Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„პანდემია მსახიობებისთვის ძალიან რთულად გადასატანი აღმოჩნდა“ - ქეთი ხიტირი ქალების ნარატივში

BM.GE
14.04.21 11:43
427

„რეგულაცია ერთი სკამის გამოტოვებას ითვალისწინებს, თორემ, ისე, თითქმის ანშლაგი იყო სპექტაკლზე“ - რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი ხიტირი

 

-როდის „გადაყლაპეთ“ სცენის მტვერი?

-ეს თეატრალურში ჩაბარებამდე იყო, როდესაც ვითამაშე პეპი - ჩემი საოცნებო როლი. მარჯანიშვილის თეატრში მქონდა პრემიერა. ეს იყო დავით ტურიაშვილის მიუზიკლი. იქამდე ამ როლს ნინო სურგულაძე ასრულებდა და შემდეგ მე ვითამაშე. ხელოვნების სკოლაში დავდიოდი და ამის როლის შემდეგ, არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე და შევაბიჯე თეატრალურ უნივერსიტეტში.  

 

-როგორ ჩაიარა პანდემიის ფონზე გაჩერების შემდეგ სეზონის გახსნამ რუსთაველის თეატრში?

-რუსთაველის თეატრს „ეროვნულის“ სტატუსი მიენიჭა, უფრო ვიტყოდი - აღუდგა. ამ პერიოდში, რეპეტიციას ვაგრძელებდით, სპექტაკლზე 7 თვე ვიმუშავეთ. 

 

-როგორია პანდემიის კვალი მსახიობებზე?

-ძალიან მძიმე, მსახიობი ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში. მე ორი ბავშვი შემეძინა და ამან გადამატანინა ეს პერიოდი. აღვნიშნავ, რომ ამ პერიოდში კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანის არსებობა დედამიწაზე. 

 

-აისახება ეს სპექტაკლებში?

-რა თქმა უნდა, ალბათ კინოსაც გადაიღებენ და ამაზე თეატრიც ალაპარაკდება.

 

-რაიმე მსხვერპლი თუ გაგიღიათ როლისთვის?

-მახსენდება, რომ გიო მგელაძემ გააკეთა ექსპერიმენტულ სცენაზე თავისივე პიესაზე „გაიღიმე, ჩიტი გამოფრინდება“. ამ დროს, გრძელი თმა მქონდა და მისი ინიციატივით, ძალიან მოკლედ შევიჭერი. მეორე დღეს, რობერ სტურუასთან მქონდა რეპეტიცია და მკითხა - „რატომ მოხვედი ბიჭი?“

ყოფილა არასასიამოვნო მომენტებიც - ერთხელ, ხიჭვი შემერჭო ისე, რომ გამაქანეს სასწრაფოთი, ისეთი დრამატული იყო, ეს მომეწონა კიდევაც, თუმცა, მაინც მტკივნეული მოგონება იყო. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, სპექტაკლის და რეპეტიციების გამო რამდენი რამ გამიცდენია, თუმცა არასდროს მინანია. 

რაც შეეხება როლში შესვლის პროცესს, ამ დროს, ხშირად საკუთარ თავს, ემოციებს, ქცევებს ივიწყებ.

 

-რა სჭირდება დღეს მაყურებელს - რეალობის აღწერა თუ გაქცევა?

-ალბათ გაქცევა, მაყურებელს მაინც ყოველთვის გართობა, ტკბობა უნდა, თუმცა რობერტ სტურუას სპექტაკლები მოვლენებს ყოველთვის ასახავს. მსმენია, რომ სალაროსთან გასართობ სპექტაკლებს კითხულობენ, განტვირთვა უნდათ.

იყო პერიოდები, როდესაც მაყურებელი საერთოდ არ გვყავდა და ვერც დაადანაშაულებ, სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ახლა კი რეგულაცია ერთი სკამის გამოტოვებას ითვალისწინებს, თორემ, ისე, თითქმის ანშლაგი იყო სპექტაკლზე.

 

 -რომელ რეჟისორთან ურთიერთობამ მოგიტანათ ყველაზე დიდი გამოცდილება? თქვენი მეუღლე ნიკოლოზ ჰაინე შველიძეც რეჟისორია, თამაშობთ მის სპექტაკლებში?

-დიახ. მას არაორდინალური ხედვა აქვს. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ამ პროცესის მასთან ერთად გავლა. რაც შეეხება გამოცდილებას - რობერტ სტურუა.   

 

-„ლისისტრატეზეც“ მინდა გკითხოთ...

-იმედია ქალთა მიმართ ძალადობას ბოლო მოეღება. სპექტაკლი სწორედ ამ საკითხს ეხება. 

 

-თქვენი ჩაცმის სტილი აზიურ სამოსს უკავშირდება...

-დიახ, ეს ჩემი დის გავლენაა, ის მსახიობია. ძალიან მომწონს კიმონოც.

 

-ფილმი და სპექტაკლი - რამდენად განსხვავებული სპეციფიკაა? 

-დიპლომში მიწერია დრამისა და კინოს მსახიობი, თუმცა უნივერსიტეტის პერიოდში კამერასთან ერთი წუთითაც არ ვმდგარვარ. მსურს, კინოს მიმართულებით გავაქტიურდე. 

 




სტუმარი: ქეთი ხიტირი - რუსთაველის თეატრი , მსახიობი