Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა შემთხვევაში შეძლებს უცხოური კომპანია მიწის ყიდვას - ახალი კანონპროექტის დეტალები

5a86c66a6c6a4
თელარა გელანტია
16.02.18 15:51
665
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანული კანონი პარლამენტს, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს წარედგინება.

როგორც BM.ge-ის დანელიამ განუცხადა, კანონ-პროექტის ავტორი აგრარულ საკითხთა კომიტეტია და დოკუმენტის 90% უკვე დაწერილია.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, მიწის შესახებ ორგანული კანონი საჯარო დაინტერესებული ჯგუფებისთვისაც გახდება.

დანელიას პროგნოზით, მარტის ბოლომდე ყველა კონსულტაცია და სამუშაო შეხვედრა დამთავრდება და მას შემდეგ, რაც მთავრობა მოიწონებს, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაიწყება.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ BM.ge-ის განუმარტა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიძენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, ხოლო უცხო ქვეყნის ფიზიკური პირის მონაწილეობით შექმნილ იურიდიულ კომპანიებს მიწის შეძენის შემთხვევაში კონკრეტულად გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებების აღება მოუწევთ.

"იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში არარეზიდენტის წილი 49%-ია და 51%-ს ქართველი ფლობს, მიწის გასხვისება სტანდარტულად მოხდება, საინვესტიციო ვალდებულების ჩადებით. ინვესტიციების ჭერი ჯერ დადგენილი არაა, ამაზე მთავრობასთანაც შევთანხმდებით; ხოლო თუ კომპანიაში უცხოელი ფლობს 51%-ს და მეტს, ამ შემთხვევაში, გასხვისება მთავრობის დისკრეციით მოხდება ანუ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა და ამ გადაწყვეტილების მიღებისას ინვესტორს, კომპანიას მოუწევს წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა სტრატეგიული დანიშნულების პროექტზეა საუბარი, რა მოცულობის ინვესტიციებს ეხება საქმე, რამდენ ადამიანს დაასაქმებენ და ა.შ. ეს ყველაფერი კანონში გაიწერება და თუ ყველა ინსტანცია დადებით დასკვნას, მხოლოდ ამ შემთხვევაში გასხვისდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა", - განაცხადა დანელიამ.

კითხვაზე - "მთავრობის დისკრეციის შემთხვევაში, ჩნდება თუ არა კორუფციის რისკები“, ოთარ დანელია აცხადებს, რომ როცა საქმე ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს ეხება, კორუფციულ რისკებზე საუბარი არასერიოზულია.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია იმაშიც, რომ ახალი ორგანული კანონი ინვესტორებს არ დააფრთხობს, თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში უცხოურ ინვესტიციებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელება.