Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„პანდემიამ ისედაც გარდაუვალი გაციფრულების პროცესი დააჩქარა“- ნინი სიმონიშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
17.05.21 12:07
742

„ფედერალური  ბიუროს ანგარიშის თანახმად, პანდემიის პერიოდში კიბერდანაშაულის  რაოდენობა 300%-ით გაიზარდა“ - საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსი ნინი სიმონიშვილი „ქალების ნარატივში“

 

-შეიძლება ითქვას რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ქალების ნაკლებობა კვლავ ფიქსირდება?

-ამ ეტაპზეც დგას ეს საკითხი. სტატისტიკის მიხედვით, ქალები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში დასაქმებულთა მხოლოდ 11%-ს შეადგენენ, თუმცა, ვხედავ, რომ ამ მიმართულებით არის გარკვეული ცვლილებები, წლიდან წლამდე ამ სფეროში მეტი ქალი ერთვება.

 

-თქვენი გადმოსახედიდან, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ცნობიერება დაბალია?

-ამ მიმართულებითაც, მდგომარეობა წლიდან წლამდე უმჯობესდება. ჩემთვის კიბერუსაფრთოხებისადმი ინტერესი გაჩნდა მაშინ, როცა რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებთან ერთად კიბერშეტევაც განახორციელა. მაშინ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მქონდა სწავლა დაწყებული და დავასრულე; შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე დავიწყე ფიქრი. სწავლა აშშ-ში გავაგრძელე.   

 

-რას უკავშირდება კიბერუსაფრთხოების ძირითადი მნიშვნელობა?

-თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, მათ შორის, ფინანსური სექტორი, ტრანსპორტი, თავდაცვა...შესაბამისად, ჩვენი კიბერსივრცეც საჭიროებს დაცვას. რაც შეეხება ამ მხრივ პანდემიის პერიოდის გამოწვევებს, თავდაპირველად ძალიან შესამჩნევი იყო ე.წ „ფიშინგი“. ფედერალური  ბიუროს ანგარიშის თანახმად, პანდემიის პერიოდში კიბერდანაშაულის  რაოდენობა 300%-ით გაიზარდა, დადასტურებული ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევებმაც იმატა 58%-ით. გარკვეულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ამ პერიოდს კიბერპანდემიაც კი შეარქვა. 

 

-რას აკეთებს ეროვნული ბანკი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებლად?  

-ორგანიზაციის შიგნით ყოველ ახალ თანამშრომელს უტარდება ტრენინგი ამ თემაზე და მოქმედ თანამშრომლებს კი სისტემატურად ეგზავნებათ ინფორმაცია არსებულ საფრთხეებისა და მათგან თავდაცვის გზების შესახებ. ხოლო, სამოქალაქო თვალსაზრისით, ეროვნულმა ბანკი ჩართული იყო როგორც პრინტკონკურსში, ასევე ჟურნალისტების კონკურსში კიბერუსაფრხოების, უფრო კონკრეტულად კი „ფიშინგის“ თემაზე.  გამარჯვებული პოსტერი მალე გამოჩნდება ქალაქში და მოგვიწოდებს სიფრთხილისკენ. ჟურნალისტების კონკურსის გამარჯვებული კი 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის ეროვნულ ბანკში.  

სამომავლოდ მოიაზრება სხვა აქტივობებიც. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ყოველთვის აფრთხილებს მოქალაქეებს, თუ ასპარეზზე გამოჩნდება რაიმე ახალი ტიპის შეტევა, იქნება ეს „ფიშინგი“ თუ თაღლითობა -  ინფორმაცია თავსდება ჩვენი სოციალური ქსელის გვერდებზე.   

 

-რას ნიშნავს თქვენთვის ის გუნდი, რომელშიც ახლა ხართ?

-მიხარია, რომ ვარ ეროვნული ბანკის თანამშრომელი. ამ გუნდში იმ დროს მოვხვდი, როცა კიბერუსაფრთხოების განყოფილება ფორმირდებოდა. აღვნიშნავ, რომ ისრაელში შეიქმნა პროგრამა სკოლის ასაკის გოგონებისათვის, რომლებსაც აქვთ ინტერესი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ. პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგებს, ჰაკათონებს. მათ ჰყავდათ ქალი მენტორები. მსგავსი პროგრამა იყო აშშ-შიც, ესპანეთშიც, ინდოეთშიც. მოხარული ვიქნები თუ ასეთ პროგრამას საქართველოშიც ვიხილავ, მის განხორციელებაში თავადაც სიამოვნებით ჩავერთვებოდი. ასევე, ვიტყოდი, რომ პირადად ჩემი გამოცდილების ყველაზე საამაყო პროექტი ახლა პროცესშია.

 

 




სტუმარი: ნინი სიმონიშვილი - ეროვნული ბანკი, კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსი.