Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თბილისის აეროპორტში" ზაფხულიდან ოპერირებას სამი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს

5a8e7b4d10cad
მაია ბიწაძე
22.02.18 12:10
924
"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში" ზაფხულის სეზონიდან ოპერირებას სამი ახალი კომპანია Kuwait Airways, Jazeera airways და Iran Air დაიწყებს, რომლებთანაც მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, - ამის შესახებ Bm.ge-ს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განუცხადა.

"სისტემატიურად მიდის მოლაპარაკებები სხვა ავიაკომპანიებათანაც, ეხლახანს გვქონდა შეხვედრა "ბლუ ეირთან", რომელიც მომავალი წლიდან აპირებს ბუქარესტის მიმართულებით ფრენას; რაც შეეხება ევროპის მიმართულებას, მოლაპარაკებებს აქაც ვაწარმოებთ, არიან რუსული ავიაკომპანიებიც, ასევე, გასულ კვირას გვყავდა "უზბეკ ეირი", რომელიც ზამთრის სეზონიდან აპირებს კვირაში ორი სიხშირით თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით ფრენას", - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ავიაკომპანიების განვითარება და გაფართოება ხდება.

"ძალიან სასიხარულოა, რომ "აირზენა" ამდენ რეისს ამატებს და 28 მარტიდან 8-9 ახალი მიმართულება ექნება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ავიაკომპანიების ამ დონეზე გაძლიერება, ცხრა ახალი მიმართულება ნიშნავს იმას, რომ "აირზენას" დღეში 7-8 ფრენა ექნება თბილისის აეროპორტიდან. ასევე ველოდებით, რომ ახალი ქართული ავიაკომპანია, "მაი ვეი", დაიწყებს ოპერირებას, მათთანაც ხელშეკრულებაზე მუშაობა ბოლო ფაზაშია და სურთ მარტიდან რეისების დაწყება" - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

გასულ წელს "თბილისის საერთაშორისო აეროპორტი" 3 120 000 მგზავრს მოემსახურა, 40%-ით მეტს, ვიდრე 2016 წელს. მიმდინარე წელს კი მგზავრთნაკადის კიდევ 20-25%-იან ზრდას ელიან.