Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსული "ნიკარემსტროი" ტენდერიდან დისკვალიფიცირებულია

5a8bd54e24982
თამუნა დემეტრაშვილი
20.02.18 12:00
845
რუსული კომპანია "ნიკარემსტროი", რომელიც მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის ერთერთი პრეტენდენტი იყო, დისკვალიფიცირებულია. მერიის სატენდერო კომისიამ კომპანია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა. "ნიკარემსტროი" მუნიციპალიტეტს ესტაკადის მშენებლობას 4 მილიონ ლარად სთავაზობდა, რაც თავდაპირველი სატენდერო პირობებით გამოცხადებულ ფასზე 300 ათასი ლარით ნაკლები იყო. ტენდერის მსვლელობისას კომისიამ კომპანიას დოკუმენტაციისა და გათვლების დაზუსტება მოსთხოვა, თუმცა საბოლოო დასკვნით "ნიკარემსტროის" გაანგარიშებები, მერიის მოთხოვნებთან შეუსაბამო აღმოჩნდა.

"ნიკარემსტროის“ ფილიალი საქართველოში 2016 წელსაა რეგისტრირებული, სათაო ოფისი კი რუსეთში მდებარეობს. კომპანიას რეესტრის მონაცემებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მალხაზ ლომსაძე ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ შპს "ნიკარემსტროის საქართველოს ფილიალი" და მისი დირექტორი, გასული წლის ზაფხულში სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებდა.

კერძოდ, თიანეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად "ნიკარემსტროის" დირექტორიც დააკავეს. საქმე ეხებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გამოძიების ინფორმაციით, სამუშაოები არასრულყოფილად შესრულდა, მიუხედავად ამისა მუნიციპალიტეტმა კომპანიას თანხა სრულად ჩაურიცხა. საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებისა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე აღიძრა.

სატენდერო პროცედურის შესაბამისად კომისიამ ამჯერად "ნიკარემსტორის" კონკურენტის, კომპანია "ენსისის" წინადადება უნდა განიხილოს, რომელიც ესტაკადის მშენებლობას 4 მილიონ 177 ათას ლარად სთავაზობს თბილისის მერიას.

თბილისში ესტაკადის მშენებლობით დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსული კომპანია დაინტერესდა