Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“მეგონა საქართველოს ვიცნობდი,თუმცა აღმოჩნდა რომ ქვეყნის მხოლოდ 0,1% ვიცნობ“ - ქეთი ბოჭორიშვილი ქალების ნარატივი

BM.GE
22.02.21 13:25
519

„ჰოლივუდის პროდუსერებმა ვაშლოვანის ნაკრძალის შესახებ მითხრეს, რომ მარსი იპოვეს დედამიწაზე“ - ქეთი ბოჭორიშვილი „ქალების ნარატივში“

 

-ერთ-ერთ პოსტშიგიორგი გახარიას მიერ გაკეთებული საქმეების, პროექტების ჩამონათვალზე დასვით კითხვა; მიიღეთ პასუხი?

 

-სამწუხაროდ ვერ. გულდასაწყვეტია, რადგან ბატონი გიორგი 8 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე იყო მთავრობაში. დასანანია, ასეთ შემთხვევაში, არ გახსენდებოდეს კონკრეტული რეფორმა, განხორციელებული პროექტი. არ მახსენდება არც ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც, მთავარია განხორციელება და არა იდეა. 

 

-დიდი შეცდომა თუ გახსენდებათ?

-არ მინდა შეცდომებზე ვისაუბრო, ვცდილობ ხოლმე თითოეულ ადამიანში პოზიტივი დავინახო, მის შეცდომებზე საუბარი უკვე აღარ არის რელევანტური. ალბათ, უკვე ახალ პრემიერზე უნდა გადავერთოთ და მის ქმედებებს გავუწიოთ მონიტორინგი.

 

-ახალი პრემიერის თვალსაზრისით, რა მოლოდინი გაქვთ?

-ძალიან რთული პერიოდია, საერთოდ, ცხოვრებაში შანსი მეორედ იშვიათად ეძლევა ადამიანს, ირაკლი ღარიბაშვილი, ამ მხრივ, იღბლიანია. იმედს ვიტოვებ, რომ ის გაითვალისწინებს მისი პირველი პრემიერობის პერიოდს, ასევე ქვეყანაში არსებულ ძალიან დაძაბულ მდგომარეობას. ჩვენ თითქმის 3 კრიზისი გვაქვს ერთდროულად. პირველი უკავშირდება პანდემიას, კოვიდთან ბრძოლა არ დასრულებულა. ეს, თავის მხრივ, დაკავშირებულია ეკონომიკურ კრიზისთან, რომელშიც ჩვენ ჯერ კიდევ ეხლა შევდივართ და ახლა ვიგრძნობთ ამის შედეგებს. მესამე კი ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ ეს ყველაფერი პოზიტიურად გამოიყენოს და თითოეული გამოწვევა შესაძლებლობად აქციოს. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის როლია, რომ გახლეჩილი საზოგადოება მაქსიმალურად გააერთიანოს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ტემბრიც, ტონიც, საუბარიც, მიმართვაც. უნდა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს - როგორ შეგვიძლია ეს ქვეყანა გადავარჩინოთ ამ რთულ პერიოდს.  

 

-პანდემიის ფონმა ტურიზმი მნიშვნელოვნად დააზარალა. ამ დროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არ ყავს ხელმძღვანელი. თქვენი აზრით, რატომ ჭიანურდება ეს პროცესი?

-ესეც ალბათ, პრიორიტეტებზე მიუთითებს. როდესაც რაიმე საკითხი პრიორიტეტულია, მას დიდი დრო ეთმობა და ამასთანავე, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღება, შესაბამისად, მეტად ჩანს აქტიურობა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციას არ ყავს ხელმძღვანელი, არ ჩანს ინფორმაცია მოლაპარაკებებსა თუ კონკურსზეც, შესაბამისად, მივიჩნევ, რომ ეს საკითხი არაა მთავრობისთვის პრიორიტეტული. აქვე დავძენ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი, არაა ის, რაც ტურიზმს გადაარჩენს ქვეყანაში. საკმაოდ ვიწრო მიმართულება აბარია ტურიზმის ადმინისტრაციას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ხედვა, მოწადინება ამ მიმართულებით. ტურიზმი არის ინფრასტრუქტურა, სერვისების გაუმჯობესება, მარკეტინგი, აეროპორტები, საზღვრის კვეთის პროცესები და ა.შ. შესაბამისად, თუ ეს ერთობლიობაში არ მოექცა და მთავრობას არ ექნება ხედვა, მაშინ მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამ სირთულეებს ვერ გაუმკლავდება. 

 

-იშვითად მეგულება ვინმე, ვისაც თქვენსავით ბევრი ტურისტული ადგილი აქვს შემოვლილი, განსაკუთრებით, საქართველოს მასშტაბით. რა დროში და რამდენი ადგილის მონახულება მოასწარი?

-მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეგონა საქართველოს ვიცნობდი, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 0.1% ვიცნობდი, რადგან მივდიოდი, კონკრეტულ კურორტებზე, კონკრეტულ სასტუმროებში, დროის სიმწირიდან გამომდინარე. მე ხელახლა აღმოვაჩინე ჩვენი ქვეყანა. როდესაც პანდემია დაიწყო, შევისწავლე რამდენიმე ტურისტული კომპანია და მივხვდი, რომ პანდემია მალე ვერ მორჩებოდა. ვნახე, რომ პანდემია არის ისეთი კრიზისი, რომლის დროსაც ტურიზმის ყველაზე გვიან აღდგება, თუ შევადარებთ, მაგალითად, ტერორისტულ აქტს ან ბუნებრივ სტიქიას, რომელთა დროსაც ტურიზმის აღდგენა საშუალოდ 10 თვეს საჭიროებს. პანდემიისას კი ეს მონაცემი მინიმუმ 20 თვეს მოიცავს, ოღონდ ესეც იმ შემთხვევაში, როცა წამალი და ვაქცინა არსებობს. შესაბამისად, ამ მაჩვენებლიდან უნდა გადავთვალოთ 20 თვე, რომ დავინახოთ პანდემიამდელი მონაცემები. 

ტურიზმი აბსოლუტურად იცვლება. ხშირი ფრენები აღარ იქნება. შესაბამისად, რელევანტურობას დაკარგავს მოკლევადიანი ტურები. შეიძლება ადამიანმა წელიწადში მაქსიმუმ 3-ჯერ დაგეგმოს, მაგრამ უფრო ხანგძლივი. ეს ტრენდები რომ დავინახე, მივხვდი, რომ თითქმის მთელი 1 წელი ჩვეულ რიტმში ვერ ვიფრენდი, შეზღუდვებიდან გამომდინარე. ეს იყო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავრი მიზანი. მივხვდი, რომ საჭირო იყო ადაპტაცია. გადავწყვიტე საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადგილის მონახულება და უფრო აქტიური სტილით დასვენება - დავჯექი ცხენზე და აღმოვაჩინე, რომ საქართველო საცხენოსნო ტურიზმის მიმართულებით უნიკალურია. გზა ყველგან არ უნდა გაკეთდეს, იმისთვის რომ ბუნებასთან ჰარმონიულობა არ დაირღვეს. ცხენით კი ყველა ადგილის მონახულებაა შესაძლებელი. 

ერთ-ერთი პირველი მოვინახულე ლაგოდეხის ნაკრძალი, იყო შავი კლდეების ტბები, ულამაზესი ადგილი და ამას მოყვა არაერთი კონკრეტული ადგილი, მათ შორის თუშეთი, საიდანაც აწუნთის უღელტეხილით გადავედი ხევსურეთში. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო, ცოტა შემეშინდა კიდევაც. 

ტურიზმიც შესაცვლელია. ადრე თუ ტურისტები ჩამოვიდოდნენ, შარდენზე გაისეირნებდნენ, რესტორანში მიირთმევდნენ - ეს დამაკმაყოფილებელი იყო. ამიერიდან კი მსგავსი მოკლევადიანი ტურიზმი ალბათ, აღარ იქნება, მას უფრო გრძელვადიანი ჩაანაცვლებს, შესაბამისად, ტურისტს სხვადასხვანაირი პროდუქტები უნდა დავახვედროთ. თუ ადრე ჩვენთვის ტურისტების რაოდენობა იყო პრიორიტეტული, დღეს უკვე მნიშვნელოვანია პროდუქტების დივერსიფიკაცია და ხარისხი, ის თუ რამდენად შეგვძლია დივერსიფიცირებული პროდუქტები შევთავაზოთ. ერთ კვირას შარდენზე ვერ გაატარებს ტურისტი. შესათავაზებლად კი უნიკალურია ჩვენი დაცული ტერიტორიების ადგილი. ისინი ერთმანეთზე უკეთესია, თითოეული მოგზაურობის შემდეგ პოზიტიურად ვიმუხტები, მგონია რომ ყველაფერი გადალახვადია, იმდენად დიდი სიმდიდრე გვაქვს ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე. 

აღვნიშნავ, რომ ვრჩებოდი პატარა სასტუმროებში და ძალიან ბევრი მათგანი შექმნილია პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ შექმნილი. ადგილობრივებმა იმ მცირედი გრანტითა და ტექნიკური დახმარებით, რომელიც განათლების კუთხით მიიღეს, შეძლეს, რომ თავიანთი პატარა სახლები სასტუმროებად აქციეს. რეგიონებიდან დიდი ინფორმაცია წამოვიღე. მაგალითად, ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელსაც სასტუმრო აქვს არდოტში, აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც სარეცხი მანქანა დაიდგა სახლში, დრო გამოუთავისუფლდა და ხელი მიჰყო მესაქონლეობას, ამზადებს რძის პროდუქტებს, ასევე დაიწყო ქარგვა, ხევსურული ნაწარმის წარმოება, ასევე აღნიშნული სასტუმროს ფაქტორიც. ამან მიმახვედრა, თუ რამხელა პროდუქტიულობა გამოიწვია ამან. ძალიან პატარა დეტალებს აქვს მნიშვნელობა თუნდაც ეკონომიკის კუთხით. ტურიზმის სექტორი კი სრულად გადასახედია. მნიშვნელოვანია პროდუქტების დივერსიფიკაცია ჩვენს კულტურაზე, ბუნებაზე, წეს-ჩვეულებებზე დაყრდნობით. დიდი მასალა გვაქვს. 

წელს აღმოვაჩინე რაჭა და ბახმარო ზამთარში. რომც არ სრიალებდე, შესაძლებელია თოვლის სპეციალური ფეხსაცმელებით სეირნობა, შეგიძლია ამოიცვა და მთაზე ახვიდე. ძალიან კარგი ვარჯიში და განტვირთვაა. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია ტურისტების მოსაზიდად. ასევე, გასათვალისწინებელია, ქართველების ჩართულობა, ასევე სამუშაო ადგილების შექმნა.

დღეს ტურიზმის სექტორს ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს. სამუშაო ადგილების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან დარგი შეიქმნა, ამას სჭირდება წლები. თუ ამ ადამიანებს სახლში გავუშვებთ, ისინი დაკარგავენ იმ უნარებს, რაც მათ ბოლო წლებში შეიძინეს. ამიტომ მნიშვნელოვანია მათთვის ისეთი დახმარების სერვისები, რომელიც დარგს ხელს შეუწყობს და როგორც კი ტურიზმი დაიწყებს აღდგენას, მომზადებულები ვიქნებით. ხარისხს ექნება უდიდესი მნიშვნელობა. როცა უფრო გრძელვადიანია ვიზიტი, ამას მეტი მნიშვნელობა ენიჭება. 

აღვნიშნავ, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს აფრიკას და მარსსაც ვამსგავსებ. როდესაც ჩამოყვანილი მყავდა ჰოლივუდის პროდუსერები, მათ მითხრეს, რომ ვაშლოვანის ნაკრძალით მარსი იპოვეს დედამიწაზე. 

