Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კორპორაციული მართვა და ბიზნეს ინტეგრირება

59f9d7adc13ea
ტარიელ გვალია, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი
01.11.17 18:17
1265
თანამედროვე კომპანიებს მრავალფეროვან ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ გარემოში უწევთ ოპერირება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ კომპანიის მმართველმა ორგანოებმა. აუცილებელია საზოგადოებაში ნდობის მოპოვება, ცნობადობის გაზრდა, სხვადასხვა კულტურასთან ადაპტაცია და ა.შ. ამ ყველაფერში ძალიან დიდია კორპორაციული მმართველობის როლი. როდესაც საუბარია ბიზნესის ინტეგრირებაზე სხვადასხვა დონეზე უმნიშვნელოვანესი საკითხებია ინფორმაციის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ქვემოთ მოცემულ სტატიაში განვიხილავთ კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკას კერძო ბიზნესის ინტეგრირების საკითხებთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნებსა და კულტურებს შორის საზღვრები წაშლილია.

კორპორაციული მმართველობის მიზანია თავიდან აიცილოს შეუსაბამობები და პრობლემები მაშინ, როდესაც კომპანიას სხვადასხვა ბაზარზე, განსხვავებულ კულტურასა და ეკონომიკაში უწევს ოპერირება. უპირველესი გზა ამისაკენ არის ნდობაზე დაფუძნებული ბიზნესის აშენება. თანამედროვე მრავალფუნქციურ ეკონომიკაში კორპორაციული სკანდალებისგან არც ერთი ქვეყანა და კომპანია არ არის დაზღვეული - ხშირად საკითხები ეთიკურ დილემას ეხება, ხშირად ფინანსურ სკანდალებს. ამიტომაც კორპორაციული მმართველობის მთავარი ამოცანა არის შექმნას ნდობაზე, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული გარემო, კომპანიის გრძელვადიანი ინვესტირებისათვის, ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისათვის.

Organisation for Economic and Co-operation Development-ის (OECD) კვლევა აჩვენებს, რომ კომპანიებს, რომელთაც სურთ გადარჩნენ უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და რეპორტინგის გამართული შიდა სტრუქტურა. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორთა საბჭოსა და მენეჯერთა გუნდის როლი, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ სტრუქტურა დროის მოთხოვნებს მორგებული და განახლებადია და, ამავე დროს, ეფექტიანად მუშაობს. არსებობს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები, რომელიც კომპანიებს სხვადასხვა სისტემაში ინტეგრირებაში ეხმარება. თუმცა მარეგულირებელი ნორმები საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა, ბიზნესის ინტეგრირება კი ყოველდღიური რუტინული სამუშაოა. კვლევები აჩვენებს, რომ ლისტინგში მყოფი კომპანიებისთვისაც კი ეს ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.

ბიზნეს ინტეგრირების მნიშვნელობა

ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა არის მთავარი გასაღები თითოეულ ქვეყანაში მოქალაქეების თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის. ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს მდგრადი და ადამიანების რაც შეიძლება მეტი რაოდენობა უნდა უზრუნველყოს რაც შეიძლება მეტი საქონლითა და სერვისით. ყველა თანხმდება სახელმწიფოების უდიდეს როლზე, რომ შეიქმნას თავისუფალი და ღია ბაზარი, როგორც ქვეყნების შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. მაგრამ ამ პროცესში ასევე განუზომელია იმ კომპანიების როლი, რომლებიც ბაზრებზე ოპერირებენ. ბევრი სტანდარტი და რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა OECD-იმ თავისუფალი და სამართლიანი ბაზრების შესაქმნელად, საკანონმდებლო დონეზეა ინტეგრირებული ძალიან ბევრ ქვეყანაში. თუმცა ბევრი რეკომენდაციის ინტეგრირება ბიზნესის დონეზე ჯერ ისევ გამოწვევად რჩება.

ბიზნეს ინტეგრირების მნიშვნელობა არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური როგორც ახლა, ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკების სამყაროში. გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში, გლობალიზაციამ ბევრი დადებითი შედეგი მოიტანა, მათ შორის მაღალ პროდუქტიულობა და ეფექტიანობა, გაზრდილი საშუალო შემოსავალი, მეტი კონკურენცია და საქონლისა და მომსახურების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი გამოიხატა ციფრებში. გლობალურ მშპ-ში ვაჭრობის მოცულობა 1950 წლის შემდეგ გასამმაგდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობა კი მშპ-სთან OECD-ის ქვეყნებში 1970-იანი წლების შემდეგ გაოთხმაგდა. მოქალაქეების უმეტესობა ახლა ცხოვრობს გლობალური ბაზრების ეპოქაში, სადაც გლობალური ბიზნეს აქტივობები განუსაზღვრელად მაღალია. 1980 წელს, ლისტინგში მყოფი მსოფლიოს უდიდესი 1000 კომპანიის კაპიტალიზაცია შეადგენდა 900 მილიარდ აშშ დოლარს, 2012 წლისათვის - 28 ტრილიონს, 2014 წლისათვის კი მხოლოდ უმსხვილესი 100 კომპანიის კაპიტალიზაცია 15 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ბევრი მულტიეროვნული კორპორაციის ბრუნვა ახლა აღემატება ზოგიერთი ქვეყნის მშპ-ს.
მაშინ როდესაც კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ მზარდი პოტენციალი იმისათვის, რომ აწარმოონ მეტი პროდუქტი, შეიძლება, საპირისპიროდ, პრობლემები წარმოიშვას კომპანიაში, თუ არ არსებობს ჯანსაღი კორპორაციული მართვის სისტემა. კორპორაციული მართვის ორგანოებს უწევთ გაუმკლავდნენ ხელისშემშლელ გარე თუ შიდა ფაქტორებს. გარე ფაქტორებმა გლობალურ ბაზარზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ კომპანიაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რისკები მას უშუალოდ არ ეხება - მაგალითად, ფასების ფიქსირების კარტელები, ქრთამები, კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები ამა თუ იმ ბაზარზე, ხშირად ბაზრის მონაწილე ყველა კომპანიის იმიჯს აზიანებს, მიუხედავად იმისა ეს მათ უშუალოდ ეხებათ თუ არა. მსგავსი გამოწვევების წინაშე ხშირად დგანან კომპანიები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებენ და ინტეგრირების პროცესს არცთუ მომზადებული ხვდებიან.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი რომლის გამოც ბიზნესის ინტეგრირების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

სამართალდარღვევებთან დაკავშირებული დანახარჯების ზრდა კომპანიებისათვის - სხვადასხვა ბაზარზე ინტეგრირების დროს დაშვებული შეცდომები თუ გამოწვევისათვის თავის არიდების მცდელობა, კომპანიისათვის იწვევს როგორც პირდაპირ, ასევე ირიბ დანახარჯებს. არაპირდაპირი დანახარჯების გაზომვა და რაოდენობრივი შეფასება რთულია. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზრდა მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებზე დაკისრებული ჯარიმები და საურავები სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო თუ მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ბევრი ქვეყნის მარეგულირებელი მხოლოდ ფულადი ჯარიმებით აღარ შემოიფარგლება და სხვადასხვა სახის სანქციებსაც უწესებს სამართალდამრღვევ კომპანიებს. მაგალითად ლიკვიდურობის და კაპიტალის გაზრდილი მოთხოვნები, ახალ-ახალი სტანდარტებისა და შესაბამისობის ნორმების დამკვიდრება. უკიდურეს შემთვევაში მარეგულირებელი კომპანიას აიძულებს დატოვოს ბაზარი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთვევაში. თუ მსგავსი შემთხვევებისთვის კომპანია სათანადოდ არ არის მომზადებული და წინასწარ არ ახდენს ბაზრის შესწავლას, შემდეგ ეს მსხვილ დანახარჯებში გადაიზრდება და შეიძლება კომპანიის გაკოტრებამდეც მივიდეს საქმე.

როცა კომპანია რამდენიმე ბაზარზე ოპერირებს, ერთ ქვეყანაში მომხდარი ქეისი რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად კომპანიის ღირებულებასა და აქციების ფასზე. კომპანიის აქციების მსგავსი ვოლატილურობა კი აფრთხობს ინვესტორებს. იმისათვის რომ კომპანია გრძელვადიან პერიოდში მომგებიანი და მიმზიდველი იყოს ინვესტირებისათვის, მმართველი გუნდი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავიდან აირიდოს მსგავსი საფრთხეები, რაც სხვადასხვა ბაზარზე ოპერირებისათვის წინასწარ მომზადებული სტრატეგიით მუშაობას გულისხმობს.

ნდობის დაკარგვა - გარდა ფინანსური დანაკარგებისა ზემოთ განხილული შემთხვევების უარყოფითი შედეგია ბაზარზე როგორც ინვესტორებს, ასევე მომხმარებლებს შორის ნდობის დაკარგვა. საზოგადოების დაბალი ნდობა ძირს უთხრის კომპანიის ინტეგრირების პროცესს. საპირისპიროდ, მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან ნიშნავს კარგ რეპუტაციას ინვესტორებს შორის, მეტ მომხმარებელს და, შესაბამისად, კომპანიისათვის გაზრდილ შემოსავლიანობას. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ის სარგებელი რომელსაც კომპანიები იღებენ ბიზნესის ინტეგრირებისათვის ჯეროვანი ყურადღების მიქცევით ბევრად აღემატება იმ დანახარჯებს რაც ამ პროცესს სჭირდება.
ახალი მიდგომები - განვითარების ნებისმიერ ეტაპზე არსებობს ახალი გამოწვევები და სირთულეები. რა თქმა უნდა, იგივე ეხება ბიზნესის ინტეგრირების საკითხებს. სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ბაზარზე გამოწვევები განსხვავებულია. არსებობს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული წესები, რეკომენდაციები და რჩევები, რომელიც ბიზნესებს ეხმარება ინტეგრირების პროცესში.

ბიზნეს ინტეგრირება პრაქტიკაში

ბიზნეს ლიდერები, სამეთვალყურეო საბჭოსა და აღმასრულებელი გუნდის წევრები აღიარებენ, რომ კორპორაციული მმართველობის მნიშვნელობა დიდია კორპორაციული გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად. სულ უფრო მეტი დრო ეთმობა საუკეთესო ბიზნეს ინტეგრირების პრაქტიკის დანერგვა-განვითარებას, რომელიც ჩადებულია კომპანიის მმართველობით ჩარჩოში, ოპერაციებსა და სტრატეგიაში. კომპანიები შეიმუშავებენ სხვადასხვა სტრატეგიას ბიზნესის ინტეგრირებისათვის, რომელიც შემდეგი ნაბიჯებისგან შეიძლება შედგებოდეს:

1. ინტეგრირების სტრატეგიის შემუშავებისას სამეთვალყურეო საბჭოსა და მმართველი გუნდის უფლება-მოვალეობების განსაზღვრა - კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პასუხისმგებელი არიან სტრატეგიის შემუშავებაზე, მენეჯმენტის ეფექტიან მონიტორინგზე და მის ანგარიშვალდებულებაზე კომპანიისა და აქციონერების მიმართ. საბჭოს როლი პროცესში სულ უფრო იზრდება. ბევრ კომპანიაში უკვე დამკვიდრებულია „ბიზნესის ინტეგრირების პროგრამის“ შექმნის პრაქტიკა, რომელსაც ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭო.

2. ბიზნესის ინტეგრირების ფუნქციის შექმნა - შემდეგი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნეს ინტეგრირების პოლიტიკის ადაპტაცია-მიღება. ეს გულისხმობს პასუხისმგებლობების გადანაწილების პროცესს, შემუშავებული სტრატეგიისა და პოლიტიკის იმპლემენტაციის მხარდაჭერას და ზედამხედველობას ბიზნესის საოპერაციო საქმიანობაზე. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შეთხვევაში ყველა კომპანიისათვის მორგებული სტანდარტული ინტეგრაციის სისტემა არ არსებობს - მისი სქემა დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობის სექტორზე, ზომაზე, იურისდიქციაზე, რისკ-პროფილზე და, რა თქმა უნდა, იმაზე თუ როგორი სქემით მუშაობს კომპანიაში კორპორაციული მართვის სისტემა და მენეჯმენტის გუნდი.

3. სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტების მიერ ზედამხედველობის განხორციელება - სამეთვალყურეო საბჭო თავისი შეხედულების, კომპანიის ზომისა და საბჭოს სტრუქტურიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ინტეგრირების პროცესის უშუალო საზედამხედველო კომიტეტი ცალკე შეიძლება ჰქონდეს კომპანიას თუ რომელიმე არსებულ კომიტეტზე ან კომიტეტებზე გადანაწილდეს ეს ფუნქცია. ხშირ შემთხვევაში საბჭო ირჩევს შექმნას დაქვემდებარებული კომიტეტი უკვე არსებული კომიტეტისთვის, მაგალითად, დაუქვემდებაროს შესაბამისი ქვე-კომიტეტი რისკების ან აუდიტის კომიტეტს. ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია კომიტეტებსა და ქვე-კომიტეტებს შორის უფლება მოვალეობების ზუსტი გამიჯვნა.

4. ტრეინინგები - იმისათვის, რომ ბიზნესის ინტეგრირების ფუნქცია კომპანიაში სათანადოდ მუშაობდეს, აუცილებელია, ადამიანები, ვინც ჩართული არიან პროცესში, ერკვეოდნენ საკითხში, ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება. ამისათვის კომპანიებს აქვთ სპეციალური ტრეინინგები, რომლის პროგრამაც დგება მოსამზადებელი ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარე. ტრეინინგები შეიძლება შეეხებოდეს ამა თუ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ნორმების, კულტურული ღირებულებების, კონკრეტულ ბაზარზე არსებული ეკონომიკური სიტუაციის განხილვას და სხვა.

5. ანგარიშგების პროცესი ინტეგრირებასთან დაკავშირებით - ანგარიშვალდებულება აუცილებელია საბჭოს წინაშე, განსაკუთრებით სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებისა და დამოუკიდებელი კომიტეტების (რისკის, აუდიტის) წინაშე. ანგარიშები უნდა მოიცავდეს ყველა ინფორმაციას კომპანიაში ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების თუ მიმდინარე პროცესების შესახებ. უმნიშვნელოვანესია რისკების წინასწარ განსაზღვრა და შესაბამისი კომიტეტის საქმის კურსში ჩაყენება.
6. ბიზნესის ინტეგრირების პოლიტიკის მიმოხილვა - პოლიტიკის შექმნა არ არის გზის დასასრული. შესაბამისმა ორგანომ თვალი უნდა ადევნოს მისი დანერგვის პროცესს, პერიოდულად გადაიხედოს პოლიტიკას და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი განახლება.

7. კომუნიკაცია ბიზნეს ინტეგრირებისათვის - რა თქმა უნდა სხვადასხვა ორგანოს, მმართველობითი რგოლის სხვადასხვა შრეს და კომპანიის სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებად დანაყოფს (ფილიალს) შორის კომუნიკაციის ადექვატური დონე და ინფორმაციის უწყვეტი გაცვლის პროცესი უმნიშვნელოვანესია.
ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ბიზნესის ინტეგრირების ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნესის ინტეგრირებაზე შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ: შიდა ინიციატივები, რომელიც თვითონ კომპანიის მიერ არის მიღებული; გარე წამახალისებელი ფაქტორები (კოდექსები, რეგულაციები და ა.შ.) და მთავრობის მიერ მიღებული საკანონმდებლო ნორმები.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები აჩვენებს, კომპანიებმა ბიზნესის ინტეგრირების საკითხებისათვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა 2008 წლის მსოფლიოს ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დაიწყეს. დღეისათვის ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სულ უფრო აქტიურდება. ამ პროცესში კი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზრდა სამეთვალყურეო საბჭოს როლი. ეს არის სწორედ კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების აღიარება და დამკვიდრება.