Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

“ნუ გიხარიათ, როდესაც თქვენი 3 წლის ბავშვი ინგლისურად საუბრობს" - ნინო ახალაია ქალების ნარატივში

BM.GE
26.02.21 12:55
401

"გაჯეტებთან ურთიერთობამ დროის მენეჯმენტი განსაკუთრებით პრობლემური გახადა" - ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი ნინო ახალაია “ ქალების ნარატივში“

 

-ერთხელ თქვით - “ნუ გიხარიათ როდესაც თქვენი 3 წლის ბავშვი ინგლისურად საუბრობს”- რაზე მიანიშნეთ ამით?

 

-ბავშვი დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან და უცხოენოვანი ვიდეოების ყურებაში და ეს აღემატება ურთიერთობების ხარისხს. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების პრობლემები როდესაც იქმნება, ეს სპეციალისტისთვისერთ-ერთი დიაგნოსტიკური კრიტერიუმია. როდესაც მშობელი თითქოს სხვა პრობლემით მოდის, საუბრისას აღმოჩნდება, რომ მისი შვილი იმდენად ჭკვიანია, რომ ოჯახში, სადაც უცხო ენაზე არავინ საუბრობს, ის ამას გამართულად ახერხებს. ეს ის სიხარულია, რომელსაც სპეციალისტი მალე უნეიტრალებს და ამას მკაცრი რეკომენდაციებიც ახლავს თან. იქმნება პრობლემები მშობლიურ ენაზე მეტყველების თვალსაზრისით. ასევე თავს იჩენს ურთიერთობების პრობლემაც. ონლაინ სივრცეში ყოფნა ნიშნავს პასიურ დამკვირვებლობას, რაც, რა თქმა უნდა განვითარებას არ აძლებს მოზარდს, თუკი რამე განვითარდა, იმასაც კი ამუხრუჭებს.

 

-საინტერესოა თუ უცხო ენას ბავშვი წიგნებიდან სწავლობს, ამ შემთხვევაში რა სხვაობაა?

-თუ ვსაუბრობთ ადრეული ასაკის ბავშვზე, მაშინ სხვა სურათი გვაქვს. წიგნებიდან სწავლა მშობლის მხრიდან დახმარებასაც მოიცავს და ამ ურთიერთობის პროცესში, უკვე პრობლემა არაა. თუკი რაიმეს სწავლობენ ურთიერთობის პროცესში, თანაც მასალა არის ხელშესახები, ეხება კინეტიკურად, ამ დროს, არა ერთი რომელიმე, არამედ ორგანიზმის მთლიანი ფუნქციას ვითარდება, თუნდაც თითების სტიმულაციით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება მეტყველების ცენტრს. ადრეულ ასაკში თამაშით სწავლას ალტერნატივა არ აქვს; მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თავს იმშვიდებენ, რომ მათი შვილი აგრესიულ თამაშებს არ თამაშობენ, არამედ უყურებს რაღაც მხიარულ თამაშებს, რომლებსაც, რეალურად, სხვები თამაშობენ და ის აკვირდება, თუ ამის დიდი დოზით გადათამაშება არ მოხდა რეალურ ცხოვრებაში, ის არის მხოლოდ აღმქმელი, პასიური დამკვირვებელი. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ამით ზუსტად ეს მუხრუჭდება. შიშები და შფოთვები ჩნდება სახლისა და გაჯეტის მიღმა. 

 

-ბავშვმა ზღვარი როგორ უნდა დაიცვას? 

-პირველ რიგში, მოზრდილმა უნდა დაიცვას ზღვარი, რაც იმას ნიშნავს რომ ბავშვის მხედველობის არეში მობილური „ხელის გაგრძელებად“ არ ჩანდეს. ასევე, ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით ბავშვებში, გაჯეტებმა დროის მენეჯმენტი განსაკუთრებით პრობლემური გახადა. ადამიანები ინფორმაციული ნაკადის გავლენის ქვეშ მოექცა და ეს გახდა დროის გაყვანის შესაძლებლობა, ეს კი დასვენება არაა. დრო აღარ დარჩა არც დიდს, არც პატარას, საკუთარ თავთან კონტაქტისთვის. 

მე თავადაც ონლაინ ვმუშაობ, პანდემია ჩემთვისაც გამოწვევა იყო. ლექციებსაც ონლაინ ვატარებ. ესეც რთული იყო, შფოთვაც მაღალი იყო, ვრეაგირებდი, როცა სტუდენტებს ვიდეო და ხმა გამორთული ჰქონდათ, ეს თვითშეფასებაზე მოქმედებდა. ახლა ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევას თავი გავართვი. 

მოზარდებსა და ბავშვებს პანდემიამ გაცილებით დიდი გამოწვევა გაუჩინა, რომელსაც თავს სხვადასხვანაირად ართმევდნენ. ეს დაკავშირებული აღმოჩნდა პიროვნულ ფსიქოტიპთანაც. ვინც ინტროვერტულები არიან, არ მოსწონთ სოციალურად დიდი აქტივობა, ახასიათებდა სიმორცხვე, სოციალური შფოთვა, მათთვის ეს რეჟიმი კომფორტული აღმოჩნდა. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ აღარ უნდათ სკოლაში წასვლა და სახლიდან ურჩევნიათ სწავლა. ზოგიერთმა კი ონლაინ სწავლება სერიოზულად ვერ აღიქვა. სახლში გადართვადობის უამრავი საშუალებაა და ჰიპერაქტიული მოსწავლის გაკონტროლება რთულდება. მაგრამ, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამას აქვს დადებითი მხარეც, თუნდაც ის, რომ გამოცდილება გამრავალფეროვნდა, ახალ სივრცეში უნდა ამოქმედდეს ახალი რესურსები, ეს უკვე ნაცნობია. ბევრმა, ასაკის მიუხედავად, შეძლო ამ პირობებში თავისი ინტერესები განევითარებინა.

 

-თქვენ საკუთარ თავთან ჰარმონია როგორ დაამყარეთ?

-ზოგადად მშფორთვარე ადამიანი ვარ, რაც ერთი მხრივ, მაძლევს სარგებელს რომ მუდმივად ვეძებო. ეს კი ჩემს პროფესიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყველა კარგ სპეციალისტ თვითონ ჰყავს თავისი თერაპევტი, ფსიქოლოგი. ასეთია სტანდარტი. 

 

-თქვენი ფსიქოთერაპევტი თქვენი საუკეთესო მრჩეველია?
 

-ჩვენ არ ვართ მრჩევლები, არამედ მხარდამჭერები. ზოგადად, ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით, უამრავი სტერეოტიპი არსებობს. მოდიან მოლოდინით, რომ, თუნდაც, პირველივე სეანსზე პრობლემა გადაიჭრება, გვთხოვენ ვუთხრათ, თუ რა გააკეთონ. თერაპიული მუშაობის პროცესში როცა ხვდები, რომ ადამიანს შეუძლია შეგეკამათოს, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება რჩევა-რეკომენდაცია, მაგრამ თუ შეწინააღმდეგების უნარი არ ჩანს, ამ შემთხვევაში, ძალიან ფრთხილად ვართ, რადგან, ერთი მხრივ, შთაგონება კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩანს, რომ ეს ადამიანი ცუდი მიმართულების მხრივაც შთაგონებადია, და მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და შეიძლება შემეშალოს. ამ წერტილს ძალიან ვუფრთხილდებით.  

 

-დღეს რა არის თქვენი ინტერესის საგანი?

-ფსიქოლოგიურ ჭრილში, რამდენიმე მიმართულებით. მე სულ რამდენიმე თვეა რაც დავამთავრე „კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი“, ჩემთვის რიგით მესამე ინსტიტუტი. ასევე, სადოქტორო პროგრამაში ვმონაწილეობ. რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობ. ვარ ფსიქოლოგი|ფსიქოთერაპევტი ფსიქოლოგიურ ცენტრ „იდილიაში“. ასევე ჩართული ვარ დამოკიდებულების მართვის სამედიცინო ცენტრში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სალექტორო გამოცდილებაც.

 

-2021 წელს რას გეგმავთ?

-სადოქტორო პროგრამის დასრულებას. უწყვეტი განათლების პრინციპის კვალად ტრენინგებში მონაწილეობას. ღია ვარ ახალი წინადადებებისთვის, პროექტებისთვის.

 

 


სტუმარი: ნინო ახალაია, ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი