Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მიკროსაფინანსო ასოციაცია" მცირე მისოების შერწყმას ვარაუდობს

5a44c7911a3f9
სალომე მეცხვარიშვილი
30.12.17 15:00
1226
"საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი იური ლებანიძე სამომავლოდ მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაერთიანებას ვარაუდობს. Bm.ge-სთან საუბრისას იური ლებანიძე ამბობს, რომ მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაერთიანებას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ახალმა რეგულაციებმა, რომელიც უკვე ამოქმედდა ან 2018 წელს ამოქმედდება.

მისი თქმით, 2018 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობა 250 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე იზრდება, 2019 წელს კი მილიონ ლარამდე. იური ლებანიძე ამბობს, რომ ეს მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა, შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს, რაც, სავარაუდოდ, მათ გაერთიანებისკენ უბიძგებს.

იური ლებანიძე მიიჩნევს, რომ გაერთიანების მიზეზი შესაძლოა ასევე გახდეს თამასუქებზე დაწესებული შეზღუდვები, რამდენადაც საფინანსო ორგანიზაციებს მცირე თახების მოზიდვა აღარ შეუძლიათ. მიზეზი ისაა, რომ 2017 წელს ძალაში შესული რეგულაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა ეკრძალება.

ამასთან, იური ლებანიძის თქმით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ამოქმედებული ცვლილებებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულაცია თითქმის საბანკოს უტოლდება. ლებანიძის თქმით, ეს მოთხოვნები რომ შეასრულო ძლიერი პროგრამული უზრუნველყოფა გჭირდება, რაც ძვირადღირებულია.

"არიან ბაზარზე ძალიან პატარა ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტობრივად ლომბარდულ სესხებს გასცემენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არსი კი ისაა, რომ დაეხმაროს დამწყებ ბიზნესს, გასცეს ბიზნეს სესხები და არა ლომბარდული და ოპოთეკური სესხის გაცემაზე იყოს ორიენტირებული. მსხვილი მიკროსაფინანსოები სწორედ ამ პრინციპით მუშაობენ ბაზარზე",- აცხადებს იური ლებანიძე.

თუმცა, მისივე თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ამ ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტს 3 მოსმენით აქვს განხილული. საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სესხის ლიმიტების გაზრდაზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ 2009 წელს სესხის გაცემაზე დაწესებული ზედა ზღვარი - 50 ათასი ლარი - 100 ათას ლარამდე იზრდება. მისი თქმით, დღეს არსებული ლარის კურსის პირობებში ლიმიტის გაზრდა აუცილებელი იყო.