საქართველო ძალიან მრავალფეროვანია, თავისი კლიმატური ზონებით, აქტივობებით. თბილისიდან 2-3 საათის დაშორებით, შესაძლებელია ნებისმიერი აქტივობა. სწორედ მრავალფეროვნების თვალსაზრისით უნდა იყოს კაპიტალიზაცია; სათავგადასავლოსთან ერთად, მერე უკვე კვება - ღვინოსაც თავისი დიდი ეფექტი აქვს. „ხარისხიან“ ტურისტს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და სერვისები უნდა დავახვედროთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი გამოვიყენოთ გადამზადებისთვის, იგულისხმება, ენების შესწავლა, სერვისის ხარისხის გაუმჯობესება. უმნიშვნელოვანესია გიდების მომზადება და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება. ასევე, ისევ და ისევ, ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება, მცირე და საშუალო ბიზნესის. სადაც რჩები, მინიმალური პირობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული. 


 

-პანდემია რომ არ გავითვალისწინოთ, რამდენად სწორად ხდება საქართველოს პოპულარიზაცია მსოფლიოში?

-მგონი, დღეს საერთოდ არ ხდება. პოპულარიზაციას აქტივობა მოსდევს 2-3 თვეში, ამიტომ შეიძლება ძალიან ნაადრევიც იყოს. პირველი ეტაპზე, როდესაც ჩაკეტვის ხარჯზე პანდემიას მეტ-ნაკლებად კარგად გავუმკლავდით, ვფიქრობ,რომ მწვანე რეზიდენციის საკითხი აქტიურად უნდა განხილულიყო. შეთავაზება, რომ უცხოელებისთვის საქართველოში რეზიდენცია ყოფილიყო, აქ ეცხოვრათ, ესწავლათ, ემუშავათ საქართველოდან, ან უბრალოდ ფული დაეხარჯათ, როცა შედარებით გავხსენით ზაფხულის პერიოდში. ჩვენ ეს შესაძლებლობა გავაცდინეთ, ქვეყანა ხან ძალიან ჩავკეტეთ, მერე ძალიან გავხსენით. ამან გამოიწვია დიდი დისკომფორტი. მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს სტრატეგია და მას მიყვეს. თუნდაც 10 000 უცხოელი რომ ცხოვრობდეს დამატებით ჩვენს ქვეყანაში, ეს გამოიწვევდა სერვისებზე მოთხოვნის ზრდას, სასტუმროებზე მოთხოვნის გაზრდა, თანაც ხანგრძლივი დარჩენით. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, კოვიდის მხრივ უსაფრთხო გარემოს შეთავაზება, რასაც, სამწუხაროდ, ვეღარ ვაკმაყოფილებთ. ამიტომ შემდეგ ნაბიჯზე უნდა გადავიდეთ, მნიშვნელოვანია, რომ არაორდინალურად ვიფიქროთ. არ გვაქვს ფუფუნება, სხვა, მდიდარ ქვეყნებს შევხედოთ. არ გვაქვს ჩაკეტვის ფუფუნება, შეიძლება ისეთი გამოწვევების წინაშე დავდგეთ, რომ კოვიდმა კი არა შიმშილობამ გამოიწვიოს სიკვდილიანობა ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფრის დაბალანსება, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე გავლა, ძალიან მნიშნელოვანია.   

 


-2021 წლისთვის რას ისურვებდით?


-გასულ წელს, დაბადების დღეზე ტორტზე მეხატა მთები, თხილამურები და ეს დაემთხვა მართლაც წლის აქტივობებს. წელს მინდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ხალხი დაბრუნდეს, ადამიანებთან ურთიერთობა, პერსონალური შეხვედრები მნიშვნელოვანია. მინდა რომ იყოს „დიდი“ წელი, პოზიტიური სასწაულებით. იმედია ახალი შესაძლებლობებიც გამოჩნდება.

 





სტუმარი: ქეთი ბოჭორიშვილი - საინვესტიციო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ეკონომიკის მინისტრის ექს მოადგილე