Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კანონში შესული ცვლილებებით ფინანსური პირამიდის რისკები მნიშვნელოვნად მცირდება"

5a6b502f6a5d4
BM.GE
27.01.18 11:00
828
"კანონში შესული ცვლილებებით ფინანსური პირამიდის რისკები მნიშვნელოვნად მცირდება",- ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ოცზე მეტი ადამიანისგან მოიზიდავენ თანხას სებ-ში რეგისტრაციის გარეშე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის დამრღვევებად ჩაითვლებიან. მურთაზ კიკორიამ მისოებზე რეგულაციის გამკაცრებაზე დეტალურად ისაუბრა. 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანი რამ იცვლება. მოსახლეობას ფინანსურ სექტორთან დამოკიდებულება ორი გზით აქვს - თანხები შეაქვს, ან სესხს ღებულობს. ორივე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი ცვლილებები.

იმ ნაწილში, როდესაც კომპანიები მოსახლეობისგან თანხებს იზიდავენ ძალიან მკაცრი შეზღუდვა დაწესდა. მხოლოდ ბანკებს, მიკროსაფინანსოო ორგანიზაციებს და საკრედიტო კავშირებს, ანუ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს ექნებათ უფლებამოსილება მოსახლეობისგან ანაბრები, დეპოზიტები და მათი მსგავსი ინსტრუმენტები მიიღონ. ოც ადამიანზე მეტისგან ვინც განახორცილებს მოზიდვას, ეროვნული ბანკის რეგისტრაციის გარეშე, ეს უკვე სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევად ჩაითლება. ამით ის რისკები, რასაც ფინანსური პირამიდა მოიცავს, ერთხელ და სამუდამოდ მნიშვნელოვნად შემცირდება.

მეორე ნაწილი, რაც გასესხება ეხება, აქაც მიმდინარე წლის სექტემბრამდე შესაბამის ინსტრუქციებს შევიმუშავებთ და მომავალი წლის 1 იანვრიდან ყველა გამსესხებელი, რომელიც 20-ზე მეტ ადამიანზე სესხს გასცემს, ვალდებული იქნება, ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. აღნიშნული ცვლილებების უკან ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა დგას.

ქვეყანაში ყველა ერთი სტანდარტს, ანუ პასუხისმგებლიან დაკრედიტებას უნდა ემორჩილებოდეს. სესხის გაცემის დროს ყველა დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს მსესხებლის ფინასური მდგომარეობა და მისი უნარი, მოემსახუროს სესხს. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანია და აღნიშნული კანონმდებლობა სწორედ ამ სამართლებრივი ინფრასტრუქტურის შექმნას ემსახურება”,- ამბობს მურთაზ კიკორია.