Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენი ყველაზე დიდი ჩავარდნა სამართლებრივი გარემო და განათლებაა"

5a6d9b66e2a0d
BM.GE
28.01.18 19:10
868
Forbes-ის იანვრის ნომერში საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტის ბესო ნამჩავაძის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც გასული წელის ეკონომიკურ მაჩვენებლებს აჯამებს და ამასთანავე, 2018 წლის გამოწვევებსა და გეგმებზე საუბრობს. სტატიაზე დაყრდნობით, 2017 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა. მთავრობამ 4%-იანი პროგნოზი წლის ბოლოს 4.5%-მდე აამაღლა, თუმცა იანვარ-სექტემბრის მიხედვით, ეკონომიკურმა ზრდამ - 4,9% შეადგინა, - თემის დეტალებით ’’საქმიან დილასთან“ სტატიის ავტორმა ’’საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ ისაუბრა.

-ბატონო ბესო, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში წერდით, რომ 2017 წლის მთავარი გამოწვევა ლარის კურსის სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლება იყო და 2017 წელს რამდენად გამართლდა თქვენი პროგნოზი?

-სამწუხაროდ, ლარის კურსთან მიმართებაში პროგნოზი გამართლდა, თუმცა როდესაც პროგნოზებს ვაკეთებ, მირჩევნია გამოწვევები არ გამართლდეს ხოლმე. ეკონომიკურ ზრდას რაც შეეხება, რასაც მოველოდით, იმაზე უკეთესია. ვფიქრობ, რომ ეს უფრო საგარეო ფაქტორებით იყო გამოწვეული, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, რადგან წინა წლებში ეს ფაქტორები უარესი იყო. მე ვვარაუდობდი ინფლაციას და ამ მხრივ, მართლაც ცუდი წელი იყო, რადგან სამომხმარებლო ფასების გაძვირება 7%-მდეც კი ავიდა, რამაც მოსახლეობა დააზარალა. იყო ისეთი მოვლენებიც, რომლებიც 2017 წელზე მყისიერად არ აისახა, მაგრამ ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მაგალითად, უვიზო მიმოსვლა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, სხვადასხვა მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ბუნებრივია მიმდინარე წელს და მომდევნო წლებში უფრო გამოიღებს შედეგებს.

-როგორც ყველა წელს, მიმდინარე წელსაც მთავარ გამოწვევად საგადამხდელო ბალანსი და ინფლაციის თარგეთი რჩება, რამეს ხომ არ დაამატებთ?

-ორივე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ინფლაციაზე უფრო პრობლემები გვექნება, რადგან ქვემო დონეზე უნდა დავწიოთ სხვადასხვა მიზეზების გამო. ზოგადად ვფიქრობ, რომ ჩვენთვის საფუძვლიანი პრობლემა ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლებაა. როდესაც სტატიას ვწერდი 9-10 თვე ვიცოდი, ახლა უკვე 11 თვე ვიცი და დაჯამებით ეკონომიკური ზრდა 4.9% შეადგენს და მიმდინარე წელს 4.5%-იანი ზრდის პროგნოზი გვაქვს. გამოდის, რომ წინ კი არ მივდივართ, არამედ მოველით, რომ ეკონომიკური ზრდა გასულ წელთან შედარებით ნაკლები იქნება. თუ გადაჭარბებით შევასრულებთ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ საიდან უნდა შევასრულოთ? ყოველ წელს უფრო მეტი ძალისხმევა არის საჭირო თუნდაც იგივე ზრდას რომ მიაღწიოთ. მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მითუმეტეს საგარეო მდგომარეობაც გასათვალისწინებელია და ბევრი სირთულე ჩნდება, მაგალითად, ნავთობის ფასის გაძვირება. ჩვენი ყველაზე დიდი ჩავარდნა ნებისმიერი საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, სამართლებრივი გარემო და განათლებაა. ეს ფაქტორები ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის ნომერ პირველი პრობლემებია. ამ მიმართულებით არანაირი რეფორმა არ ხორციელდება და შესაბამისად წინსვლაც არ გვაქვს. შესაძლოა, ისეთმა ერთჯერადმა პროექტმა, როგორიც ანაკლიის პორტის პროექტია მილიონობით აშშ დოლარი შემოიტანოს, ადამიანები დაასაქმოს, მშენებლობები დაჩქარდეს და ამის ხარჯზე მოხდეს, თუმცა ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ეკონომიკის ზრდის პოტენციალი რასაც ქვია, ამის ზრდის შესაძლებლობას ვერ ვხედავ.

-გასულ წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ყველა აღიარებს, რომ ტურიზმის ბიზნესისთვის 2017 წელი წარმატებული აღმოჩნდა, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა როგორ უნდა შევინარჩუნოთ?

-ამ მიმართულებით ყველაზე კარგად ის მუშაობს, რომ საქართველო ცნობადი გახდა და დიდი თანხები იხარჯება ქვეყნის PR-სა და რეკლამაზე. ჩვენს ქვეყანაზე რეკლამები უკვე BBC-სა და CNN-ზე გადის. გასულ წელს რუსეთიდანაც გაიზარდა ვიზიტორების რიცხვი. როდესაც 7.5 მილიონ ვიზიტორამდე ავედით, ამის შენარჩუნებაც არ არის იოლი და ამიტომ 30%-იან ზრდასაც არ უნდა მოველოდოთ. ამ კუთხით მიმდინარე წელს 10%-15%-იანი ზრდაც წარმატებულად ჩაითვლება, რადგან რაოდენობრივად ადამიანებში მაღალ რიცხვს აჩვენებს. გამოკითხვების მიხედვით, ბევრი ვიზიტორი უკმაყოფილო მიდის და ამბობს, რომ საქართველოში მეორედ აღარ ჩამოვა, რაც მომსახურების ხარისხიდან გამომდინარეა. თუმცა, არის პოზიტივის მომცემი ქვეყნები ევროპის მიმართულებიდან, მაგალითად ბრიტანეთი, საიდანაც უფრო მხარჯველი, მაღალბიუჯეტიანი ტურისტები ჩამოდიან. თუ ჩვენ განვითარებული ქვეყნებიდან მოვიზიდავთ უფრო მეტ ადამიანს ძალიან კარგი იქნება, ვიზიტორების რაოდენობა სტატისტიკური სამიზნე შესაძლოა არც იყოს, მთავარია ტურიზმიდან რამდენი ფული დაგვრჩება.

-ექსპორტის სტრუქტურასთან დაკავშირებით როგორია თქვენი მოსაზრება?

-აფრიკა - აზიის ქვეყნებს მზა ნაწარმის ექსპორტზე გატანა აკრძალული ჰქონდათ. მათ აუცილებლად ნედლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი უნდა განეხორციელებინათ. ჩვენ არავინ გვიკრძალავს მზა ნაწარმის გატანას, მაგრამ თითქმის მხოლოდ სოფლის მეურნეობს ნაწარმი და ნედლეული გაგვაქვს, რადგან სხვას კონკურენტუნარიანს ვერაფერს ვერ ვაწარმოებთ. ავეჯისა თუ ტექნოლოგიებზე საუბარი ზედმეტია. მეორე კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, თუ რატომ არ იყენებენ წარმოებისთვის საქართველოს ტერიტორიას ცნობილი ბრენდები. აქ შემოსული ტექნიკის დიდი ნაწილი რუსეთშია აწყობილი, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ უსაფრთხო ბიზნეს გარემოთი მეზობელ ქვეყნებს კი არა, ლამის მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ვჯობივართ. გადასახადების და რეგულაციების დონე ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. თავისუფალი ვაჭრობა მთელ ევრაზიის კონტინენტზე გვაქვს, სამუშაო ძალა და ენერგორესურსები იაფია, მაგრამ არც ერთი მსოფლიო ბრენდი არ შემოსულა. ობიექტური პრობლემა არის უსაფრთხოება და კანონის უზენაესობიდან გამომდინარე რისკები, რის გამოც შემოსვლაზე თავს იკავებენ.

ჩვენ რომ პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემები არ გვქონდეს, 100%-იანი გარანტიით ვიტყვი, რომ iPhone და Samsung საქართველოშიც გამოვიდოდა და ნებისმიერ ცნობილ ბრენდს ენდომებოდა ჩვენს ქვეყანაში წარმოების განხორციელება.