Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში 2 კომპანიას დაფინანსება შეუჩერდა

5a69d540867ac
მაია ბიწაძე
25.01.18 17:20
963
"აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებიდან პროგრამით გათვალისწინებული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მხოლოდ ორ ბენეფიციარს შეუჩერდა, - ამის შესახებ საუბარია Bm.ge-ს მიერ სააგენტოდან "აწარმოე საქართველოში"  გამოთხოვილ ინფორმაციაში. 

"პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჯამურად მხარდაჭერილია 323 პროექტი, რაც მოიცავს როგორც სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ასევე ქონების მართვის სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემებს.

მოგეხსენებათ, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენეტს, რომელიც გულისმობს ბანკის მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას (არაუმეტეს 10%-ით ლარში გაცემულ სესხებზე) პირველი 24 თვის განმავლობაში.

სააგენტოს მიერ მხარდაჭერილია 247 პროექტი, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 600 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა - 10,211 ადამიანს. აღნიშნული 247 პროექტიდან მხოლოდ 2 კომპანიას შეუჩერდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, ესენია შპს "გსფ ტექსტილი" და შპს "კასარა“, რადგან მათ ვერ შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულება”, - განაცხადეს სააგენტოში.

მათივე განმარტებით, 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით 2-წლიანი საშეღავათო პერიოდით უკვე ისარგებლა 82-მა კომპანიამ, რის შემდეგაც ისინი დამოუკიდებლად უძღვებიან თავიანთ სამეწარმეო საქმიანობას. მათ შორისაა კომპანია "ქართული ლიმონათიც“, რომლის ქონებაც აუქციონზე იყიდება.