Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინვესტორები პარკინგის მოსაწყობად ტენდერს წლებია ელოდებიან

5a7407d283364
მეგი კავთუაშვილი
02.02.18 10:39
841
"40-მდე კომპანია მზად არის თბილისში პარკინგების მშენებლობისთვის, თუმცა მერიას ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია“, - განაცხადა bm.ge-სთან საუბარში ჰოლდინგი „ივერია მოტორსის“ დამფუძნებელმა გიორგი ქიშმარიამ.

კერძო კომპანიების მზაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაანონსდა, როდესაც მერიაში პროექტზე მუშაობა დაიწყეს და მრავალდონიანი და მრავალსართულიანი პარკინგების მოსაწყობად დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში 10 ადგილი დაასახელეს. ინვესტორების სურვილის და ქალაქში მანქანის გასაჩერებელი ადგილების დეფიციტის მიუხედავად, მერიას ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. თუმცა 2016 წელს ყოფილი მერი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ ტენდერისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ დოკუმენტაციას ამუშავებდნენ.

„სამწუხაროდ, მერიას პროექტი არ დაუდია. მას შემდეგ ჩვენ ყველა ველოდებით, როგორც „ივერია მოტორსი“, ისე სხვა კომპანიები, მათ შორის უცხოელი ინვესტოებიც, რომლებიც მზად არიან განახორციელონ თბილისში ინვესტიცია მიწისზედა და მიწისქვეშა მრავალსართულიანი სისტემების მშენებლობისთვის. „ივერია მოტორსი“ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ტენდერში, უბრალოდ მერიას არ შეუქმნია კვალიფიციური პროექტი და არ მომხდარა ამ პროექტის ტენდერში გატანა. დაინტერესებულმა პირებმა ჩვენ თვითონ რომ შევქმნათ ეს პროექტი, რთული იქნება, იმიტომ რომ იქ არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. იქ გადის „მაგთის“, „თელასის“, „ენერგოპროს“ სადენები და ა.შ. ჩვენ ყველას ვთხოვეთ, მერიას, საპარტნიორი ფონდს რომ თვითონ შეექმნათ ეს პროექტი და ამის შემდეგ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მზა პროექტში. ინვესტორს არ დასჭირდებოდა ისეთ წვრილმანებზე სირბილი, როგორიც არის - რომელი სადენი ამოიღოს და ა.შ.“ - აცხადებს გიორგი ქიშმარია.