისთავად გასცა, თუმცა, რა თქმა უნდა, გაჩნდა სხვა გამოწვევები.

 

-თქვენი შეფასებით, ბიზნესი როგორ გამოუკლავდა პანდემიის გამოწვევებს? 

-ნაწილი კარგად მოერგო, ზოგი - ნაკლებად. შევაქებდი ბანკებს, ონლაინ სერვისების გამოყენების თვალსაზრისით. აქვე აღვნიშნავ, რომ კითხვაზე - „სად გავყიდოთ“, დღევანდელ რეალობაში ერთი პასუხი იკვეთება - „ონლაინ“, თუმცა ონლაინ ვაჭრობის თვალსაზრისითაც შეინიშნება პრობლემები, თუნდაც მომსახურების საფასურის თვალსაზრისით. ასევე, „ფეისბუქზე მომწერე მოდელი, თანხა ჩამირიცხე პირად ანგარიშზე და ჩვენი მეგობარი კურიერი მოგიტანთ“ - ეს არ შეესაბამება სტანდარტს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრენდებმა არ უნდა გვერდებზე არ უნდა ატვირთონ ყველაფერი რაც კარგი, ლამაზი და საინტერესოა. ვიტყოდი, რომ აუდიტორიის სწორად შერჩევა და სწორი შინაარსის მიტანა ყველაზე მნიშნელოვანია ციფრულ მარკეტინგში.

 

-როგორია ტელერეკლამის როლი დღევანდელ რეალობაში?

-ტელერეკლამა დროდადრო კარგავს აქტუალობას, რადგან მარკეტინგში დღეს უკვე მნიშვნელოვანია ურთიერთობა მიზნობრივ კატეგორიასთან და ორმხრივი კომუნიკაცია. ტელერეკლამა კარგია ცნობადობის ამაღლების კუთხით.  

  

-გიმუშავიათ ნიუ-იორკსა და პარიზში, მოგვიყევით ამ გამოცდილების შესახებ...

მივხვდი, რომ ნიუ-იორკის ტემპისთვის ვერ მოემზადები და ვერც წარმოიდგენ, რა ტემპზეა საუბარი. მუშაობას ვიწყებდით 9 საათზე და თანამშრომლები 8-ზე მოდიოდნენ, მხვდებოდა 8 საათამდე გამოგზავნილი შეტყობინებები; არ არსებობს ლანჩი, ყავის დალევისას დასვენება. პარიზში კი, ყველგან ასე არაა, მაგრამ 9-ზე რომ ვიწყებდით სამსახურს, მივდივართ 10-თვის, 11-მდე ვსვამთ ყავას, მოვიკითხავთ ერთმანეთს, შაბათ-კვირის შემდეგ მოკითხვას კიდევ უფრო დიდი დრო ეთმობა, 12-ზე გავდივართ ლანჩზე, რომელიც გრძელდება დაახლოებით საათ-ნახევარი, ლანჩისას სამსახურზე საუბარი უხეშობად მიიჩნევა და ა.შ. დაკვირვების მიხედვით, ვიტყვი, რომ საქართველოში, ალბათ, ამ ორის შუაში ვართ.   

 



-როგორც ვიცი, თქვენი დაგეგმილია „თიბისის“ სქრინების პროექტი, რომელიც მომხმარებლების კმაყოფილებით სარგებლობს, რა იყო ძირითადი მიგნება?

-ეს პროექტი მონაცემებზე დაყრდნობითაა განპირობებული. მაგალითად, დავაკვირდით, რომ მომხმარებლების 95% ბანკომატებზე ქართულ ენას ირჩევდა, შესაბამისად, Default-ად გავხადეთ ქართული და ენის ცვლილება ცალკე იყო მითითებული. ასევე, ვნახეთ, რომ ბანკომატებს ძირითადად იყენებდნენ თანხის გასატანად, გამოსატან თანხას კი ხელით ჩაწერით (სხვა თანხა) უთითებდნენ და არა თანხის ჩამონათვლის გამოყენებით. ესეც გავითვალისწინეთ და შესაბამისად, 9 ნაბიჯიდან ჩამოვედით 3 ნაბიჯზე, 45 წამიდან 15 წამზე. ეს იყო დაახლოებით 6 წლის წინ.  

 

-რა იყო საერთაშორისო თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები?

საქართველოს მთავრობის, საფრანგეთის საელჩოს და იმ უნივერსიტეტის დახმარებით, სადაც ვისწავლე, სტიპენდიებით გავემგზავრე საფრანგეთში და მოვიპოვე მაგისტრატურის ხარისხი მარკეტინგში. შემდეგ აღმოვჩნდი ნიუ-იორკში, მოგვიანებით ვიმუშავე პარიზში.

 

 

 

სტუმარი: ანასტასია დგებუაძე - ფრილანსერი და ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში