Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ზოგჯერ მატარებლები საათობით ელოდებიან საბაჟოს გავლას"

5a1d53a0baa32
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.17 16:40
929

ზოგჯერ მატარებლები საათობით დგანან და ელოდებიან საბაჟოს გავლას,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ განაცხადა.

მან საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ერთიანი ტარიფების შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"თქვენ ხომ იცით, რომ ზოგჯერ მატარებლები საათობით დგანან და ელოდებიან საბაჟოს გავლას. აუცილებელია სატარიფო სისტემების გადახედვა და ჰარმონიზება. ამ ყველაფერზე სერიოზულად დაფიქრებაა საჭირო",- აღნიშნა ჰოლოლეიმ.

მან ამ ჭრილში ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი განიხილა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, ეს პროექტი ახალ კავშირს ქმნის ევროპასა და აზიას შორის.

"ის თანამშრომლობა და კოორდინაცია, რომელიც არის ამ სამ ქვეყანას შორის, მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ იმისთვის, რომ ეს მშენებლობა გაგრძელდეს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა და მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ამ ტიპის რეგიონული პროექტების განვითარება",- აცხადებს ჰოლოლეი.

პანელზე სიტყვით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მინისტრები გამოვიდნენ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს სჯერა, რომ მიაღწევს მიზანს და ის გახდება კონკურენტუნარიანი.

"დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველო ხდება საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის, ამიტომ ამას უნდა შეესაბამებოდეს როგორც ადამიანური რესურსები, ასევე ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა აჰმედ არსლანმა აბრეშუმის გზის პროექტში თურქეთის როლზე ისაუბრა. მინისტრის შეფასებით, თურქეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა აბრეშუმის გზის მიმართულებით.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის რამინ გულუზადეს განცხადებითაც, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ესმის მისი გეოგრაფიული მდებარეობის მიშნელობა და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსპორტის განვითარებას. მინისტრმა ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომლებიც მიმდინარეობდა ბოლო წლების განმავლობაში სატრანსპორტო მიმართულებით.